ავტორი:

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მეცნიერები კვლავ სწავლობენ COVID-19-ის ბუნებას და ვირუსის ბოლომდე შესაცნობად ჯერ კიდევ არაერთი კვლევაა ჩასატარებელი. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად მკვეთრად იმატებს.

სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების ნაწილს ვირუსის დამარცხების შემდეგ, პოსტ-კოვიდ სიმპტომები აქვთ და ისინი ძველ ცხოვრებას ვერ უბრუნდებიან.

ძირითადი პოსტ-კოვიდ სიმპტომები, რომლებსაც ვირუსგადატანილი ადამიანები აღწერენ:

  • ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება;
  • პულსის აჩქარება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • საერთო სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება

ვნახოთ, რას ჰყვებიან პაციენტები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს:

182 დღეა მას შემდეგ, რაც 27 წლის ბრიტანელი ფოტოგრაფი, ჩარლი რასელი კორონავირუსით დაინფიცირდა და ამბობს, რომ გამოჯანმთელების მიუხედავად, ის ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მისი ასაკის ადამიანები.

ის ვეღარ დარბის კვირაში სამჯერ 5 კმ-ს, როგორც ამას დაინფიცირებამდე აკეთებდა, არ დადის გასართობად, არ მუშაობს და ამბობს, რომ არ არის უკეთესად.

"როდესაც ადამიანები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე, ან არ იცავენ სოციალურ დისტაციას, ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ამბობს რასელი

“რომ მცოდნოდა ასე ცუდად ვიქნებოდი, ყოველივეს უფრო სერიოზულად მივუდგებოდი, მაგრამ მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ახალგაზრდა ხართ და დაინფიცირდებით, სავარაუდოდ, საერთოდ არ გექნებათ არანაირი სიმპტომი, ან ორი კვირით იქნებით ავად და მხოლოდ ეს იქნებოდა“, - ამბობს რასელი "გარდიანთან“.

გამოცემის ცნობით, ფოტოგრაფს აწუხებდა ტკივილები გულ-მკერდის არეში, მწვავე შაკიკი, ჰქონდა სუნთქვის პრობლემა, თავბრუსხვევა და დაღლილობა კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში და ამ სიმპტომების უმეტესობას ახლაც განიცდის.

ვირუსი მისი ორგანიზმიდან 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაქრა, თუმცა შემდეგ ჰქონდა გულ-მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება. "თითქოს ვიღაც მაწვებოდა“, - ამბობს რასელი.

საავადმყოფოს ექიმებმა უთხრეს, რომ ტესტის მიხედვით ვირუსი აღარ ჰქონდა და არავითარი პრობლემა აღარ არსებობდა და რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონდა იმ პაციენტთა უმრავლესობას, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.

როდესაც ადამიანები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე, ან არ იცავენ სოციალურ დისტაციას, ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მინდა შევაჯანჯღარო და ვუთხრა მათ - "უკვე ექვსი თვეა ამით ვცხოვრობ.“ ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა თვლის, რომ თუ რაიმე პირდაპირ არ მოქმედებს შენზე, ის საერთოდ არ არსებობს. ჩემი მეგობრები, რომლებიც კვლავ დადიან პაბებში, ყოველივეს სერიოზულად არ უყურებენ და მე ძალიან ვღელავ მათ გამო - ამბობს რასელი.

მისი თქმით, სწრაფად იღლება, კიბეებზე ასვლა უჭირს და ქრონიკულად აქვს დაღლილობის შეგრძნება.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ დატოვებულ გართულებებზე საუბრობენ ადამიანები CNN-თანაც.

ბრიტანელი ფსიქოლოგი ლუსი გაჰანი, რომელსაც COVID-19 5 თვის წინ ჰქონდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს ამ დრომდე არ დაბრუნებია. მისი თქმით, ზოგჯერ სუნთქვა უხშირდება, აქვს სუნთქვის უკმარისობა, უბუჟდება ხელები და ფეხები და მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი, გულისცემის სიხშირე მკვეთრად იზრდება. მსგავსი რამ შხაპის მიღების დროსაც კი ემართება.

"სანამ კორონავირუსით დავინფიცირდებოდი, რეგულარულად ვიყავი დაკავებული იოგათი, თუმცა ახლა ამას ვერ ვაკეთებ. მხოლოდ ოთახში სიარული შემიძლია და წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუ სარბენად წავალ, თუმცა ფსიქოლოგი ვარ და ეს არ მაშფოთებს“, - ამბობს ლუსი.

36 წლის ფიტნეს-კონსულტანტი ლას-ვეგასიდან, კორი კუპერსმიტი კიდევ ერთი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა. ის ვირუსით თებერვალში დაინფიცირდა, ვირუსი დაამარცხა, თუმცა მუშაობა ვეღარ შეძლო. ის მუდმივად განიცდის სუნთქვის უკმარისობასა და დაღლილობას.

ამის გამო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. ბოლოს იმუნოლოგთან ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ იმუნური უჯრედების ფუნქციონირების ხარისხი პათოლოგიურად დაბალი იყო.

როგორც "გარდიანი“ წერს, ადამიანის ჯანმრთელობაზე კორონავირუსის გრძელვადიანი ეფექტის შესასწავლად კვლევა ახლახანს დაიწყო, მაგრამ სამედიცინო ექსპერტი, ჩარლზ შეპარდი უკვე ამბობს, რომ მუშაობენ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი არღვევს ადამიანის იმუნურ სისტემას, სისტემას, რომელიც ადამიანს იცავს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების უმრავლესობას აქვს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება.

შეპარდის განმარტებით, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ იმუნური სისტემის დისფუნქცია იწვევს მიაგლიურ ენცეფალომიელიტს, ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და თუ დადასტურდება, რომ კორონა გადატანილ პაციენტებშიც დაღლილობის შეგრძნება ნამდვილად იმუნიტეტის დასუსტებას უკავშირდება, მედიკოსები პრობლემის გადაჭრის გზას მარტივად იპოვიან.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ოფიციალური ვერსიით, ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით, 29.4 მილიონს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და არგენტინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი