ავტორი:

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

აფხაზური დროშის დაწვისთვის, ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა დააკავა. როგორც აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, ბებუამ ეს დღე, 30 სექტემბერი საგანგებოდ შეარჩია, რადგან ამ დღეს აფხაზეთში "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ.

დროშის დაწვის ფაქტს, თავად ირაკლი ბებუაც არ უარყოფს. დაკითხვაზე გადაღებულ ვიდეოში ის განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მეტიც, მიაჩნია, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ძველებურად მეგობრული ურთიერთობების მომხრეა. აფხაზური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბებუა სოხუმის იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბებუას დაკავების ფაქტზე უკვე დაწყებულია მუშაობა, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი".

"ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით", - აცხადებს უწყება.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა და მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქალაქ გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ სუს-ში და ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებსა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ.

ბებუას ქმედებას აფხაზეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადგილობრივთა ნაწილი სოხუმის ცენტრალურ მოედანზე მის გამოყვანას, მუხლებზე დაჩოქებასა და სახალხოდ დაწვას ითხოვს, ნაწილი შედარებით ლმობიერია და მიაჩნია, რომ ის ოჯახთან ერთად "თავის ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში უნდა გადაასახლონ და აფხაზეთში დაბრუნების უფლება არასდროს მისცენ".

"ვისაც მიაჩნია, რომ ერთი ავადმყოფის ავადმყოფურ ქმედებას სადისტური ქმედებით უნდა უპასუხოთ, არც კი ხართ ღირსი აფხაზეთის წმინდა მიწაზე ცხოვრობდეთ! 27 წელია ომის შედეგებს ვიმკით ორივე მხარე და მაინც სისხლისღვრისკენ, წამებისა სიკვდილისკენ იყურებით, არაფერი გასწავლათ ომმა... არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, ასეთი საქმის ჩამდენს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება, ჰოდა, გაასამართლონ და მოიხადოს, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცოთ, რომ ვარსებობთ როგორც ცივილური საზოგადოება", - წერს ალხაზ წვიჟბა.

"ვინც წმინდათაწმინდას შეეხება, უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, ისე რომ, ვერასდროს მსგავსი ვერ გაბედონ. გამარჯვების მოედანზე დაწვა ელოდება", - წერს ასლან აჯაპუა.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმიანება აფხაზი პუბლიცისტი დავით დასანია:

"აღშფოთებული ვარ, გალელი მეგრელის, ირაკლი ბებუას საქციელით, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ქვეყნის დროშა დაწვა. ეს არ არის 15 წლის სომეხი, რომელმაც დროშა სულელურად, გაუაზრებლად დაწვა. გალელი დამნაშავე აცხადებს, რომ მან დროშა სრულიად გააზრებულად დაწვა და დაკითხვაზეც ძალზე თავხედრუად იქცეოდა, რადგან თავის დაუსჯელობაში ბოლომდე დარწმუნებული იყო. მისი საქმე სასამართლომდე უნდა მივიდეს და შესაბამისად უნდა დაისაჯოს, რამდენიმეწლიანი პატიმრობით... თუ ის ავადმყოფია, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც ისე უმკურნალებენ, როგორც სურთ, რომ მისი ფეხი არ იყოს აფხაზეთში".

"ადრე სომეხმაც დაწვა აფხაზეთის დროშა, მაგრამ ასეთი ამბები არ აგიტეხავთ, ნეტა რატომ?! ორმაგ სტანდარტებთან ხომ არ გვაქვს საქმე?! გალელ ქართველს უფრო მეტად მოეთხოვება ჩვენი დროშის პატივისცემა, რომელიც 27 წელია ჩვენს მოსახლეობაში ვერ ინტეგრირდა თუ სომეხს, რომელიც წლებია გვაყვედრის ეს ჩემი სამშობლოა და მისი დამოუკიდებლობისთვის სისხლი მეც დავღვარეო? მე ქართველების დამცველი არ ვარ, მაგრამ მაშინ რატომ არ გახსენდებათ მათი მტრობა, სამკურნალოდ რომ იქით გადარბიხართ, გალელებს აყვერდით, ჩვენს მიწაზე ცხოვრობთ, საქართველოში კი დახმარებებით სარგებლობთო, მე-5 კოლონა ხართო და აფხაზური პასპორტები არ უნდა გქონდეთო. სომხები რა შვრებიან? - ნარკოტიკებს ყიდიან და ბიზნესებს აკონტროლებენ. დაგვღუპავს ასეთი არასწორი მიდგომა, თუ უკვე არ ვართ დაღუპულები", - წერს ბესარიონ კოღონია.

აფხაზების ერთი ნაწილი საყვედურობს იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც ბებუას მამის სახელით მოიხსენიებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით მის ოჯახს საფრთხეს უქმნიან.

"ოჯახს არაფერი დაუშავებია, ერთი "მახინჯი" ყველგან გამოერევა. სოციალური ქსელის ურაპატრიოტებსა და არასრულფასოვნების კომპლექსებით დატანჯულებს გირჩევთ, რომლებიც მისთვის თავისა და ხელების მოჭრას ითხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ უდანაშაულო ადამიანები შეეწირონ ამ ამბავს. მოითხოვეთ მისი კანონით დასჯა და ეს ყველაზე ღირსეული პასუხი იქნება", - წერს ასტელა ადლეიბა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 7 სოფელი გაათავისუფლა - "დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩვენი ნება"

ვლადიმირ პუტინი: "რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დასასრულებლად"

"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა