ავტორი:

"ინფიცირებული ექიმებიც კი ქართულ მხარეს მიდიან" - აფხაზები შიშობენ, რომ ქართველებსაც შეიძლება ამოეწუროთ რესურსი და მათ კოვიდპაციენტებს ვეღარ დაეხმარონ

"ინფიცირებული ექიმებიც კი ქართულ მხარეს მიდიან" - აფხაზები შიშობენ, რომ ქართველებსაც შეიძლება ამოეწუროთ რესურსი და მათ კოვიდპაციენტებს ვეღარ დაეხმარონ

22 სექტემბერს აფხაზეთში 918 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, სოხუმის 1-ლ, ბაგრატ შინკუბას სახელობის სკოლაში კარანტინი გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, დაწყებითი კლასების გარდა, თითქმის ყველა კლასში არიან კოვიდსიმპტომების მქონე ბავშვები. ათამდე მასწავლებელი კი, კარანტინშია გადაყვანილი.

ამ სკოლის 60 წლის მასწავლებელი, რომელიც კოვიდ-19-ის არსებობას არ აღიარებდა, ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან, 20 სექტემბერს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე, ლუდმილა ანუამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც კოვიდ-19-ის მსოფლიო აფიორის შესახებ საუბრობდა და მშობლებს მოუწოდებდა, ბავშვები სკოლაში ჩვეულ რეჟიმში ეტარებინათ.... შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით, ქუთაისში გადმოიყვანეს. იმავე დღეს, სკოლაში, სადაც ანუა ასწავლიდა 50-ზე მეტ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რეგიონში ვითარება უკონტროლოა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობამ მაინც ვერ გაითავისა პირბადის ტარების, ხელების დეზინფექციისა და დისტანციის დაცვის კულტურა... მათივე ცნობით, - ქალაქის ქუჩები სავსეა ყავის სმისა და ჭორაობის მოყვარული ადგილობრივებით; იგივე სურათია სოფლებში, სადაც "ბირჟები", ისევ გადავსებულია, ვითომ "თვითიზოლაციაში მყოფი" ადამიანებით.

თუმცა აფხაზი მასწავლებლის გულგრილ დამოკიდებულებას ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოჰყვა - ნაწილის თქმით, ჯერ თავად პედაგოგებს უნდა აუმაღლდეთ ცნობიერება, რათა მოზარდებისთვის საფრთხის შემცველი არ გახდნენ... ისინი შინკუბას სახელობის სკოლის დირექტორის, ნონა დელბას მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, რადგან "სკოლაში ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო და უამრავ ბავშვს, მათ და-ძმას და ოჯახის სხვა წევრებს საფრთხე შეუქმნა..." დელბა კი, თავს იმართლებს, რომ მისთვის ანუას განწყობები ცნობილი არ ყოფილა და ეგონა, რომ უსაფრთხოების წესებს იცავდა.

ამ ფონზე არიან ისეთი მშობლებიც, ვინც ვირუსის არსებობას ჯიუტად არ აღიარებენ და ამ ყველაფერში კვლავ დასავლეთს ადანაშაულებენ... ამჯერად აფხაზები სრულად ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მძიმე პაციენტები, რეგიონში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხან თავისი, ხან მათი ოჯახის ინიციატივით სამკურნალოდ ქართულ მხარეს გადმოჰყავთ, თუმცა, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც ამის გამო ადამიანებს აკრიტიკებდნენ და ეკითხებოდნენ, - რატომ არ მიდიხართ რუსეთშიო, ახლა ეს კითხვები არ ჩნდება. ერთადერთი, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, ქართულ მხარესაც ამოიწუროს რესურსი და ერთ დღესაც დაინფიცირებულებისთვის ადგილი არ აღმოჩნდეს.

ოფიციალური ცნობით, აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში კიდევ სამი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

აფხაზეთში ვირუსის გავრცელება სულ უფრო მზარდია, რასაც მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკიც ადასტურებს. მისივე თქმით, ხალხს ამ მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ვირუსის არ სჯერა და რეგულაციების გამკაცრების წინააღმდეგია. "ასეთი დამოკიდებულების წინაშე, ჩვენ უძლურები ვართ", - აცხადებს ის.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან, რაც აფხაზების ზოგად განწყობებს მეტ-ნაკლებად ასახავს:

"გახსენით სკოლები და შეეშვით სისულელეებს... ან თუ მაინცდამაინც, გაამკაცრეთ რეგულაციები და ქაღალდზე არა, მისი შესრულება აიძულეთ ადამიანებს. სკოლების დაკეტვა არ არის გამოსავალი, მოიფიქრეთ რამე, თუნდაც მეორე ცვლა. ოჯახში ერთი ვარ, სამი შვილი მყავს და თან უნდა ვიმუშაო, მითხარით, სად უნდა წავიყვანო ბავშვები... აღმოჩნდა, რომ დისტანციური სწავლებისთვის მზად არ ვართ, სამი კომპიუტერი და ძლიერი ინტერნეტი არ მაქვს, რომ შვილები ერთდროულად დაესწრონ ონლაინგაკვეთილებს. გარშემო ბევრია ჩემს დღეში. არადა, მინდა, ჩემმა შვილებმა წერა-კითხვა მაინც იცოდნენ... განათლების სამინისტრომ მოითხოვოს მთავრობისგან ელექტრონული ტექნიკის საკითხის მოგვარება", - წერს ილონა ანქვაბი.

"მგონია, ხალხი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ამ რისკებს, ამიტომ, მე გეტყვით რა ხდება საქართველოში, სადაც ჩემი ახლობელი გადაიყვანეს - იქ, სადაც ის წევს, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი, მაგრამ არიან პაციენტები, რომელთაც ინჰალაციის აპარატის გარეშე სუნთქვა უჭირთ. ჩვენთან კი, აბა, თუ იცით რამდენი ინჰალაციის აპარატი გვაქვს? - ძალიან ცოტა. გუდაუთის ლაბორატორია ვერ აუდის ტესტების შემოწმებას. გავიგოთ როგორმე, რომ ვირუსი არსებობს, ისევე, როგორც არსებობდა შავი ჭირი, "ისპანკა" და სხვა დაავადებები სხვადასხვა დროს...

ისიც გავიგოთ, რომ ყველას საქართველოში ვერ გადაიყვანენ, ჩვენი ახლობლების უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავითვალისწინოთ, უფროს თაობას არაერთი თანმხლები დაავადება აქვს - C ჰეპატიტი, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და სასუნთქი გზების პრობლემები. ჩვენ ხომ ჯანმრთელობის მისახედად არ გვეცალა და არც გვქონია არასდროს ამის რესურსი. იქნებ ამიტომაც არიან აფხაზეთიდან გადაყვანილი ადამიანები უმძიმეს ვითარებაში?!.. ამას ემატება ვირუსის დაგვიანებული გამოვლენა, რადგან ჩვენი სამედიცინო სისტემა სუსტია, ამასობაში კი, ის სუსტ ადგილებზე აისახება და ვიდრე საქართველოში გადაიყვანენ, ადამიანს ანადგურებს. ჩვენი ოჯახის უფროსი წევრების სიცოცხლეს მაინც გავუფრთხილდეთ..." - წერს მადინა სალია სოციალურ ქსელში.

"საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აღარ ჰყოფნით რესურსი, მაგალითად, ბათუმში, გადავსებულია საავადმყოფოები... შესაბამისად, ერთ დღეს, შესაძლოა, იქ ჩვენი ადგილები არ აღმოჩნდეს... აქ კი, რაც ხდება კარგად იცით, გუდაუთის საავადმყოფო ვეღარ უძლებს. ჩვენი დაინფიცირებული ექიმებიც კი საქართველოში მიდიან, რადგან იციან, იქ გადარჩენის შანსი მეტია... მიმოიხედეთ, რამდენი თანმხლები დაავადების მქონე ადამიანი გყავთ გარშემო, ყველა მათგანი რისკჯგუფშია. საქართველოს საავადმყოფოებში იხრჩობა ხალხი, თავისუფლად სუნთქვისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან, იქაც ძალიან გავრცელებულია... სკორიკი ისე გვეჩხუბება, აშკარად თავს იზღვევს, - გაფრთხილებდით და არ დამიჯერეთო, რადგან იცის, სიტუაცია უკვე უკონტროლოა..."

ლალი პაპასკირი

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ Fortuner-ის უახლეს მოდელზე უპრეცედენტო ფასდაკლებას აცხადებს

"1044 თბილისში, 526 იმერეთში..." - ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევაა