ავტორი:

''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ჯერ ამ პროცესს მართავს.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ გაცემული რეგულაციები დაიცვან.

„სახელმწიფო თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, გახდეს ისეთი ფერმერი, რომელიც შეძლებს ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ამ პროცესს ვმართავთ და მთავარი არის, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლებას არჩევნებში არანაირი გართულება არ სჭირდება, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალე პირობებში გაიმარჯვებს.

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ წელს ეს დასრულდება, ისევე როგორც წნორში. დაახლოებით 27 მილიონი ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდეგი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა და შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც სისტემურ პროექტებში დაიხარჯება. გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა ნორმალური იყოს“,-განაცხადა გახარიამ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული "სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ დაჯარიმდა