ავტორი:

"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"

"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"

რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გენიალური "ცისფერი მთების" გადაღება გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა და მაყურებლის აღფრთოვანება მაშინვე გამოიწვია. ის ალეგორიული კომედიაა, რომელიც ნიღაბს ხსნის საბჭოთა ბიუროკრატიას და უპასუხისმგებლობას... პროექტის ავტორების - სცენარისტის, რეჟისორის დამსახურებაა, რომ მაყურებელმა დღესაც ზეპირად იცის ყველა ფრაზა და სცენა, რაც კი "ცისფერ მთებში" უნახავს და მოუსმენია.

დაუვიწყარია მსახიობის მიერ შესრულებული როლები და გამორჩეულად, სესილია თაყაიშვილის როლი, მისი ყველა ეპიზოდი... აღსანიშნავია, რომ მსახიობს სწორედ ამ სურათის გადაღებისას დაემართა გულის ინფარქტი და იმ სცენის გადაღებისას, როდესაც ამბობს - "ა, კიდე შემაქანა". რეჟისორ ელდარ შენგელაიას ის მაშინვე მაშინდელ "ლეჩკომბინატში“ გადაუყვანია.

იქ კი ახალგაზრდა ექიმი, კარდიოლოგი ანზორ მელია დახვდათ. ბატონი ანზორი სესილია თაყაიშვილს 21 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გვერდიდან არ სცილდებოდა.

პროფესორი ანზორ მელია AMBEBI.GE-სთან იმ დღეებს ახლა ასე იხსენებს:

"სასწული იყო ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. კარგია, რომ მის გასახსენებლად საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა... იმ დროისთვის ახალგაზრდა ექიმი გახლდით. ერთ დღესაც ყვირილი მესმის - "მიშველეთ, მიშველეთ, ვკვდები, ვკვდები". გავიხედე და კლინიკაში საკაცით სესილია თაყაიშვილი შემოჰყავთ. ელდარ შენგელაიაც მოვიდა, - 5-წუთიანი ეპიზოდი დაგვრჩა გადასაღები და მგონი, ინფარქტი დაემართა, ანზორ, მივხედოთო...

უცებ პროფესორებთან გადავრეკე, კონსილიუმი მოვაწყეთ... მართლაც, გაირკვა, რომ დიდი ინფაქრტი იყო და საკმაოდ მძიმე სიტუაცია, მის იმ მდგომარეობას რა განვითარება ექნებოდა, ძნელი სათქმელი იყო. ყველანი წავიდნენ, ინტენსიურში დავრჩით მე, ქალბატონი სესილია და ექთანი გულიკო. სესილია არ ჩერდებოდა, კიოდა, - ეს არის სასაკლაო, მკლავენ... აქ რა მინდაა?! (არადა, ზეზვა ღუღუნიშვილი იყო სამმართველოს უფროსი და ისეთი საუცხოო ინტენსიური მოგვიწყო, თავის აპარატურით, მონიტორებით, ვიტრაჟებით, შესანიშნავი ინტერიერით, მაშინ საქართველოში მსგავსი სიტუაცია და გარემო არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა).

მოკლედ, ვსხედვართ მე და ექთანი ფინურ მონიტორთან, რომელიც ლამაზად ციმციმებდა და პაციენტის მდგომარეობას ვაკვირდებით. სესილიამ ყვირილი უცებ შეწყვიტა, დაძაბული მიყურებს და მეუბნება, - სად არის ექიმი, რატომ არ შემოდის?! გულიკომ უთხრა, - ექიმი აგერაა. - ვინ? ესაა ექიმი და ამის ამარა დამტოვეს? ექიმის რა გიგავს? - გამომლანძღა. არადა, წვეთოვანი აქვს დაყენებული, თავზე დავტრიალებ, ერთ ამბავში ვარ...

მოკლედ, როგორღაც დავარწმუნე, რომ ექიმი ვიყავი. ცოტა ხანში მეკითხება - მოიხედე, ბიჭო, აქეთ! შე საწყალო! თან, ისევ ყვირის - მტკივაა! მტკივაა! მიშველეეთ! - ქალბატონო სესილია, ისეთი წამალი გაგიკეთეთ, წესით, არ უნდა გტკიოდეთ-მეთქი.

- შენ რა იცი, ბიჭო? გელბახიანის დროს დამთავრებული ექიმი ხარ, ფულით მოწყობილიო. გელბახიანის დროს შეიძლება ნაცნობობა იყო, მაგრამ მომზადებული აბიტურიენტი ირიცხებოდა-მეთქი. მე მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, აქ არ მისწავლია-თქო. ეს რომ ვუთხარი, ცოტა დაწყნარდა და სხვა თემაზე გადავიდა...

- საჭმელს არ გაჭმევენ, შენ გლახა? რას გავხარ? (გამხდარი ვიყავი) ვინ გამოგყვება ცოლადო? - ცოლი მყავს-მეთქი. - მერე ვინ გამოგყვა? ალბათ უპატრონო, გაჭირვებულია და შენი ექიმობით მოიხიბლა. - ჩემი მეუღლე ცნობილი რეანიმატოლოგის, პროფესორის, ანესთეზიისა და რეანიმაციის კათედრის დამფუძნებლის ქალიშვილია და ჩემზე შეძლებული ოჯახიდან არის-მეთქი. - როგორ გამოგყვა? არ მომყვებოდა და მოვიტაცე...

მოკლედ, ასე ნელ-ნელა მე და ქალბატონი სესილია დავმეგობრდით... "ლეჩკომბინატში" დიდი განყოფილება არ გვქონდა, ასე 15 საწოლზე იყო გათვლილი, რომელსაც ჰოლი ჰქონდა, იქ რბილი სავარძლები იდგა, ავადმყოფები საღამოობით გამოდიოდნენ, სხდებოდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ერთ დღესაც ქალბატონი სესილია ჰოლში ზის, "ლეჩკომბინატში" პოლიტბიუროს წევრები ვიღაცის სანახავად მოვიდნენ და პაციენტებს ჩაუარეს. სესიალიას ხომ ყველა სცნობდა, უყვარდათ და ესალმებოდნენ.

ანზორ მელია

მოსულებმა ყურადღება მას ყურადღება არ მიაქციეს და არ მიესალმნენ. იქ ამბავი ატეხა, - ყოველთვის კი არ იქნებით მაგ თანამდებობებზე, თქვე საცოდავებო... სასწაული ქალბატონი იყო... ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 21 დღე ჩვენთან იწვა და 21 დღე მე მასთან ვმორიგეობდი - არავის იკარებდა და ბოლოს, იმ დარჩენილი ეპიზოდის გადაღებაზეც, მეც დავყვებოდი... მოკლედ, გადაღების დღე დანიშნული იყო, შეთანხმებული ვიყავით ბატონ ელდართან, გრიმიორთან, რომ დილას 11-საათზე ქალბატონ სესილიას სახლში ვიკრიბებოდით და გადასაღებ მოედანზე უნდა წაგვეყვანა.

ღამის 1-ელ საათზე მირეკავს და მეუბნება - სად ხარ? გძინავს? რაში გენაღვლება სესილია... სასიკვდილოდ გამწირეს, იმ გადასაღებ მოედანზე რა მინდა?! მოვკვდები, არ წავალ, გამორიცხულია! თურმე რაში ყოფილა საქმე, - ვიღაც მეგობარს დაურეკავს და უთქვამს, გადაღებაზე წასვლას როგორ რისკავ, მასე გულით ავადმყოფი მსახიობი ერთხელ გადაღებისას გარდაიცვალაო...

მგრძნობიარე ადამიანი იყო და იმ მეგობრის ზარმა ეტყობა, მასზე ძალიან იმოქმედა... მოკლედ, დავამშვიდე და ვუთხარი - ახლავე თქვენთან გავჩნდები-მეთქი და გავვარდი. მთელი ღამე ველაპარაკებოდი, ვაწყნარებდი და დილას გადასაღებად წავიყვანეთ. რომ მივედით, ყვავილებით დახვდნენ. საწოლიც კი მოემზადებინათ, ცუდად რომ გამხდარიყო... შუქს აყენებდნენ, რომ დააყენეს, სესილიამ გამომძახა - გახსენი შენი ჩემოდანი (ანუ წამლების სპეციალური ქეისი მქონდა, რომელსაც ასე თან დავატარებდი), ცუდად თუ გავხდი, წამლების ძებნაში დრო რომ არ დაკარგო.

ცალი ხელით ქალბატონი სესილია მეჭირა და ცალ ხელში დიპლომატი მეკავა წამლებით. დავსვით მაგიდასთან, "ა, კიდე შემაქანაო", რომ ამბობს, იმ სცენის გადასაღებად. ექიმი კადრიდან გავიდესო, - დაიძახეს, რადგან „მატორი“ ჩაირთო... "სტოპიც" დაიძახეს - დღეისთვის გადაღება მორჩაო! და სესლია ამბობს: - ცოცხალი ვარ?!. მოკლედ, ბოლომდე ასე ვმეგობრობდით...

- ბევრი ცნობილი პაციენტი გყოლიათ, მაგრამ ამ გენიალურ არტისტთან მეგობრობა რა იყო თქვენს ცხოვრებაში?

- დიდი ბედნიერება, ყველას არ ჰქონია ეს ბედნიერება, რომ ასეთი ადამიანის მკურნალი ყოფილიყო... ჩემი პაციენტი ქართული ხელოვნების არაერთი წარმომადგენელი ყოფილა: რეზო თაბუკაშვილი, მედიკო ჯაფარიძე, გურამ პატარაია და ძალიან ბევრი - ამ ადამიანებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. საოცარი დამოკიდებულება მქონდა ასევე რეზო თაბუკაშვილთანაც.

- ასე რომ, სესილია თაყაიშვილის დაუვიწყარი კადრები "ცისფერ მთებში" ისე თუ არსებობს, როგორც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული, ეს თქვენი დამსახურებაც ყოფილა...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მის ჯანმრთელობაზე მეზრუნა... იმ ინფარქტიდან 2 წელი იცოცხლა და შემდეგ სამწუხაროდ, უკვე არა გულით, სრულიად სხვა მიზეზით გარდაიცვალა... დაუვიწყარი ადამიანია ნამდვილად!