ავტორი:

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე

პაროდისტი, არტისტი, ვოკალისტი, პიანისტი, მოცეკვავე, ბენდის ხელმძღვანელი - ეს ყველაფერი ერთ ადამიანშია თავმოყრილი და ეს ქალბატონი თამუნა ლეკვეიშვილია. როგორ უთავსებს ამდენ რამეს ერთმანეთს? უკვე შეეჩვია და ერთიდან მეორეზე გადართვა მისთვის რთული აღარ არის, წლებია, ეს მისი ცხოვრების წესია. „ასე ჩამოვყალიბდი და საქმიანობიდან გამომდინარე, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება“, - გვეუბნება თამუნა, ხოლო იმაზე, თუ რომელი საქმეა უფრო მისი, ამბობს, რომ ის, რაც მუსიკასთანაა კავშირში.

- ბენდის მკაცრი ხემძღვანელი ხარ?

- არანაირად - ბიჭებს ვემეგობრები და შეთანხმებულად ვმუშაობთ...

- უფრო პიანისტი ხარ თუ ვოკალისტი?

- საფორტეპიანო კი მაქვს 10-წლედი დამთავრებული, მაგრამ პიანისტი არც არასდროს ვყოფილვარ, კონსერვატორიაში საკომპოზიციოზე ვსწავლობიდი, ბიძინა კვერნაძის სტუდენტი ვიყავი. ასე რომ, მუსიკის შექმნის პროცესი უფრო „ჩემია“... მუსიკით იმ მომენტის ჩემს განწყობას გადმოვცემ, რასაც განვიცდი. ძირითადად, სევდიანი მუსიკა გამომდის, ეტყობა, არის ჩემში რაღაც რომანტიკულ-მელანქოლიური.

- არადა, თითქოს არ ტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას.

- სამსახური მაქვს ასეთი და თან, როლებიდან გამომდინარე, ყველას ჰგონია, რომ ვარ ძალიან მხიარული. არა, ზოგადად მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ როიალთან მარტო როცა ვრჩები, მელანქოლიური ვხდები...

- პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე გააკეთე და კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით დაიწყე სწავლა, სწორი გადაწყვეილება იყო? თუ ასეა, მხოლოდ მაგ მიმართულებით რატომ არ წახვედი და მუსიკას იუმორის სფეროში საქმიანობა რატომ შეუთავსე?

- ახლა რომ ვაბარებდე, ვოკალურ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. არადა, მამა მეუბნებოდა, - ვოკალურზე ჩამებარებინა. არ დავუჯერე. ვფიქრობ, ამ პროფესიას მეტი გასაქანი აქვს და ალბათ ბევრად წარმატებული ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ და არა მხოლოდ საქართველოში. ასე რომ, ოპერამ ჩემი სახით ქართველი მეცოსოპრანო დაკარგა.

- როგორც კომპოზიტორი, მუსიკის წერას თუ ახერხებ?

- 5-6 წლიდან ვქმნიდი მუსიკას და კომპოზიტორობა ამიტომ მინდოდა. საკმარისად მაქვს უკვე, რომელსაც ჯერ მხოლოდ ჩემთვის ვწერ.

- შენი პედაგოგი, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ყოფილა, რომელიც ასევე დიდი იუმორის პატრონიც იყო... როგორ გაიხსენებდი მას.

- ბატონი ბიძინა მართლა საოცარი კომპოზიტორია. ასევე კარგი იუმორის მქონე იყო. სიტუაციური იუმორი ჰქონდა, ლექციის პროცესში ყოველთვის ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ მისი ლექციიდან სულ გაღიმებული გამოვდიოდი. ერთხელ აუდიტორიაში ვიღაცამ შემოიხედა, მე და ბიძინა ვიყავით და ვმუშაობდით. იმ ადამიანმა ქალბატონი ნუგეშა (მისი მეუღლე, ასევე კარგი მუსიკოსი) იკითხა - სად არის? ბატონმა ბიძინამ - ერთი ოქტავით ქვევითო, ანუ ქვედა სართულს გულისხმობდა... ასეთი ეპიზოდი ბევრი იყო... მასთან მუშაობისას სრული თავისუფლება მქონდა, ამბობდა, რომ შენს ნაწარმოებში რომ ჩავერიო, ის უკვე ბიძინა იქნება და არა თამუნა. ამიტომ, ფორმაზე უფრო გვქონდა საუბარი, ანუ როგორ შეიძლებოდა ახალგაზრდა კომპოზიტორი რომ განვითარებულიყო... მსუბუქ ბიძგს გაძლევდა, კონკრეტულად არ მიმითითებდა ფორმისთვის როგორი მიმართულება შეიძლებოდა, მიმეცა. კიდევ, საერთოდ არ იყო მკაცრი.

- მოკლედ, ჩემი სახით ქართულმა ოპერამ მეცოსოპრანო დაკარგაო... თუმცა იუმორისტულმა შოუებმა შეიძინა თამუნა ლეკვეიშვილი... პაროდიას რა ემოცია მოაქვს. საკმაოდ ბევრი პერსონაჟი დაგიგროვდა, რომელსაც ბაძავ?

- პირველი პაროდია, რომ გავაკეთე, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. მას მერე, რადგან ამდენი პაროდიის გაკეთება მომიწია (ასე მოხდა), კარგი გამოხმაურებები მოჰყვა და მივხდი, რომ გამომივიდა. ეტყობა, მუსიკალური სმენა მეხმარება, რომ ამა თუ იმ ადამიანის ინტონაცია დავიჭირო. გადაცემისთვის ვის პაროდიასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ წინა დღეს მის სატელევიზიო გამოსვლებს ვუყურო, მიუხედავად იმისა, როს უკვე ათვისებული მაქვს კარგად. ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის სცენა მაქვს სათამაშო, აუცილებლად ვუყურებ წინა დღეს. ეს კიდევ ერთხელ მეხმარება, როლის უკეთ გათავისებაში. თუ არ გაითავისე, მაყურებლამდე ვერ მიიტან. ამასთან, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ის პერსონაჟიც. სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! ვიმეორებ, ბოლომდე თუ არ შეხვედი როლში, კარგად არ მოირგე, არ გამოგივა. მოკლედ, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ეს უნარი მქონია.

- რა როლი დაიკავა სალომე ზურაბიშვილის იმიტაციამ შენს შემოქმედებაში?

- საკმაოდ დიდი, ხშირად მიწევს გაკეთება და კარგი გამოხმაურება აქვს. თვითონ რას ფიქრობს, უყურებს თუ არა, მოსწონს თუ არა, - ეს არ ვიცი. მაყურებელს მოსწონს, - ამის შესახებ კომენტარებში წერენ და ამას ინტერნეტსივრცეში ვიდეოს ნახვები, ზოგადად რეიტინგიც ადასტურებს. მოკლედ, ეს პერსონაჟი და პაროდია წარმატებულია!

- შენ მიერ გასახიერებულ როლებს შორის ბევრი ქალბატონია, ზოგი ცნობლი, ზოგი - უცნობი - სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი. თითოეული გიყვარს?

- რა თქმა უნდა, ყოველი პერსონაჟი საინტერესოა. შემოქმედებაში მრავალფეროვნება აუცილებელია...

- ამ ყველაფრის ფონზე გარეგნულად მშვენივრად გამოიყურები. გაგვიმხილე შენი ფორმაში ყოფნის საიდუმლოც...

- რაც ბავშვები გავაჩინე, მას მერე დიეტაზე ვარ. ოღონდ, ვარღვევ ხოლმე (ორშაბათს ვიწყებ შაბათ-კვირას ვარღვევ), ასე ვწვალობთ მე და ჩემი სასწორი. ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა, არ ვგავარ იმ ადამიანებს, შიმშილი რომ შეაწუხებთ და მაშინ ჭამენ. მომზადებაც მიყვარს, ჩემი ჰობი არ არის ეს, მაგრამ სახლის საქმეებიდან სამზარეულოში საქმიანობა მეტად მსიამოვნებს. როგორც მეუბნებიან, ძალიან გემრიელად ვამზადებ. რაც შეხება, ვარჯიშს და სხვა რაიმეს, ფორმაში ყოფნისთვის საჭირო პროცედურებს არაფერს ვიყენებ. პანდემიამდე კი ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე ამ სიტუაციამ ხელი შემიშალა და გავჩერდი.

- სამი შვილის დედა ხარ. რა დროს უთმობ მათ?

- ნინი 10 წლის არის, ნიკოლოზი 8 წლის და ელენე 6-ის. ბავშვებს დიდ დროს ვერ ვუთმობ, რადგანაც მუდმივად სამსახურში ვარ - ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ასეა. თან, ისეთი რეალობაა, ვერაფერს ვცვლი, ბავშვებთან მხოლოდ შაბათ-კვირას მიწევს ყოფნა. როცა სახლში არ ვარ, დამხმარე ქალბატონი მეხმარება - საოჯახო საქმეებს ის უძღვება. ბავშვებს ახლა ონლაინსწავლა უწევთ და ის მშობლები მეტად გამიგებენ, სადაც ერთზე მეტი მოსწავლე ჰყავთ. სამი პატარისთვის ონლაინსწავლება ნიშნავს სამი სამეცადინო კუთხის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვას, მათ იზოლირებას. ეს ძალიან რთული რამ არის. თან, ელენე პირველ კლასში წავიდა წელს. 1-ელ სექტემბერს კი დაიწყო მათთან სწავლა და ორი კვირა კი მოასწრო მასწავლებლების და ამხანაგების გაცნობა, მაგრამ ახლა ნორმალურად ვერც ახერხებს ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას. მოკლედ, დიდი ამბავია ოჯახში. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან ბავშვები სკოლაში, რომ დაისვენონ მათაც და მშობლებმაც.

- შენი მეუღლეც მუსიკოსია. მხარში გიდგას შენს საქმიანობაში?

- კი, გიგი მუსიკოსია. ნიჭიერი ალტისტია, არაჩვეულებრივად უკრავს და მასზე არ მერიდება ასე რომ ვამბობ. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით. გიგი სიმღერებსაც წერს, ერთობლივი სიმღერებიც გვაქვს. მოვა დრო და ალბათ ჩავწერთ რამეს, რომ ხალხს მოვასმენინოთ. ამისთვის ახლა ნაკლები დრო მაქვს, რადგან ზერელედ და მარტივად გასაკეთებელი საქმე არ არის - დრო და ენერგია სჭირდება. მოკლედ, ეს საქმე ჯერჯერობით სამომავლოდ გვაქვს შემონახული.

- ჩვენს მკითხველს და მაყურებელს რას ეტყვი?

- ზოგჯერ არის ხოლმე დაუმსახურებელი კრიტიკა, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის პაროდიის გამო, უფრო პოლიტიკურ ჭრილში მიჰყავთ. ვამბობ, რომ ნუ უყურებენ ასე, იმიტომ, რომ ამ როლის და გადაცემების უკან უზარმაზარი შრომა დევს. ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელმა ერთი საათით უფრო კარგად იგრძნოს თავი ტელევიზორთან. ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებენ...

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)