ავტორი:

"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?

"ძალით მათხოვებდნენ, საქორწილო კაბა რომ მომიტანეს, დავურეკე პოლიციას და მამა დააპატიმრეს" - რას ყვება გოგონა, რომელიც იძულებით ქორწინებას ორჯერ გადაურჩა?

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონას სიმამაცისა და გამბედაობის გამო, სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა. ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.

ჩინარა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ დღე, როდესაც მშობლებმა გათხოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოუცხადეს, მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად დამნიშნეს. ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, მშობლებმა მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და უნდა გათხოვილიყავი. გავიაზრე, რომ მარტო ვიყავი ჩემი მიზნებისთვის ბრძოლაში და ამას ჩემს ნაცვლად არავინ გააკეთებდა. ან უნდა დავქორწინებულიყავი ჩემთვის უცნობ მამაკაცზე, ან ამესრულებინა ბავშვობის ნატვრა და ჩამებარებინა უნივერისტეტში, გავმხდარიყავი სამართალდამცველი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, არ დავნებებულვარ, ხელი არ ჩამიქნევია და საბოლოოდ გავიმარჯვე. ამ ბრძოლამ ტკივილთან ერთად უდიდესი გამოცდილება შემძინა და პიროვნულად გამაძლიერა.

- როგორ მოახერხეთ ასეთ პატარა ასაკში წასულიყავით საკუთარი ოჯახისა და ტრადიციების წინააღმდეგ? რა გაძლევდათ ამის ძალას?

- როგორ გარემოშიც არ უნდა ცხოვრობდე, ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც, ერთი კეთილი და მამაცი ადამიანი, რომელიც გაგიებს და მხარს დაგიჭერს. ჩემთვის ასეთი პიროვნება ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო. ძალიან დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ დამეტია ეს უბედურება და როგორ დამეცვა თავი. მივედი ქართულის მასწავლებელთან, ტასო მოდებაძესთან, მინდა ყველამ იცოდეს მისი სახელი და გვარი, ატირებულმა მოვუყევი ყველაფერი და რჩევა ვთხოვე. მომისმინა, თანამიგრძნო და დამაკვალიანა. დავურეკე პოლიციას, მოვიდნენ და წამიყვანეს. მამა დააკავეს და დააწერინეს ხელწერილი, რომ 18 წლამდე არ ეცდებოდა ჩემს გათხოვებას. როგორც კანონით არის გათვალისწინებული. მაგრამ 17 წლის გავხდი თუ არა, მან ისევ სცადა იგივე ოჯახზე გავეთხოვებინე. ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი, საქორწილო კაბა მომიტანეს, ატირებულმა მაშინვე დავურეკე ისევ პოლიციას და მამა 1 წლით დააპატიმრეს. არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულების მუხლით გაასამართლეს. რა თქმა უნდა, მარტო გამიჭირდებოდა თავის გადარჩენა. გვერდით რომ არ დამდგომოდნენ ადამიანები და მთელი სახელმწიფო, ცხოვრებას დავიმახინჯებდი. ყველა უწყება, რომელსაც მე მივმართე, ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა ქმედუნარიანი.

- იმის გამო, რომ ადრეულ ქორწინებას გაიძულებათ, მამათქვენს ციხეში ერთი წლის გატარება მოუხდა. როგორ შეხვდა ამ ფაქტს? არ გაგიბრაზდათ?

- არა, პირიქით. როცა ციხეში იყო, გამომიგზავნა წერილი. ბოდიში მომიხადა და პატიება მთხოვა, მართალი ყოფილხარო. ერთი წელია თავისუფალია და არ მიგრძვნია, რომ ჩემ მიმართ რაიმე ბოღმა აქვს დარჩენილი. არ მინდოდა, რომ მამაჩემი დაეპატიმრებინათ, ძალიან დიდი სტრესი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს სამართალდამცველების თანდასწრებით, რომ 18 წლამდე არ მაიძულებდა გათხოვებას, მაგრამ პირობა დაარღვია. პირველად 14 წლის ვიყავი, როცა დამნიშნეს. მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუთხარი, რომ მე სწავლა მინდოდა, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული გოგო ხარ, აღარ შეგშვენისო. მამა ამბობდა, შეხედე, შენი თანატოლები ყველა თხოვდება, შენ რატომ არ გინდა. ხალხი რას იტყვის, რომ არ თხოვდები, როგორ გამოვყო თავი სოფელშიო. ჩვენთან ძალიან ცუდი ტონია, როდესაც გოგო გათხოვებაზე უარს ამბობს. მაშინვე ცუდს ფიქრობენ მასზე, სახელი უტყდება. რიყავენ მთელ ოჯახსაც. მამას არ ვადანაშაულებ, მას უბრალოდ მეტი არ ესმოდა, არ ჰქონდა სხვა ინფრომაცია. ის სოციუმი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა სხვაგვარად აზროვნების საშუალებას არ აძლევს. ეგონა, რომ საუკეთესოს აკეთებდა ჩემთვის, რადგან მდიდარ ოჯახში მათხოვებდა. ის ბიჭი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. არც კი ვიცნობდი და რომ წარმოვიდგენდი მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, ცუდად ვხდებოდი. ჩემთან რომ არაფერი გაუვიდა, მალევე მოიყვანა ცოლი... ჩემგან განსხვავებით, ის მსხვერპლი აღმოჩნდა...

- სოფელში როგორ აღიქვეს თქვენი ამბავი? თანატოლებთან თუ გისაუბრიათ ამ პრობლემებზე?

- სოფელში თითით საჩვენებელი გავხდი. უფროსი თაობა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად შეხვდა ამ ამბავს. ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო. მერე ჩემმა ძმამ დაარწმუნა, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო. ქუჩაში ბევრი ცუდიც მოუძახებიათ, მაგრამ ვცდილობდი, არ გამეგონა. მეორეს მხრივ, მაგალითი და იმედი გავხდი ბევრი ჩემი თანატოლისთვის. რამდენიმემ გულდაწყვეტით მითხრა, ნეტა, მეც ვყოფილიყავი შენსავით ძლიერი და გამებედა ბრძოლაო. ბევრმა ჩემი მაგალითის შემდეგ გაბედა და გადაურჩა არასასურველ ქორწინებას. ახლა ბევრი გოგო პოლიციაში დარეკვით ემუქრება მშობლებს, ჩინარასავით მოვიქცევით და დაგიჭერენ, კანონს რომ არღვევთო, ასე ცდილობენ თავის დაცვას. პოლიციის ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით მამაჩემის დაჭერის შემდეგ. ყოველდღიურად მწერენ ჩემი სოფლელი გოგოები და არა მხოლოდ ჩემი სოფლელები. შენ ჩვენთვის სამაგალითო გოგო ხარ, იმედს გვაძლევ და გვაძლიერებ, გვინდა ჩვენც შენსავით მამაცები ვიყოთო. ძალიან მიხარია, რომ მე ეს გამომივიდა და ახლა მინდა სხვებს დავეხმარო.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან? როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

- ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველასთან. მყავს მშობლები, ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებულები არიან. ვურეკავ ხოლმე ჩემს ოჯახის წევრებს და ხანდახან ჩავდივარ კიდეც სოფელში. მატერიალურად ვერ მეხმარებიან, უფრო სწორად არ ვითხოვ დახმარებას, რადგან მინდა დამოუკიდებლად მივაღწიო ყველაფერს. ჯერჯერობით გამომდის. რაც მთავარია, ნაწყენები არ არიან ჩემზე, შევრიგდით. ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა მაქვს, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ. ახლა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მოსამზადებელ კურსზე. ვაპირებ, ჩავაბარო სამართალმცოდნეობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვიმუშაო. ასევე, ვაპირებ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარო. თავიდან სახელმწიფო თავშესაფრებში ვცხოვრობდი, ახლა ქირით ვცხოვრობ მეგობართან ერთად. სწავლის პარალელურად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე. ვატარებთ ტრენინგებს გოგონებისთვის ადრეულ ქორწინებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ადრეული ქორწინება დანაშაული და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქალებისთვის?

- ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხზე. გარდა იმისა, რომ ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ანგრევს მოზარდის ორგანიზმს, ანადგურებს მის ფსიქიკასაც. 14-15 წლის ბავშვებმა უნდა იმეცადინონ და ითამაშონ. ისინი არ არიან მზად ისეთი პასუხისმგებლობისთვის, როგორიც ოჯახის შექმნაა. გარდა ამისა, როდესაც აიძულებ ადამიანს უსიყვარულოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, სრულიად უცნობ ადამიანზე დაქორწინდეს, ეს წარმოუდგენელი სტრესია მისთვის. ბევრი ვერ უმკლავდება მას და თავს იკლავს. ასეთი შექმნილი ოჯახების უმეტესობა მალევე ინგრევა ან ძალადობის კერად იქცევა. გარდა ამისა, ადრეული ქორწინების დროს ადამიანს ერთმევა უფლება - მიიღოს განათლება და იცხოვროს დამოუკიდებლად.

- რას ურჩევთ გოგოებს, რომლებიც ახლა ადრეული ქორწინების საშიშროების წინაშე დგანან?

- პირველ რიგში, ნუ შეეშინდებათ! უნდა გაბედოთ! იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის. გაერკვიეთ, რა გსურთ თქვენ და არა თქვენს მშობლებს. ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებებიც თავად უნდა მიიღოთ. გაბედეთ ხმის ამოღება და დახმარება ითხოვეთ. მოუყევით თქვენი პრობლემის შესახებ, ვისაც ენდობით და, რაც მთავარია, საქმის კურსში ჩააყენეთ სახელმწიფო უწყებები. მეც არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ დამეცვა თავი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ კანონით 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია და თუ ამას ვინმე გაიძულებს, დანაშაულს სჩადის. და კიდევ, უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან. ძალიან გაძლიერებს თითოეული სიტყვა, გამხნევება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, ყველამ ამოვიღოთ ხმა და მარტო არ ვაგრძნობინოთ თავი ადამიანს, რომელიც ებრძვის სისტემურ პრობლემებს. ძალა ხომ ერთობაშია!

- რომელ სახელმწიფო უწყებებს უნდა მიმართონ ასეთ დროს?

- უნდა დარეკონ ჯანდაცის სამინისტროს ცხელ ხაზზე 11 60 06 და აუხსნან სიტუაცია ოპერატორს. ასევე აუცილებლად უნდა დარეკონ 112-ზე და პატრული გამოიძახონ. ვურჩევდი სახალხო დამცველის ოფისში დარეკვასაც. მე ძალიან დამეხმარნენ.