ავტორი:

რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს

რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამ განაპირობა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.

„აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება ინფლაციას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.

„საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიიდან გამომდინარე საბანკო სექტორის დახმარების კუთხით გადაიდგა.

„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მილიონი დოლარი. დღესაც 40 მილიონი დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის ეროვნული ბანკი. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და ამავე დროს იმ დახმარების საშუალებით, რეზერვების დაგროვების საშუალებით, წლის ბოლომდე ბაზრისთვის მიწოდებული თანხა 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის „რყევები ზომიერია" და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს.

მინისტრის თქმით, მთავრობის განცხადებები, რომ ბიზნესის მასშტაბური შეზღუდვა არ მოხდება, ბიზნესის ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს.

„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არაა მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, პროცენტულადაც რყევები დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შეიძლება გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია, ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია", - განაცხადა თურნავამ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას.

წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბაკი ჩაერთვება.

,,დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია მცირდებოდა, ჩვენ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?