ავტორი:

"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში

"საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი, დაგაჯარიმებთო" - მოდელისა და ინჟინერის სიყვარულის ამბავი და ექსპრომტად გაკეთებული ჯვრისწერა კარანტინში

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - მარია მამუჩაშვილი კარანტინის პერიოდში დაოჯახდა, ივლისში კი საყვარელ ადამიანზე ჯვარიც დაიწერა. უკვე პატარასაც ელოდებიან... მარიას მიაჩნია, რომ შვილის დაბადებამდე არავინ იცის, დედობა რას ნიშნავს და ადამიანები იტყუებიან, როცა მუცლად მყოფი შვილის შესახებ ამბობენ, - უკვე მიყვარსო...

- რაც გავთხოვდი, მას შემდეგ ბათუმში ვარ, რადგან თორნიკე ამჟამად აქ მუშაობს (ინჟინერია) და თავისთავად, მეც აქ გადმოსვლა მომიხდა... ჩემი ე.წ. გათხოვების მსგავსად, ჩვენი ჯვრისწერა ექსპრომტად მოხდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებდა, თუნდაც - რესტორნებში: სტუმრების განსაზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო, საქორწინო კაბა არ უნდა მცმოდა და ა.შ. ჯვრისწერა გულით გვინდოდა. გადავწყვიტეთ, ჯერ ჯვარი დაგვეწერა, მერე კი, როცა რეგულაციები აბსოლუტურად მოიხსნება, ისეთი ქორწილი გადავიხადოთ, როგორიც გვსურს.

- საქორწინო კაბის ჩაცმა რატომ არ შეიძლებოდა?

- შეგვეძლო, მაგიდასთან ექვს-ექვსი კაცი დაგესვა, მაგრამ საქორწინო კაბით რესტორანში არ უნდა შესულიყავი - უნდა გამოგეცვალა. რესტორნის წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი რეგულაცია არსებობდა. ქორწილის გადახდა ხომ არ შეიძლებოდა? ამიტომ, კაბით რომ დაგინახონ, დაგვაჯარიმებენო (იცინის). ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღვნიშნეთ - მხოლოდ მეჯვარეები და ოჯახის წევრები იყვნენ. კაბა თეო თავდგირიძემ შემიკერა. ნაზი, სადა, დახვეწილი კაბა მსურდა...

- საბოლოოდ გულდაწყვეტილი ხარ, არა?

- არა, პირიქით - აღფრთოვანებული ვარ, რომ იმ სიტუაციაში ეს მოვახერხეთ. ჯვარი 18 ივლისს დავიწერეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეზღუდვები მოიხსნა - უკვე შეგვეძლო, ქორწილი ჩვეულებრივად გადაგვეხადა...

- როგორ გრძნობ თავს მეუღლის ამპლუაში?

- განსხვავებული საერთოდ არაფერია. უბრალოდ, ის არის უკეთესი, რომ ახლა ერთმანეთს გაცილებით ხშირად ვხედავთ, ვიდრე მანამდე ვხედავდით, რადგან ბოლო 2 წელი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით... გათხოვების შემდეგ, გოგონები ახალ ცხოვრებას რომ იწყებენ, ასე ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი ძველებურადაა.

- საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებისას, მისი ხასიათის რა თვისება აღმოაჩინე?

- ის, რომ ნიღბის მატარებელი ადამიანი საერთოდ არ არის - ზუსტად ისეთია, როგორიც მანამდე იყო: გულთბილი, ყურადღებიანი... ამჟამად, ასეა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება (იღიმის).

- ყველაზე მეტად მასში რა თვისებები მოგწონს?

- სხვადასხვა სიტუაციაში რომ ვუსმენ, ხშირად დოსტოევსკის "იდიოტი" მახსენდება, რადგან მთავარ გმირს ხასიათით ძალიან ჰგავს: 21-ე საუკუნისთვის არარეალურად კეთილი, გულთბილი და ჰუმანურია. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელიც კია. ყველაზე მეტად ეს მომწონს. ალბათ, ამან გამაგიჟა, რომ ამ დროში, როცა წინსვლა გინდა, ადამიანურობას ინარჩუნებ. ეგ მაოცებს.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად შენი რომელი თვისება მოსწონს?

- ალბათ, მხიარულება და ბავშვურობა. სხვა განსაკუთრებული რა მაქვს, არ ვიცი. ისეთი კეთილი ვერ ვარ, როგორიც თავადაა.

- სიტყვა "ოჯახი" რას ნიშნავს?

- ჩემთვის "ოჯახს" ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, სიტყვებით რომ ვერ აღგიწერ, რადგან უმამოდ გავიზარდე... ოჯახი ყველაზე წმინდა რამაა. ვეცდებით, ჩვენც ასეთი ოჯახი შევქმნათ - ჯერ 5 თვეა გასული, რაც შევუღლდით, ყველაფერი წინ არის. დეკემბერში პატარას ველოდებით. შესაბამისად, ცხოვრების სტილი, რომელიც გართობას უკავშირდებოდა, შეიცვალა - ბავშვს ვუფრთხილდებით.

- ბავშვის "აღზრდა" მის დაბადებამდე ხომ არ დაიწყე?

- ჯერ ვერ აღვიქვამ, რომ შვილი უნდა მეყოლოს. კი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მესამე ადამიანი ჩნდება, მაგრამ ფანატიკოსი დედა ვერ ვარ. მუცელში ბავშვი რომ მოძრაობს და მისი გულისცემის ხმას იგებ, ეს ძლიერი ემოციის მომგვრელია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი დაბადების შემდეგ იწყება. მგონია, რომ იტყუებიან, როცა ბავშვის შესახებ მის დაბადებამდე ამბობენ, - ვგიჟდები, უკვე მიყვარსო (იცინის).

- როგორ ფიქრობ, დედობისთვის მზად ხარ?

- ჩემი აზრით, დედობისთვის მზად არავინ არის. ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები, ამას მერე ხვდები და აანალიზებ, თორემ მანამდე, დარწმუნებული ვარ, დედობა ვერავის წარმოუდგენია, როგორია. არა მგონია, ვინმემ შვილის დაბადებამდე იცოდეს, დედობა რეალურად რას ნიშნავს...წაიკითხეთ სრულად

3 ოქროს წინსაფარი და 12 რჩეული მონაწილე - 20 სექტემბრიდან "მასტერშეფის" მეოთხე სეზონი იწყება!

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ფეისბუქზე"

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან