ავტორი:

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?

მოსკოვის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი სწრაფი კონკურსი, რომელიც რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა გამოაცხადა და ერთ დღეში დასრულდა: 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია "სრულიად რუსეთის სახალხო კონკურსის" თაობაზე, რომელიც წითელ მოედანზე, კრემლთან მდებარე ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის ახლებურად გამოყენებას ეხებოდა. რუსეთის საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა კონკურსში მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ნეშტის გატანა და თვითონ მავზოლეუმის გაუქმების მცდელობა დაინახა. მასმედიაში არქიტექტორთა კავშირის მიმართ იმდენად ნეგატიური მასალები დაგროვდა, რომ ინიციატორები იძულებულები გახდნენ ნაჩქარევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. სხვათა შორის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ობიექტის - ლენინის მავზოლეუმის შესახებ, კონკურსის ჩატარების გეგმებზე ინფორმაცია რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლღა ლუბიმოვამაც ტელევიზიიდან გაიგო.

მოკლედ რომ ვთქვათ, შემოქმედებითი ღონისძიება საჯარო სკანდალში გადაიზარდა. თავისი აზრი გამოთქვეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა - მწერლებმა, ჟურნალისტებმა... ჩატარდა გამოკითხვები მოსახლეობაში - რუსეთის მოქალაქეთა 40% თანახმაა, რომ ლენინი მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე პატივის მიგებით დაკრძალონ, 22% კი წინააღმდეგია. საერთოდ, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის არსებობა მოსკოვის ცენტრში, უკვე 30 წელზე მეტია რუსულ საზოგადოებაში დავას იწვევს.

ცოტა რამ ახლო წარსულიდან: "დასაფლავება" ადამიანურად

მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ნეშტის მიწისათვის მიბარების იდეა პირველად 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გაჟღერდა იური კარიაკინის მიერ, რომლის თქმით, ვლადიმერ ლენინს თურმე ბოლო ანდერძად დედის გვერდით დასაფლავება სურდაო, მაგრამ ბელადის ძმისშვილმა (უმცროსი ძმის - დიმიტრი ულიანოვის შვილმა), ღრმად მოხუცებულმა ოლღა ულიანოვამ მსგავსი დანაბარების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ არანაირი დოკუმენტი არქივში არ არსებობს. 1991 წელს, მიხეილ გორბაჩოვის თანხმობით, იგივე წინადადებით გამოვიდა დეპუტატი ანატოლი სობჩაკი, მაგრამ ინიციატივა უშედეგო აღმოჩნდა. 1997 წელს პრეზიდენტი ბორის ელცინიც არ იყო წინააღმდეგი ვლადიმერ ლენინის გვამის გადატანა-დამარხვისა, მაგრამ მის განზრახვასაც განხორციელება არ ეწერა. 2010 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვალდაის კლუბის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ ლენინის დასაფლავების საკითხს რუსი ხალხი თავის დროზე გადაწყვეტს - "ისტორია ისეთი რაღაცაა, რომელიც აჩქარებას ვერ იტანს".

კრემატორიუმის ალტერნატივა: მავზოლეუმში სტალინთან ერთად?

ბოლო დღეების მოვლენების ფონზე კი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სათათბიროს წევრმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა: "ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ" მართალია, მან ორიოდე დღის შემდეგ აზრი შეიცვალა, თუმცა ამაზე ქვემოთ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკას) თავმჯდომარის გენადი ზიუგანოვის თქმით, "ის, რაც ლენინთან და მავზოლეუმთან არის დაკავშირებული, საბჭოთა ეპოქასთან განუყოფელია. ლენინი იმ დროისთვის არსებული ყველა ტრადიციით დაიკრძალა, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციითაც. ასე რომ, ვლადიმერ ილიჩის ცხედრის მავზოლეუმიდან გატანის მოწოდება პროვოკაციულია".

ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მაქსიმ შევჩენკოს აზრით, "მავზოლეუმთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას და "ცეკვა-თამაშს" პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. მალე სათათბიროს არჩევნები მოდის და ეს თემა უფრო მეტად კომუნისტებს აწყობთ - შეიძლება მისი ექსპლუატაციით ხმების დამატებითი რაოდენობა მიიღონ. საერთოდ კი ვთვლი, რომ ამ თემის სერიოზულად განხილვა არ ღირს: ისედაც გასაგებია, რომ მავზოლეუმს ხელს არავინ ახლებს". მწერალ ალექსანდრე პროხანოვის თქმით, "მე რუსეთის მთავრობას და საზოგადოებას მავზოლეუმიდან ლენინის გამოტანას კი არ შევთავაზებდი, არამედ იქ იოსებ სტალინის ნეშტის შეტანას".

თვითონ არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი ნიკოლაი შუმაკოვი კი ამბობს: "ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ლენინს 100 ან 150 წლის შემდეგ მაინც გამოიტანენ. რაღაც გონივრული, ცივილიზებული გადაწყვეტილება მანამდე უნდა მივიღოთ, სანამ მავზოლეუმის დანგრევის საფრთხე არ შეიქმნება".

დეივიდ დათუნა: "ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად"

რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მოღვაწე მხატვარმა დეივიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს. დეივიდ დათუნას მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცხედრიდან არტ-ობიექტის შექმნა აქვს განზრახული, მის საყიდლად 50 მილიონი უკვე შეგროვებული აქვს. ასევე მზადაა, თუ საჭირო გახდება, მილიარდი დოლარი დახარჯოს. ცნობისათვის: დეივიდ დათუნა წარმოშობით ქართველია, თბილისელი, 1974 წელს დაბადებული. დათუნა 1999 წლიდან აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია "მილიონების ხედვის" სერიები (Viewpoints of Millions), რომლებიც სხვადასხვა უნიკალური ხედვიდან იკვლევენ კულტურული იდენტობის წყაროებსა და მნიშვნელობებს. გაგრძელება

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები

როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი