ავტორი:

"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"

"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას პროკურატურა, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებს და მას სასამართლოში მოუწევს განმარტებების გაკეთება თუ რა მოხდა 16 სექტემბერს რაგბის კავშირში და რატომ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. ბესელია სამართალდამცავებმა 16 სექტემბრის საღამოს, მცხეთაში დააკავეს. ორი მუხლით წარდგება იგი სასამართლოს წინაშე. მას "შვიდკაცას" კაპიტნის, მორაგბის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარატიშვილს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

  • რა მოხდა რაგბის კავშირში?

დანაშაული 16 სექტემბერს, დღის პირველ საათზე, რაგბის კავშირის შენობაში, მესამე სართულზე მოხდა. სწორედ იქ დაჭრა მერაბ ბესელიამ რამაზ ხარაზიშვილი. როგორც ირკვევა, გასროლას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგ ბესელიამ პისტოლეტიდან, სავარაუდოდ, ორჯერ გაისროლა. საერთოდ რატომ დადიოდა ბესელია შეიარაღებული, ეს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ამ საქმის ირგვლივ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას ფეხზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ტყვია მორაგბის ფეხიდან ამოიღეს.

მთელი დღე კინოლოგები და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, ამის პარალელურად მიდიოდა ვაკის პოლიციის სამმართველოში რაგბის კავშირის ხელმძღვანელების და თანამშრომლების გამოკითხვა. რა ჩვენებები მისცეს მათ გამოძიებას და ამხილეს თუ არა ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დანაშაულში, ჯერჯერობით უცნობია. დაკითხვიდან გამოსული რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი ჟურნალისტებთან მხოლოდ იმას ამბობდა, რომ გასროლის მომენტში ის თავის ოთახში იყო და ფაქტის თვითმხილველი არ არსებობს. "რას უკავშირდებოდა კონფლიქტი, არ ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ არ შევსწრებივარ, არც ჩხუბის ხმა გამიგია მანამდე. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოხდა, ვეჭვობ, რომ ფინანსურ საკითხზე ჰქონოდათ საუბარი. ორივე აბსოლუტურად საღად მოაზროვნე ადამიანია და იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, რა გზით მივიდნენ აქამდე, მიჭირს ამაზე ლაპარაკი", - განაცხადა მამრიკიშვილმა.

საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, "რაგბის კავშირში საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა..."

16 სექტემბერს, დღის ბოლოს პრესკონფერენცია საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამართეს და ერთობლივი მიმართვაც გაავრცელეს. ამ მიმართვიდანაც ჩანს, რომ კავშირში სერიოზული პრობლემებია, რის გამოც დაპირისპირებები ადრეც მიდიოდა. იმასაც ამბობენ, გასროლას წინ უსწრებდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.

ისინი გავრცელებულ მიმართვაში ამბობენ, რომ "რაგბის კავშირში "კლანის" მოშორების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს". საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სანდრო საკანდელიძე აცხადებს, რომ "კლანთან" ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს.

სანდრო საკანდელიძე

"ჩვენ წარმოვადგენთ რაგბის კავშირთან არსებულ საბჭოს, რომლის წევრიც არის რამაზ ხარაზიშვილი. სამარცხვინოა ის ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს შვიდკაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი, რამაზ ხარაზიშვილი. იგი არის რაგბის კავშირის აქტიური წევრი, რომელიც არჩეული იყო 32 სარაგბო კლუბიდან 31 კლუბის მიერ, კლუბი "ლელოს" გამოკლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მორაგბეს სახელით გვინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. მანამდე გვაქვს ერთი საქმე გასაკეთებელი, რაგბის თემიდან კლანის მოშორება. რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და მარწუხებს ყოველ წელს უფრო უჭერს რაგბის თემს. გვინდა, დავაფიქსიროთ, რომ ამ კლანთან ბრძოლა უკვე ხუთი წელია, რაც მიმდინარეობს, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა. თითოეული მორაგბე ვუფრთხილდებოდით რაგბის დადებით იმიჯს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კი გვაიძულა, 2020 წლიდან რაგბის პრობლემები საჯაროდ გამოგვეტანა. ივნისში, რა დროსაც რაგბის კავშირი პარალიზებული იყო და აღარ ფუნქციონირებდა სარაგბო კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის წევრიც არის რამაზი. კლანი აღნიშნული საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობებს, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების მიღწევა, რის შედეგადაც სახელმწიფომ ქართულ რაგბს უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა. გაზარდა კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატების ორგანიზება და დღეს, უკვე დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში, განახორციელა რაგბისთვის არაერთი სასარგებლო ინიციატივა, რომლის დაგვირგვინებაც იყო რაგბის რვა ერში მონაწილეობა. ამის პასუხად, კლანმა დაარღვია თავისი შეპირება და გამგეობას საბჭოს შექმნაში ბოიკოტი გამოუცხადა. დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა კლანი ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს. ამიტომ რაგბის გამგეობის გადადგომას მოვითხოვთ", - განაცხადა საკანდელიძემ.

როგორც ჩანს, დაპირისპირება ფულს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. რამდენად დაკმაყოფილდება საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნა და მოხდება თუ არა გამგეობის წევრების თანამდებობიდან გადადგომა, ესეც ალბათ მოგვიანებით გაირკვევა.

საკანდელიძე იმასაც ამბობს, რომ საქმეში პროკურატურა ისედაც ჩართული იყო და ფინანსური საკითხებს ძალოვნები სწავლობენ.

"3 კვირაა, რაც პროკურატურა შემოსულია რაგბის კავშირში და ფინანსურ საკითხებს იკვლევენ. ფინანსურ კრიზისშია რაგბის კავშირი შეყვანილი. ჩვენთვის მიუღებელია ის მმართველობა, რომელიც ბოლო 8 წელია აქ არის. ისეთ მიმართულებებზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა. კონტროლის პალატის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მილიონ 700 000-იანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800000 დოლარად გადააკეთეს", - განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ საკანდელიძემ. საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავით ცხვედიანიც ადასტურებს, რომ დაპირისპირება, სავარაუდოდ, ამ ფინანსების გამჭირვალობის საკითხის გამო მოხდა.

"აქ არის მთელ რიგ პრობლემებზე ლაპარაკი. 6 - მილიონიანი ვალი ჰქონდა ფედერაციას სახელმწიფოსი და ამ კრიზისზე იყო საუბარი", - ამბობს ცხვედიანი. თავად რაგბის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები ჯერჯერობით ამ ბრალდებებზე არაფერს ამბობენ და არც მომხდარი ფაქტის ირგვლივ აკეთებენ განმარტებებს. თუმცა ალბათ გამოძიებასთან მოუწევთ მათ ამ დეტალებზე საუბარი. გამოძიებით ალბათ გაირკვევა რა ხდება რაგბის კავშირში.

რაც შეეხება თავად მერაბ ბესელიას, ის აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ნანობს თუ არა მომხდარს და რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ეს ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გამოჩნდება მისი პოზიცია. არსებული ინფორმაციით, დღეს დაკითხავენ დაზარალებულ ხარაზიშვილსაც. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - ადვოკატი

"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს