ავტორი:

"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?

"არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია" - აპირებს თუ არა შეზღუდვების შემოღებას მთავრობა?

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციის და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, იმიტომ რომ ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის.

დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"