ავტორი:

თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები

თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები

თბილისის ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩაზე გაზეთების და ჟურნალების გაყიდვა უკვე შეუძლებელია. მიზეზი ისაა, რომ მერია იქ საგაზეთო ჯიხურებს კრძალავს. მეტიც, ე.წ. პრესის ჯიხურების შეზღუდვის არე დედაქალაქში შეიძლება კიდევ გაფართოვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა პრაქტიკულად, აიკრძალება.

ეს მძიმე დარტყმა იქნება ბეჭდური მედიისათვის, რომელიც, ერთი მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ისედაც განიცდის ფინანსურ სიძნელეებს. გარდა ამისა, როგორც პრესის გამავრცელებლები „მთელ კვირასთან“ საუბარში ამბობენ, მერია თითქოს მიზანმიმართულად სწორედ იმ უბნებში კრძალავს ჯიხურებს, სადაც პრესის გაყიდვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

თბილისში პრესის გავრცელების შეზღუდვისა და ამ სფეროზე კონტროლის დამყარების მცდელობა გიგი უგულავას მერობის დროსაც იყო, თუმცა მაშინ მედიის ერთსულოვნებითა და საზოგადოების თანადგომით ამ პრობლემის გადალახვა მეტ-ნაკლებად მოხერხდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, გაჩნდა განცდა, რომ ბეჭდურ მედიას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები ხელოვნურად აღარ შეექმნებოდა.

რატომაა მიუღებელი დღევანდელი მერიისათვის ქალაქის მთავარ ქუჩებზე პრესის ჯიხურები? არსებობს თუ არა რაიმე დასაბუთებული რეკომენდაცია, კონკრეტული დებულება, ან რაიმე სხვა სამართლებრივი აქტი , რომელიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად? მერიის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრისას „მთელმა კვირამ“ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მერიაში განაცხადეს, რომ ეს კომპლექსური საკითხია და გადაწყვეტილების მიღებაში მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურია ჩართული. მერია შეჯერებული ერთიანი პასუხის მისაღებად ოფიციალურ მიმართვას ითხოვს და პასუხის გაცემას კანონით განსაზღვრულ 10 სამუშაო დღეში აპირებს.

მერიის პოზიცია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცენტრალური ქუჩებიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღებას ბეჭდური მედიის დახმარებად და პრესის გავრცელებაში ხელის შეწყობად მიიჩნევს.

„თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული. პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად ქალაქში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა.

ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია - ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობენ.

იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანისტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს“, - ასეთი ბუნდოვანი განცხადება გააკეთა კალაძემ თბილისის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.

მერიის პრესსამსახურში „მთელ კვირას“ უთხრეს , რომ დედაქალქში უკვე განისაზღვრა ე.წ. ჯიხურების შეზღუდვის არეები, რაც ძირითადად ცენტრალურ ქუცებს მოიცავს და იქ პრესის ჯიხურების განთავსება აიკრძალება:

„მერია მხოლოდ იმ ჯიხურებს იღებს, რომელთაც გაუვიდათ იჯარის ვადა ან არ აქვს ნებართვა. ჯიხურების შეზღუდვის არეალში ვინც მოყვა, მათ არ გაუგრძელდათ იჯარის ვადა.“

პრესის გამავრცელებლებს ღიად ეუბნებიან, რომ ცენტრალურ ქუჩებზე პრესის ჯიხურები იკრძალება

პრესის გამავრცელებელი სადისტრიბუციო კომპანია „პლანეტა ფორტეს“ ხელმძღვანელმა მერაბ ჩანჩალაშვილმა „მთელ კვირასთან“ აღნიშნა, რომ ქალაქის მუნიციპალური ინსპექციიდან ოფიციალური გაფრთხილება მიუვიდა, რომ ყაზბეგის ქუცაზე მდებარე მათი კომპანიის ჯიხური 30 სექტემბრამდე უნდა აიღონ.

„ჯერ ასე ზუსტად არ ამბობენ, სად იკრძალება და რა იკრძალება. მე სიტყვიერად მითხრეს, რომ ცენტრალურ პროსპექტებზე ჯიხურები საერთოდ არ უნდა იყოსო. იქ განხილვა და მსგავსი რამ არაა. მე პირადად ქალაქის მუნიციპალური ინსპექციიდან ოფიციალური გაფრთხილება მომივიდა, რომ ყაზბეგის 26-ში პრესის ჯიხური უნდა აიღოთო, თვის ბოლოდან, 30-დან, აღარ უნდა იყოსო, რადგან ჩვენ უნებართვოდ გვაქვს ჯიხურები.

მართალია, ჩვენ უნებართვოდ გვაქვს, იმიტომ, რომ როცა ნებართვის ვადა გაგვივიდა (2017 წელს), მას მერე ვადის გაგრძელებას ვითხოვთ და არ გვიგრძელებენ. მას მერე შეხვედრა ბევრჯერ გვქონდა, იყო დაპირებები, გაგიგიგრძელებთო, ახალ ადგილებს გამოგიყოფთო, ქალაქში 150 ადგილი მოგვთხოვეს, რომ გამოყოფილიყო. მივიტანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკის დონეზე მიდიოდა. აქამდე არ გვეხებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად მოგვთხოვეს, ჯიხური უნდა აიღოთო.

ახლა ჩემს ორგანიზაციას 27 ჯიხური აქვს. ადრე, სააკაშვილის დროს, 100 ჯიხური აგვიყარეს. მას მერე აუქციონებში მივიღეთ მონაწილეობა და 27 ჯიხური მოვიგეთ, მაგრამ ნელ-ნელა ნულზე დავედით. ორგანიზაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს - დამხარისხებლებია, ტრანსპორტია და 20-27 ჯიხურით ორგანიზაციას ვერ შეინახავ.

„ჯერ-ჯერობით ეს პრობლემა ცენტრალურ უბნებზეა, მაგრამ უკვე იმასაც აღარ უყურებენ, ცენტრალურია თუ არა, ზოგჯერ ისეთ ადგილებშიც იღებენ, რომ... გვეუბნებიან, ნებართვა არ გაქვთო.

„ეს ჯიხურები მერიის ესკიზებით გვაქვს გაკეთებული. ახლახან გამოაცხადა კალაძემ, ქალაქში პრესის ჯიხურები განთავსდებაო და როცა ადგილეს გამოგვიყოფს, ოქ გადავიტანთ, მაგრამ ამაზე არ მოდიან . არადა, სიმართლე გითხრათ, ჯიხური სად წავიღოთ, ისიც კი არ ვიცით. ადრეც ასი ჯიხური აიღეს და ყველა დაიკარგა, დაიმტვრა, რაც, ფაქტობრივად, დიდი ფინანსური ზარალია. გადატანაც კი დიდი ხარჯია, ერთიდან მეორე ადგილზე ჯიხურის გადატანა ნიშნავს, რომ იმ ჯიხურს ორი-სამი თვე მოგება არ ექნება.

„მერიამ გვითხრა, ვმუშაობთ, რომ ადგილები გამოგიყოთო. ვთხოვეთ, დროებით იყოს, სანამ გამოგვიყოფთო, უარი გვითხრეს. სხვადასხვა სამსახურია - მუნიციპალური ინსპექცია, ქონების მართვა... ის თავისას ითხოვს, -ეს თავისას“ - გვითხრა მერაბ ჩანჩალაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯიხურების გაუქმებაც და გადატანაც კომპანიისთვის დიდი ზარალია:

„ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. ჯიხური 7 ათასამდე ღირს, გატანისას კი იმტვრევა. ახალი ადგილი რომც მოგვცენ, კომუნიკაციები, დენის ჩართვა და ა. შ. ხარჯია. არადა, ახლანდელ ადგილებშიეს ყველაფერი გვაქვს. ვიცი, რომმ ნელ-ნელა ყველა ჯიხურს მოადგებიან.

„ერთ რამეს ვიტყვი, რომ სანამ ახალ ადგილებს გამოყოფენდა ეს არ უნდა იყოს ისე, რომ 5-10 ადგილი გადმოგვიგდონ და დანარჩენები აიყაროს, არსებულებს ნუ შეეხებიან . თუკი ვინმე მთავრობაში მოდის, ყველა ნელ-ნელა გვერდზე გვწევს. ან ღიად გამოაცხადონ, რომ ეს სფერო აღარ აინტერესებთ. ისინი ამ სფეროს უყურებენ მხოლოდ როგორც ბიზნესს, მაგრამ ამ სფეროს სხვა დატვირთვა აქვს - სოციალური, ინფორმაციული და სხვა, აქ ბიზნესი ყველაზე ბოლო საკითხია“ - განაცხადა მერაბ ჩანჩალაშვილმა.

მერია იმ ჯიხურებს აუქმებს, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალ-გაზეთები იყიდება

შპს „ელვა მარკეტსი“ ხელმძღვანელი ოთარ მერაბიშვილი კი „მთელ კვირასთან“ ამბობს, რომ მერიამ მათ კომპანიას ჭავჭავაძის გამზირზე სამი ჯიხური ააღებინა, ახლა კი აღების ბრძანება მიუვიდათ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუცაზე მდებარე ჯიხურზე.

„ჩვენს ორგანიზაციას ჯიხურები2012 წლიდან აქვს. რამდენიმე წელია, პრესის ჯიხურებზე ნებართვა არ გაიცემა, ანუ ეს სეგმენტი მოუწესრიგებელია და ველოდებით. მერია ამაზე უარს არ გვეუბნება, გვეუბნება, რომ ამის მზაობა არსებობს, ლოკაციების შეთანხმება და ვიზუალი გვაქვს დასაზუსტებელი. თუმცა ჩვენი მოთხოვნაა, რომ სანამ რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება, სანამ ეს სეგმენტი მოწესრიგდება, მანამდე ჩვენი არსებული ჯიხურები დარჩეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე სამი ჯიხური რეაბილიტაციის გამო აგვაღებინეს და აღარ დაგვაბრუნებინეს. ახლა გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ დოლიძის ქუჩიდანაც ავიღოთ, რადგან ტროტუარის საფარი უნდა შეიცვალოს. ვადა 30 სექტემბრამდე გვაქვს.

„ჩვენ რეაბილიტაციას არ ვეწინააღმდეგებით, ქალაქის იერსახის მოწყობას ხელს არ შევუშლით, პირიქით, ამას მივესალმებით, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ჯიხურები აღარ ბრუნდება. მაგალითად, ვისაც ნებართვა აქვს, მათი ჯიხური დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ პრესის ჯიხურებს მაინც გვაცლიან. როგორც ვიცი, სხვა გამავრცელებლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები.

ფაქტობრივად „საქართველოს ფოსტის“ გარდა, არც ერთ ჯიხურს ნებართვა არ აქვს. ჩვენ ნებართვა არ გვაქვს და ვითხოვდით, რომ გაეგრძელებინათ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული სემენტი დადის და ყველაზე ტოპ გაყიდვადი ჯიხურები რომლებიც იყო, ისინი აგვაღებინეს. ამ გამზირზე რომ გაიაროთ, დღეს პრესას ვერ შეიძენთ, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალია.

მოლაპარაკება მერიასთან ფაქტობრივად, ორი წელია მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნაბიჯები გადმოდგეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ეს ჯიხურები ადგილზე უნდა იდგეს, რათა ხალხმა სამსახური არ დაკარგოს და პრესამ - ტირაჟი. პრესის ტირაჟის აღდგენა კი ასე მარტივი არაა.“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?" - პაატა იმნაძე

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია