ავტორი:

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსდა. მოზარდი სოფელ ლენჯერში, ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მოზარდის ძებნა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. Ambebi.ge გაუჩინარებული ბავშვის ბიძას, ვახო ფილფანს დაუკავშირდა, რომელიც ოჯახის ვერსიებზე საუბრობს:

"ჯერჯერობით არაფერია სიახლე, ბავშვს ისევ ეძებენ, ვეღარ ვაზროვნებთ, რა და როგორ მოხდა... დედ-მამაც შოკშია. დედა მესტიაში არ იყო (ალმა-ატადან დუბაიში გააგზავნეს სამსახურიდან), მამა კი ამბობს, ვერ ვამჩნევდი, მაგრამ იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, ინტერნეტში რით ერთობოდა, არ ვიცი, ერთი კია, რომ გაკვეთილებს არ ამზადებდა, ზარმაცობდა და სხვა რამეზე იყო გადართულიო. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რადგან იმდენად გამაოგნებელია მათთვის, რომ ბავშვი ადგა და წავიდა. სად წავიდა? ერთი თვის განმავლობაში მარტო ჩვენ კი არა, ბავშვს 80 მაშველი ეძებდა, რაც შეიძლებოდა, ყველა საშუალება გამოვიყენეთ. მდინარეს დატბორება აქვს, მყვინთავებიც ეძებდნენ... ერთი ვერსია ისიცაა, მდინარეში თუ გადახტა, მაგრამ ამის საბაბი რა უნდა ყოფილიყო? ილიას ბებია ამბობს, მამა კი გაუწყრა შვილს, მაგრამ ერთი კვირის წინ, თან ისე მკაცრადაც არა, რომ ბავშვს რამე აეტეხა თავისთვის, წინა დღეებში ისეთი არაფერი მომხდარა, ამას რაღაც აფექტი მოჰყოლოდაო. ბავშვს, რომელსაც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, როგორ შეიძლება მშობელმა ვერაფერი შეატყოს? ვეკითხები მამას, მაგრამ ვერაფერს ამბობს, ერთადერთი, გაკვეთილებს რომ არ სწავლობდა, ვტუქსავდი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილაო.

არის კიდევ ასეთი ვერსია: ილოს და მის 12 წლის მამიდაშვილს ველოსიპედები უყიდეს და ისინი ყოველდღე 1-2 საათს დადიოდნენ გარეთ - ხან მესტიაში მხვდებოდნენ, ხან ლატალში, ხან სად და ხან - სად. მესტია სავსე იყო რუსულენოვანი ტურისტებით და იმასაც ვუშვებთ, იქნებ ვინმე გაიცნეს, ვინმეს ხომ არ გადაეყარნენ, რომ მერე შეკრეს პირი, შეთანხმდნენ მოტოციკლებით სადმე წასვლაზე. შეიძლება მათ გაჰყვა ბავშვი...

მესტიაში ყოველდღე ტვირთებით უამრავი მანქანა ამოდის და თავისუფლად შეიძლება, ილია მძღოლს გაჰყოლოდა. მძღოლი, რომელიც გაიგებს, რომ ბავშვი დაიკარგა, ის არასდროს იტყვის, მე წავიყვანეო, რადგან გამოდის, დიდ შარში ეხვევა. შეიძლება გაჰყვა ვინმეს და მერე აფხაზეთში მოახერხა გადასვლა, შეიძლება აფხაზეთშიც გაპარულიყო... თავიდან იყო ზარები, ბავშვის ადგილსამყოფელს ასახელებდნენ, მაგრამ ბოლო ორი თვეა, არავის დაურეკავს", - გვიყვება ვახო ფილფანი.

კითხვაზე, გამოძიებას თუ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი, ან გამოკვეთილი ვერსია, ვახტანგ ფილფანი გვპასუხობს, რომ ''გამოძიება, პრაქტიკულად ჩიხშია. მთელი სოფელი არაერთგზის დაგვკითხეს, ყველა ადამიანი ძირფესვიანად გამოიკითხა, მაგრამ კაცი არაა მნახველი და რაიმეს მთქმელი.

ეს ბავშვი 13 წლამდე მუდმივად დედ-მამის ხელში იზრდებოდა ალმა-ატაში და კორონას დროს შემორჩნენ სვანეთში. ბებია, ფაქტობრივად, ახლა გაიცნო, არ ჰყავდა მეგობრები. მამა - დავით ფილფანი ხელმარჯვე ბიჭია, სათბურს აკეთებდა, სულ შრომაში იყო. იმის გამო, რომ სოფელში რუსული არავინ იცოდა, ილიას კი არც ქართული და ინგლისური არ ესმოდა, მეგობრები ვერ გაიჩინა, ამის გამო, რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება და დიდ სიცარიელეში აღმოჩნდა ბავშვი. ყველა ვერსია განიხილება, რაღაც პროცენტით იმაზეც გვიფიქრია, შესაძლოა, ამხელა ტრასაზე ვიღაც დაეჯახა და მერე ბავშვის კვალი გააქრო... როგორ გვეგონა, რომ ილია დიდ ქალაქებში აღმოჩნდებოდა, განსაკუთრებით - თბილისში. ვეღარაფერზე და ამავდროულად, ყველაფერზე ვფიქრობთ".

ცნობისთვის, გაუჩინარებული ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ოჯახმა "კვირის პრესკლუბში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.

"გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი.

ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვთ, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით, რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

შეგახსენებთ, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს