ავტორი:

უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

ბოლო დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი, ამომავალი მსოფლიო სუპერძალა, რომელიც მზარდი ეკონომიკით და სამხედრო შესაძლებლობებით გამოირჩევა. როგორც წესი, პოტენციურად თუ რეალურად სუპერსახელმწიფები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ინტერესების გატარებას მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობენ. ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" კვლევის: "ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? - ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი", - თანახმად, საკუთარი გავლენების გაფართოების მიზნით ქვეყნის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოცაა, სადაც უკვე იგრძნობა ჩინეთიდან წამოსული გარკვეული იმპულსები.

მაინც, კონკრეტულად რატომ შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო ჩინეთისთვის? ამაზე"სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვესაუბრება.

  • რატომ ჩინეთი?

"სამოქალაქო იდეაში" უკვე სამი წელია, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ფოკუსი საგარეო გავლენის ოპერაციებია, რაც გამოიხატება პროპაგანდაში, საინფორმაციო ომში, ასევე, ეკონომიკურ ექსპანსიაში, ფსიქოლოგიურ ოპერაციებში, აკადემიურ, საგანმანათლებლო სეგმენტში გავლენის გაზრდაში. მისი მთავარი ამოცანაა, მოახდინოს იმ ღირებულებითი სისტემის დევალვაცია, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სახელმწიფო ვითარდება და საკუთარი მოახვიოს თავს. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი:

პირველი, საქართველო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა, საბოლოოდ ფორმირებული ჯერ არაა, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება; მტრებთან და მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და არაპარტნიორებთან დამოკიდებულებები ახლა ყალიბდება. ასეთი ტიპის ქვეყნებში ნოყიერი ნიადაგი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციო, თუკი სწორად მოიქცევი და მიზანმიმართულად დაგეგმავ. რუსეთის შემთხვევაში თუკი ყველაფერი გასაგებია, ჩინეთზე ვმუშაობთ და ხშირად ვაწყდებით ხოლმე შეკითხვას - "რატომ ჩინეთი?" უმთავრესია ის, რომ ჩინეთი დღეს ის მზარდი ქვეყანაა, არა მარტო ეკონომიკის და მოსახლეობის სიდიდის გამო, არამედ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მსოფლიო დომინაციის პრეტენზია აქვს. ჩინეთი იქცა ქვეყანად, რომელსაც ღიად აქვს გაცხადებული სუპერსახელმწიფოობის პრეტენზია და კონკურენციაშია შესული, მაგალითად, ევროკავშირთან, აშშ-სთან, იმ სახელმწიფოებთან ან გაერთიანებებთან, რომლებიც დღემდე ითვლებოდა, რომ დომინაციის სეგმენტში კონკურენტი არ ჰყავდათ. დღეს ნებისმიერი სახელმწიფო, დიდი და პატარა იკვლევს, რასთან აქვს საქმე და რა არის ის ფორმები, რომლითაც ჩინეთის რესპუბლიკა საკუთარი დომინაციის უზრუნველყოფას ახდენს. განსაკუთრებით გვაინტერესებს ჩინეთი იმიტომაც, რომ ეს სახელმწიფო არ არის დემოკრატიული, არამედ, ერთპარტიული ქვეყანაა, ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიაა იმაზე უფრო დიდი ხანია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომელიც საფრთხის განცდას უჩენს ძალიან ბევრ სახელმწიფოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვყენებში დღეს აღარავინ დავობს, რომ ისინი ჩინური ექსპანსიის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე არიან, თავი რომ დავანებოთ დასავლურ და უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიის სახელმწიფოებს. ამიტომაცაა განსაკუთრებით საინტერესო სჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციები საქართველოში", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • რატომ შეიძლება იყოს საინტერესო ჩინეთისთვის საქართველო?

საერთოდ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოსნაირი პატარა და სხვადასხვა მიმართულებით - უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არცთუ ძლიერი სახელმწიფო ჩინეთისთვის საინტერესო? ხიდაშელის თქმით, არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩინეთის ყურადღებისა და ინტერესის რადარში მოვხვდით. ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაა, მეორე კი - სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან...

"პირველი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ბევრჯერ ნათქვამი ჩვენი გეოგრაფიაა. სავაჭრო, სარკინიგზო, საჰაერო და ენერგეტიკული გზების კვეთის ცენტრალური წერტილი ვართ, სატრანსპორტო გზებზე მთელი დანარჩენი ცივილიზებული კაცობრიობისთვის ყველაზე რეალისტური ალტერნატიული გზა ვართ, დესპოტური და ტირანული რუსეთის ალტერნატივის შესაქმნელად;

მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ქვეყანა სწორ გეოგრაფიაში, ჩვენ ვართ ქვეყანა სწორ და საინტერესო გეოგრაფიაში, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს იმ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჩინეთი დღეს ლამის დეკლარირებული ომის მდგომარეობაში იმყოფება. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიულ გეოგრაფიაზე გავლენა არ დაკარგოს, ჩინეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც მათ მხარეს იქნება შესაძლო გართულებების ან ნებისმიერი გართულების პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.

მაგალითად, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამები საქართველოში უკვე 30 წელია, მოქმედებს, ქართველები განათლების მისაღებად გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში მიდიან, ეს არასდროს ყოფილა წუხილის საგანი და ახლა, ჩინეთში რომ მიდიან, რატომაა წუხილის საგანიო? პირველი მიზეზი, ის, რომ ჩინეთი თავისუფალი დემოკრატიული სამყარო არაა, აკადემიურ სეგმენტში ნიშნავს, რომ ყველა აკადემიური პროგრამა ცენზურაგავლილია. საბჭოთა საქართველოში გაზრდილმა თაობამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კომუნისტური პარტია შენი უნივერსიტეტის კურიკულუმს ადგენს და განსაზღვრავს, რა შეიძლება გასწავლონ და რა - არა. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ახალგაზრდების მთელი ჯგუფი, რომელსაც ამ ტიპის, ცენზურაგავლილი საგანმანათლებლო გამოცდილება აქვს მიღებული. მეორე, რითიც ამერიკასთან კონკურენცია ჩანს, ისაა, რომ, კვლევაზე დაყრდნობით გეუბნებით, საქართველოში ჯამურად ყველა საგანმანათლებლო პროგრამა მუშაობს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ცალ-ცალკე მოქმედებს. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოს ამოცანა იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რომელიც აშშ-ს 30-წლიანი დაწინაურებითაა შექმნილი, ვგულისხმობ, რომ ქართველები დასავლურ განათლებას 30 წელია იღებენ. ჩინეთი ცდილობს, ეს უპირატესობა რაოდენობით გადაწონოს, იმდენი სტუდენტი წაიყვანოს ერთჯერადად და ყოველწლიურად, რომ რაოდენობით დაეწიოს ყველა იმ დასავლურ პროგრამას, რომელიც აქ მუშაობდა; გარდა ტიპიური სასწავლო სტიპენდიებისა, ასევე საინტერესოა, რომ ზუსტად ისე, როგორც აშშ ადრე აკეთებდა, 2-3 კვირიანი პროგრამებით მიჰყავთ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიის წარმომადგენლები, სწორედ იმისათვის, რომ აჩვენონ, რამდენად წარმატებული და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანის უფლებებზე და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულია ჩინეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა. ანუ, კომუნისტური პარტიის გატარებული ღირებულებითი სისტემის მიყიდვა ხდება იმ ქართველებზე, რომლებიც ტელევიზორში ჩანან, რომლებიც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში არიან. ესეც ფსიქოლოგიურ ოპერაციას წარმოადგენს, რომელიც მესამე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის ძალიან ცნობილი ფორმაა", - აღნიშნავს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე AMBEBI.GE-სთან.

  • აკადემიური სივრცე, როგორც რისკი უსაფრთხოებისთვის?

ხიდაშელი ყურადღებას იმ უნივერსიტეტებზე ამახვილებს, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირაა ჩართული ჩინეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ინსტიტუციურად სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთანაა დაკავშირებული.

"ავსტრალიელების კვლევის თანახმად, ინტერნეტში უნივერსიტეტების საძიებო სისტემას იპოვით, რომელიც გაჩვენებთ, ჩინეთში მოქმედი უნივერსიტეტები წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთანაც გაცვლით პროგრამები აქვთ. ჩინეთში "შვიდი ვაჟის ერთობა", 7 უნივერსიტეტის ჯგუფი არსებობს. ეს უნივერსიტეტები პირდაპირ ინსტიტუციურ ბმაშია ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან და უსაფრთხოების სისტემასთან, მათი უმრავლესობა დღეს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, შავ სიაშია შეყვანილი, მათთან ურთიერთობა ამ ქვეყნების უნივერსიტეტებს აკრძალული აქვთ. 2 უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს (კონტრაქტები 2018 წელსაა გაფორმებული), ამ "7 ვაჟის ერთობიდან" არიან. რას ნიშნავს ეს უსაფრთხოების რისკი, რა უნდა დაგვიშავონო, იკითხავს ვინმე, ჩვეულებრივი "ობივატელი". რიგითი მოქალაქე ამას ვერ იგრძნობს, ბუნებრივია, მაგრამ ეს უნივერსიტეტები იმიტომაა შეყვანილი მაღალი რისკის სიაში შეყვანილი, რომ ჩართულნი არიან შპიონაჟში, ტექნოლოგიების მოპარვაში, საინფორმაციო სისტემების მოპარვაში, და ამ უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზების გამოყენებაში იმისთვის, რომ მოცემულ სახელმწიფოში მათთვის საინტერესო ქსელებთან, სისტემებთან, უსაფრთხოების ინსტრუმენტებთან ჰქონდეთ შეღწევადობა", - აცხადებს ხიდაშელი.

  • "ტიკ ტოკი" - უწყინარი გართობა?

AMBEBI.GE-სთან საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი აპლიკაცია "ტიკ ტოკს" გამოჰყოფს, როგორც აღნიშნული სეგმენტიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას, რომლის გადმოწერაც მობილურ ტელეფონში სოციალური ქსელების - "ფეისბუქის" თუ "ინსტაგრამის" ქონასავით აღიქმებოდა და ადამიანი მათ შორის ზღვრის გავლებას ვერ ახერხებდა.

"ამასობაში აბსოლუტურად დადასტურებული ფაქტია, რომ როგორც კი "ტიკ ტოკის" აპლიკაციას გადმოწერთ თქვენს ტელეფონში, მას მიაქვს ყველა მონაცემი, რაც თქვენს ტელეფონში არსებობს. "ტიკ ტოკის" წინააღმდეგ საქმეები აქვს დაწყებული "ეფლს", "სამსუნგს" და უამრავ სხვა კომპანიას, რომლებიც საკუთარი პროდუქციის უსაფრთხოებას სწორედ იმის გამო ვეღარ უზრუნველყოფენ, რომ "ტიკ ტოკი", პირობითად რომ ვთქვათ, ასეთ "ქურდ" აპლიკაციად ჩამოყალიბდა. აშშ-ში პენტაგონმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა, რომლითაც ამერიკელ ჯარისკაცებს საკუთარ ტელეფონებშო "ტიკ ტოკის" ინსტალაცია აკრძალული აქვთ, რადგან მაგალითად, ავღანეთში თუ ერაყში ჯარისკაცი როცაოპერაციაზე იმყოფება და უცებ "ტიკ ტოკის" ვიდეოთი გართობას გადაწყვეტს, ამ ტელეფონის ადგილმდებარეობის შესახებ ყველა მონაცემი დაუყოვნებლივ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებში მიდის.

ასევე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრემიერი ან მისი ოჯახის წევრები პანდემიის დროს გადაწყვეტენ, რომ უნდა გაგვართონ "ტიკ ტოკზე" ვიდეოებით, გარდა იმ ემოციური დატვირთვისა, რომ პანდემიით შეწუხებული და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის ეს დამცინავი და შეურაცხმყოფელია, სერიოზული სხვა პრობლემაცაა, რომ რეალურად, ისინი ქვეყანაში ეწევიან იმის რეკლამას, რაც ჩვენს ყველა პარტნიორს უბრალოდ, აკრძალული აქვს, რის არგამოყენებაზეც ჩვენი ყველა პარტნიორი რეკომენდაციას თავის მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს - ჩვენთან, პირდაპირ, ერთმნიშნელოვნად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმის რეკლამას, რაც ამერიკელებს აკრძალული აქვთ. ყველაზე უწყინარი რამეც კი, თქვენი ცხოვრების რაღაც მომენტში შესაძლოა, თქვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემის მქონე აღმოჩნდეს, თუ მასზე წვდომა არაკეთილმოსურნე სისტემას აქვს", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • საქართველოს სამი პრობლემა

"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარის თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს სამი მთავარი პრობლემა აქვს:

"პირველი, ყველაზე დიდი პრობლემა არასისტემურობის და არასტრატეგიულობისაა. საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მიზანმიმართულად და ქმედითად მიჰყვება სხვადასხვა სამინისტრო - ვინ რას აკეთებს, არავის წარმოდგენა არ აქვს; მეორე, იქ სადაც რეალურად უნდა მუშაობდეს და რისთვისაც სუს-ი გვჭირდება, იქ ის დუმს. მაგალითად, როდესაც ჩინეთის უნივერსიტეტთან ფორმდებოდა ხელშეკრულება, მათ წინ უნდა დებოდათ ანგარიში, რომელიც რისკებზე გააფრთხილებდა. სუს-ი ვერ მიუთითებს თსუ-ს, ვისთან დადოს ხელშეკრულება და ვისთან - არა, მაგრამ სუს-ის ვალდებულებაა, გააფრთხილოს ყველა კერძო კომპანია, და მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტიც (რომელიც მთლად კერძოც არ არის), საფრთხეების და პრობლემების შესახებ. სუს რეალურად "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტიული უსაფრთხოებით უფრპა დაკავებული, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებით; მესამე, ყველაზე დაბალი დონის, კორუფციული პრობლემაა, მერკანტილური, ვიწრო პიროვნული, ოჯახური, მაგალითად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის დაუდევრობით (კარგი სიტყვა გამოვიყენოთ და სხვა რამეს ნუ დავაბრალებთ) გამოწვეული პრობლემები", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • ჩინეთის მთავარი ინტერესები მსოფლიოსა და რეგიონში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თემაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძეც ესაუბრა. გობრონიძე ახლად აღმოცენებული მსოფლიო სუპერძალის მიერ საქართველოს სამიზნედ ამოღების ნიშნებს ნაკლებად ხედავს და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში ძირითადად, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს უკავშირებს.

"კავკასიის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო ჩინეთის ტრადიციული ინტერესების სფეროს არ განეკუთვნება, რადგან აქ ჩინეთი არასდროს ყოფილა ისეთივე აქტიური, როგორიცაა იგივე, ევროპის მიმართულებით. მათი საგარეო და ეკონომიკური აქტივობები სხვა რეგიონებში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, აქ ჩინეთის რაღაც განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ვერ ვისაუბრებდი. ჩინეთისთვის პირველ რიგში საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველო კარგი და საინტერესო სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყანა, თუნდაც, თავის დროზე ანაკლიის პროექტზეც არსებობდა ჩინელების საკმაოდ სერიოზული დაინტერესება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წლიდან გაცხადდა "სარტყელისა და გზის პოლიტიკა", რომელიც ჩინური ეკონომიკისთვის ბაზრებზე წვდომის გზების უზრუნველყოფას გულისხმობს. "სარტყელისა და გზის პოლიტიკა" ჩინეთისთვის ერთგვარი ახალი სიტყვა, რომლითაც დანარჩენი სამყაროს მიმართ ჩინური მიდგომები პრაქტიკულად იცვლება - უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული ჯაჭვის შექმნას დედამიწის გარშემო, რომელიც ჩინური პროდუქციის ძალიან მარტივად უზრუნველჰყოფს მისი გასაღების ბაზრებამდე. ჩინეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში განაცხადა, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნეში გლობალიზაციის ფლაგმანია, გულისხმობდა იმას, რომ საგარეო ეკონომიკურ პროცესებში ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო იქნებოდა. ამ თვალსაზრისით საქართველო რატომ შეიძლება იყოს საინტერესო? პირველ რიგში, ესაა ქვეყნის ინფრასტრუქტურული პოტენციალი, თუმცა მის სრულად რეალიზაციას საქართველო ვერ ახდენს. მეორე, შეიძლება, საქართველო ჩინეთისთვის საინტერესო იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნიდან ცენტრალური აზიის რეგიონის გავლით ევროპასთან გაიოლებული წვდომის მიღწევა შეიძლება.

ზოგადად კი, ჩინური ჰეგემონია ყველა იმ სახელმწიფოსთვისაა საფრთხე, რომელსაც დემოკრატიის აშენება უნდა, მათ შორის ჩვენთვისაც. მეორე, დიდი და ცუდი მომენტია, რომ ჩინეთს არა მარტო ინტერესი, არამედ შესაძლებლობებიც აქვს, გლობალურ კონკურენციაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს - ეს ტექნოლოგიური ფაქტორებია.

"ტიკ ტოკზე" საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ინოვაციურობის ხარისხით ხშირად დასავლურ კომპანიებს ასწრებენ, იგივე, 5G ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბრძოლა ამ სიტუაციის ერთგვარი რეფლექსიაა. ასევე, მაგალითად, ჩინური მეხუთე და მეექვსე თაობის თვითმფრინავების წარმოება დღეს მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ანუ, ეს ძალიან მზარდი ძალაა მსოფლიოსთვის, მაგრამ ამ მზარდი ძალის პოტენციალს ამ ეტაპზე ვერ განვიხილავდი საქართველოსთვის ეგზისტენციურ საფრთხედ და რაიმე ტიპის სერიოზული რისკების შემცველად, უბრალოდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ თვითონ ვართ საგარეო პოლიტიკის პერიფერიაზე. მეორე მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა შეინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც "სარტყელისა და გზის" ფარგლებში ხორციელდება, ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური წევრია და ჩართულია არა მხოლოდ როგორც პარტნიორი, არამედ, როგორც დამფუძნებელი წევრი.

რაც შეეხება ჩინურ-ამერიკულ დაპირისპირებას, ეს თავისთავად ცხადია, რომ არსებობს და ცალსახად იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ ამერიკასთან საქართველოს პარტნიორობა იქნება ჩინური საგარეო პოლიტიკის ინტერესის საგანი, მაგრამ ჩინეთი კავკასიის რეგიონში არ გააქტიურდება, რათა გააძევოს აშშ, არამედ შეიძლება გააქტიურდეს კავკასიის რეგიონში იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა გააქტიურებული, რათა მიიღოს წვდომა სასურველ ინფრასტრუქტურაზე და აქ უკვე შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად ჩინურ-ამერიკული ინტერესების გადაკვეთა. საქართველოში ჩინურ-ამერიკული ინტერესების იმგვარი კვეთა, როგორიც გვქონდა ცენტრალური აზიის რეგიონში, არ გვექნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცენტრალური აზია ჩინეთის უშუალო სამეზობლოა", - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

  • ჩინეთის ბერკეტები - ერთგვაროვანი ყველგან?

გიორგი გობრონიძე ეხმიანება თინა ხიდაშელის მიერ ხაზგასმულ, ჩინეთის რბილი ძალის სხვადასხვა მეთოდს. მისი მოსაზრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე ბერკეტებს იყენებს.

"ჩემი აზრით, "ტიკ ტოკი" ან თუნდაც, მსგავსი სხვა რამ, ზოგადად ის ტრენდია, რასაც ჩინეთი აკეთებს ყველგან. მე ამას გავლენის ბერკეტებს არ დავარქმევდი, უბრალოდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში ჩინეთის აღქმა არ არის ისეთი პოზიტიური, როგორიც ევროპის თუ ამერიკის რეგიონის, კულტურის და ცხოვრების სტილის აღქმაა. შესაბამისად, თუნდაც გაცვლით პროექტებს ჩინეთი აკეთებს ყველგან იმისთვის, რომ მისი მიმღებლობა ცივილიზებულ სამყაროში გაიზარდოს. ჩინეთი ერთგვარი კონფუციანური ტექნოკრატიაა დიქტატურის ელემენტებით, ეს საკმაოდ არათავისუფალი სახელმწიფოა პოლიტიკური თვალსაზრისით (თუნდაც პანდემიის აფეთქებისას გავხდით მომსწრენი, როგორ უჩინარდებოდა ხალხი, ვინც ცდილობდა, განგაშის ზარისთვის შემოეკრათ), აქედან გამომდინარე, მას ძალიან გაუჭირდება რბილი ძალის ატრიბუტების შეძენა. ამის პარალელურად, ჩინეთი დაინტერესებულია, რომ მის მიმართ გარკვეული პოლიტიკური მიმღებლობა იყოს, - აი, რას ემსახურება თუნდაც, საგანმანათლებლო პროექტები, რასაც არა მხოლოდ საქართველოში ახორციელებს, რათა საკუთარი თავი უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს. ჩინეთის პრეზიდენტიც საუბრობდა ამაზე, რომ მსოფლიომ დროა, ჩინეთი ახლიდან გაიცნოსო. ამას ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურული პროგრამები, ანუ, ერთგვარი რბილი ძალის ელემენტების შეძენა.

რაც შეეხება "შვიდი ვაჟის ერთობას", როგორ გგონიათ, 7 უნივერსიტეტის გარდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები არ თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლებასთან თუ იქ თავისუფლების იმდენად მაღალი ხარისხია, რომ შეუძლიათ, თუნდაც, ხელისუფლების კრიტიკითაც იყვნენ დაკავებულნი? იქ პრაქტიკულად, ნებისმიერი უნივერსიტეტი, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით აკეთებს რაღაცას, ჩინეთის მთავრობასთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, რომელიც ასევე მოიცავს არმიას, სპეცსამსახურს და ყველაფერს. მაგრამ აქ მეორე საკითხია - რა შემთხვევაშია ჩინეთი ჩვენთვის საფრთხე? ყველა ქვეყანას ჰყავს სპეცსამსახური, არმია, ყველას აქვს გარკვეული ინტერესები, მაგრამ ყველა ქვეყანა ან სამსახურები ყოველთვის ყველასთვის საფრთხე არ არის. ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან რა ინფორმაცია უნდა აიღოს ჩინეთმა, ეს კიდევ სხვა საკითხია, თუ შეიძლება, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემიდან რაიმე წაიღონ - აკეთებენ უნივერსიტეტები იმგვარ კვლევებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურისთვის? გვაქვს კი იმდაგვარი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც შეიძლება, ჩინეთისთვის გარკვეულწილად საინტერესო იყოს? ზოგადად, მსოფლიოში ჩინეთის აღქმა როგორიცაა, რომ ჩინეთი ძალის მეორე პოლუსად ყალიბდება აშშ-ს საწინააღმდეგოდ, აქ უკვე შეიძლება იყოს გარკვეული რისკები ქართულ-ჩინურ ურთიერთობაში, მაგრამ ეს რისკები არავითარ შემთხვევაში არ მიდის კონფრონტაციამდე, იქამდე, რომ ჩვენ ჩინეთის განხილვა დავიწყოთ ისეთივე ტიპის საფრთხედ, როგორც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციას და სხვა საგარეო საფრთხეებს", - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.

იხილეთ ვიდეო

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე