ავტორი:

"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

"რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?" - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ აღძრული საქმე.

როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, ფონდ "იავნანას" მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ქველმოქმედების იდეას ჩრდილი მიადგა.

"გუშინ, 20 სექტემბერს გავიდა ზუსტად 3 წელი, რაც საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ. მოგმართავთ შეკითხვით, რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?

შეგახსენებთ, რომ თქვენი უწყების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში (#13/69583) აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამი წლის მანძილზე ფონდ "იავნანას" საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არ არის ცნობილი რომელიმე კონკრეტული პირი.

საქართველოში ალბათ, არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ ხვდება, რომ პირად მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული ეს ბოროტმოქმედება მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რაშიც იარაღად გამოიყენეს საქველმოქმედო ფონდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი "იავნანა" მხოლოდ ჩემს მიერ არ ყოფილა შექმნილი, მის შენებაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო და ქართველმა არტისტებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმენებმა, საქართველოს მოქალაქეებმა. დღეს ყველა მათგანი თქვენგან ელოდება იმავე პასუხს - თუკი სამი წლის მანძილზე ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეთ ფონდის საქმიანობაში, რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას სიმართლეს და რატომ არ ხურავთ ამ მავნებლურ საქმეს? თან მაშინ, როდესაც ხედავთ რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

ბოლო პერიოდში ჩემი უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების თანადგომით არაერთი შემოთავაზება მივიღე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელების თაობაზე, მაგრამ ყველა ჯერზე წავაწყდი ერთიდაიგივე წინააღმდეგობას: საერთაშორისო ორგანიზაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამარათლის საქმე. მითხარით, ვინ პოულობს სარგებელს ამ ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმეში?

ფონდ "იავნანას" მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ჩრდილი მიადგა მთლიანად ქველმოქმედების იდეას, აღარავის აქვს სურვილი განახორციელოს მასშტაბური კულტურული და სოციალური აქციები. ზიანი მიადგა ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო მნიშველობის არტისტები, რომლებიც მანამდე სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად დღეს თავს იკავებენ და ელოდებიან როდის გაირკვევა სიმართლე. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დახმარებას ვეღარ იღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და ფონდის სხვა ბენეფიციარები, რომლებიც მოგვმართავენ თანადგომის იმედით.

ბატონო ირაკლი, თქვენ ალბათ, ჩემზე უკეთ იცით უკვე, რომ რამდენი წელიც არ უნდა ეძებოთ, ფონდ "იავნანაში"ადამიანებისთვის გაკეთებული დიდი სიკეთის მეტს ვერაფერს იპოვით. სამწუხაროა, რომ 2017 წელს სწორედ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში აღიძრა "თეთრი ძაფით" შეკერილი საქმე, რასაც საფუძვლად დაედო ბატონ ივანიშვილთან დაახლოებული, ძალზედ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების ნაცვლიშვილ-რამიშვილისა და მათი დაჯგუფების მიერ მომზადებული, სიძულვილის ენით გაჯერებული ფეიკ-ფილმები. ნიშანდობლივია, რომ ნაცვლიშვილი პარტია "ქართული ოცნების" პიარ კონსულტანტი გახლავთ, იგი თავადაც ჩნდებოდა ეკრანზე და ხან ირიბად მოუწოდებდა საზოგადოებას ჩემი ჩამოხრჩობისკენ და ხანაც ფაშიზმის მიმდევრებს ადარებდა ფონდ "იავნანას" მხარდამჭერებს. სიცრუით გაჯერებულ ფილმებში მოყვანილი ვითომდა "ფაქტებიდან" ვერც ერთი ვერ დაადასტურა სამწლიანმა გამოძიებამ, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს პროკურატურას გამოეძიებინა და დაესაჯა ამ მავნე კამპანიის დამკვეთი და დამფინანსებელი.

ამ სამი წლის მანძილზე არაერთი ხელმძღვანელი გამოიცვალა საქართველოს პროკურატურამ და კვლავ თქვენ დაბრუნდით, იქნებ თქვენვე გქონდეთ სურვილი ჩამოირეცხოთ ეს დამაზიანებელი ლაქა. ნუ დაელოდებით არჩევნების შედეგებს, თქვენ ხომ გაქვთ ფონდის საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტი და ზედმიწევნით გაეცანით სიმართლეს.

მოგმართავთ თხოვნით, დახუროთ ეს სამარცხვინო საქმე და საკუთარ თავს და თქვენი უწყების თანამშრომლებს ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც მისცეთ სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის გაგრძელების შანსი.

შენიშვნა: წერილის ასლი გაეგზავნა საქართველოში აკრდიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს", - აცხადებს ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, საქართველოს სახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე.