დათო ტურაშვილმა პირველ სიყვარულს წიგნი მიუძღვნა

დათო ტურაშვილმა პირველ სიყვარულს წიგნი მიუძღვნა

მისი წიგნები ბესტსელერებად იქცა, თუმცა არც პირველობის ამბიცია აქვს... პირველობა ყველაფერში სძულს... დათო ტურაშვილი ერთ-ერთია იმ მწერლებს შორის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერის ფუფუნებაც ჟურნალისტებს იშვიათად გვაქვს. ინტერვიუ არ უყვარს. განსაკუთრებით კი ყვითელ პრესას ერიდება. ამჯერად "რეიტინგისთვის" გამონაკლისი დაუშვა და საქართველოში გამეფებულ ტოტალურ უწიგნურობაზე გვესაუბრა.

- ბატონო დათო, დღეს ხშირად ლაპარაკობენ საქართველოში გამეფებულ უწიგნურობაზე, ამის დასტურად სხვადასხვა კვლევაც მოჰყავთ. როგორ ფიქრობთ, მართლა ასე რთულად გვაქვს საქმე?

- უწიგნურობა ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს არ არის სიახლე ჩვენთვის, რადგან ამ მხრივ საბჭოთა საქართველოს დროსაც მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა მაშინ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ნებისმიერ ქართველს ჰქონდა. მთავარი იყო დიპლომი და არა განათლება. ჩვენი არასაკმარისი წიგნიერებისა და არასაკმარისი განათლების შედეგებს ახლა ვიმკით. ბავშვობიდანვე ძალიან დაკვირვებული ვიყავი და მახსოვს, რომ თბილისურ ტუალეტებში ყოველთვის შეიძლებოდა ერთდროულად რამდენიმე წიგნის აღმოჩენა. თავიდან ძალიან მიხაროდა, რადგან გულუბრყვილოდ მეგონა რომ წიგნების კითხვა ისე გვიყვარდა, ტუალეტებშიც არ ვკარგავდით დროს. მერე კი უამრავი ისეთი ადამიანიც აღმოვაჩინე, რომლებიც მხოლოდ ტუალეტებში კითხულობდნენ.

- მაშინ წიგნებიც უფრო მეტად იყიდებოდა...

- დიახ, ჩვენი საბჭოური ბავშვობიდან კარგად მახსოვს, რომ ოჯახებში წიგნებით გამოტენილი თაროებიც ჰქონდათ, საიდანაც მხოლოდ მაშინ ჩამოიღებდნენ, როცა მტვერი უნდა გადაეწმინდათ. არადა, წიგნები მრავალათასიანი ტირაჟებით გამოიცემოდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებიც ყველაფერს ყიდულობდნენ. ამიტომაც მგონია, რომ მკითხველები კი არ შემცირდნენ საქართველოში (როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე), არამედ წიგნის მყიდველები შემცირდნენ. შეუძლებელია, ადამიანს ერთი პერიოდი კითხვა უყვარდეს და რაღაც დროის მერე გადაიყვაროს. წიგნი ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი ფენომენია და გამოსწორებული ნარკომანი კი სულ ორი ვიცი მთელ საქართველოში.

- ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ აზრს, რომ კომპიუტერმა წიგნი ჩაანაცვლა და ახალგაზრდების მასზე მიჯაჭვულობა მალე ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს...

- კომპიუტერი არ არის წიგნის ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თანამედროვე ყოფის უკვე აუცილებელი ატრიბუტი. მეც ვარ ინტერნეტის მომხმარებელი და კარგა ხანია აღარც ხელით ვწერ და აღარც საბეჭდი მანქანით, მაგრამ ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ადამიანს წიგნს ვერ დაავიწყებს და ჩემი პატარა ლეპტოპიც სწორედ იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი წიგნის დაწერა მოვასწრო. ინტერნეტი და კომპიუტერიზაცია, რასაკვირველია, ძალიან ამცირებს დროს ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ წიგნს, როგორც ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარების მთავარ საზრდოს, ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

- პირადად თქვენ რამდენად ხშირად გამხდარხართ უწიგნურობის მომსწრე. შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?

- უწიგნურობა, რასაკვირველია, ყველგან იგრძნობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ძალიან ხშირად ჩვენი ტელეწამყვანები და ჟურნალისტებიც უნებლიეთ ხელს უწყობენ შეცდომების დამკვიდრებას, რადგან ადამიანებზე ტელეგავლენა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია. მაგალითად, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი შეცდომით ამბობს სიტყვას "რამოდენიმე" და ეს არასწორი სიტყვა დაამკვიდრეს იმ ტელეჟურნალისტებმა, რომლებმაც არ იციან, რომ სინამდვილეში უნდა თქვან "რამდენიმე", რაც რაოდენობის აღმნიშვნელია. აღარაფერს ვამბობ მათ მიერვე დამკვიდრებულ ისეთ უადგილო აბსურდზე, როგორიც არის "ანუ"...

- თქვენი აზრით, რას აკეთებს ხელისუფლება წიგნიერების გასაზრდელად?

- მარტო ხელისუფლება, სხვათა შორის, ტოტალური უწიგნურობის წინააღმდეგ ვერაფერს შეძლებს, მაგრამ მას ევალება, რომ ის ტელეკომპანიები, რომლებსაც თვითონ აკონტროლებს, საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენოს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაციონალურ არხებზე კი, როგორც წესი, გადის სრულიად იდიოტური სერიალების კასკადი და თანაც ყველაზე საუკეთესო საეთერო დროს. ხოლო თუ თქვენ გულისხმობთ ხელისუფლების დახმარებას ფინანსური თვალსაზრისით, ალბათ იცით, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხმარდებოდა ტანკებისა და "ბეტეერების" შეძენას და სანამ არ დავიჯერებთ, რომ წიგნზე და განათლებაზე დიდი ძალა და იარაღი არ არსებობს, მანამდე ვერ გავხდებით გამარჯვებული ქვეყანა.

- გამომცემლებს ხშირად სდებენ ბრალს, რომ წიგნის ფასი მაღალია. მწერლებს თუ გქონიათ მსგავსი პრეტენზიები მათთან?

- მყავს სამი გამომცემელი საქართველოში და სამივესთან სხვადასხვა პრობლემა მაქვს, თანაც დაუსრულებლად. ერთ-ერთ მათგანთან კი სწორედ ის, რასაც თქვენ მეკითხებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წიგნების უფრო მეტად გაიაფების შემთხვევაში, შესაძლოა გამომცემლობებმა არსებობაც კი შეწყვიტონ. მიუხედავად ზემოთქმულისა, მე მაინც ყოველთვის მოვითხოვ გამომცემლებისგან, რომ ჩემი წიგნების ფასი რაც შეიძლება დაბალი იყოს. ამით, რასაკვირველია, მეც ვზარალდები, მაგრამ მირჩევნია, რომ წიგნმა მკითხველებამდე მაქსიმალურად მიაღწიოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ წიგნები საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მართლა ძალიან იაფია, მაგრამ ჩვენი მძიმე სოციალური გარემოც არ უნდა დაგვავიწყდეს.

- ადვილია დღეს საქართველოში იყო მწერალი? რამდენად დაფასებულია მწერლების ახალგაზრდა თაობა?

- ყველგან რთულია იყო მწერალი და მათ შორის საქართველოშიც, იმიტომ რომ წერა თავისთავად ტიტანური შრომაა. რაც შეეხება დაფასებას, ერთადერთი დამფასებელი და შემფასებელიც ჩემთვის მკითხველია და ამ მხრივ მე სასაყვედურო არ უნდა მქონდეს, რადგან ჩემმა წიგნებმა ყველა რეკორდი მოხსნეს გაყიდვების თვალსაზრისით და საქართველოში მეორე ადგილზე ვარ. ერთადერთი, ვინც მისწრებს, ჯოან როულინგი და "ჰარი პოტერია", მას ვერც დავეწევი და არც მინდა, პირველობა მძულს.

- თავად მწერლები თუ ატარებთ გარკვეულ ღონისძიებებს წიგნიერების ასამაღლებლად?

- ყველაზე წიგნიერი ადამიანები მთელ მსოფლიოში მწერლები არიან, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ წიგნიერი არ ხარ, წიგნსაც ვერ დაწერ. ამიტომ მწერალი ისედაც არის ცოცხალი ღონისძიება და მთავარი ღონისძიება, რასაც ის აკეთებს, წიგნის შექმნაა.

- წელიწადში ერთხელ საქართველოში წიგნის ფესტივალი იმართება. ცვლის თუ არა ერთკვირიანი წიგნის მარათონი არსებულ სურათს?

- წელიწადში მხოლოდ ერთხელ და ისიც მაქსიმუმ ხუთდღიანი წიგნების ფესტივალის ჩატარება, რასაკვირველია, სულაც არ არის საკმარისი სერიოზული ცვლილებების მისაღწევად საქართველოში. მაგალითად, ჩემს საყვარელ და ჩვენს მოძმე ესპანეთში სახელმწიფო იმდენად დაინტერესებულია თავისი მოქალაქეების წიგნიერებითა და განათლებით, რომ იქ წიგნის ფესტივალი დაუსრულებლად მიმდინარეობს. როგორც კი მთავრდება ერთი ფესტივალი, მაშინვე ახალი იწყება და წელიწადში 365 დღე რომ არ ჰყოფნით წიგნებისთვის, ზაფხულობით წიგნების ღამეებსაც კი მართავენ და ქუჩებში გათენებამდე იყიდება.

დანარჩენი კაცობრიობა წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს 23 აპრილს და წიგნებსაც ერთმანეთს მასობრივად ჩუქნიან ვარდებთან ერთად. ეს არის შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ჩვენ კი გვაქვს რუსთაველის დღე 17 ივნისს. ასე რომ, შეგვიძლია ქართული წიგნის დღეც აღვნიშნოთ და ზოგადად წიგნის დღეც ვიზეიმოთ. ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები... ამაზე უკეთესს რას გავუკეთებთ სხვებს და საკუთარ თავსაც.

- ბრალდებები ახალგაზრდა თაობის მწერლების მიმართ ხშირია. ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ქურდებსა და ნარკომანებზე წერენ. რამდენად იზიარებთ კრიტიკოსთა აზრს?

- ასეთი ბრალდებები პირადად არ მომისმენია და ეს ალბათ იმ კრიტიკოსების აზრია, ვისაც მხოლოდ ასეთი ლიტერატურა წაუკითხავს. თანამედროვე ქართული ლიტერატურა კი ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორც სიუჟეტურად, ასევე პერსონაჟების თვალსაზრისით. აი ახლა, როგორც ამ ბრალდების საპირისპირო არგუმენტი, მშვენიერი ახალგაზრდა მწერლის არჩილ ქიქოძის შემოქმედება გამახსენდა, სადაც ყველანაირ პერსონაჟს მიაგნებთ და ამოიკითხავთ და მაინცადამაინც ქურდი და ნარკომანი რატომღაც არ მომაგონდა. რომც ვცდებოდე, რა გასაკვირია, რომელიმე ქართველი მწერალი ნარკომანების შესახებ წერდეს იმ ქვეყანაში, სადაც ხალხმა საკუთარ თავს ნარკოტიკების საშუალებით ნამდვილი აუტოგენოციდი მოუწყო.

- დასასრულს, თქვენი მკითხველების შესახებ მოგვიყევით. სად ხვდებით, იღებთ თუ არა მათგან რჩევებს და კომპლიმენტებს და საერთოდ, უყვარს ახალგაზრდობას ახალგაზრდა მწერლები?

- ჩემი წიგნების მკითხველებს ყველგან შევხვედრივარ და მათგან ყველაზე ხშირად მომისმენია შეკითხვები ჩემი წიგნების სიუჟეტებთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალურია ესა თუ ის ამბავი და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. დიდი არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ხშირად ამბობდა, რომ სამყარო, რომელსაც ლიტერატურა ქმნის, უფრო რეალურია, ვიდრე რეალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რაც შეეხება რჩევას, შარშან ერთმა უცნობმა მკითხველმა პირდაპირ ქუჩაში გამაჩერა და მთხოვა, რომ დამეწერა ჩემი ძველი რომანის გაგრძელება, რომელსაც ერქვა "ჩაძირული ქალაქის ღამე". ჩემთვის უცნობი ადამიანის რჩევაც გავითვალისწინე და თხოვნაც შევასრულე, სწორედ დღეს დავამთავრე ახალი წიგნი, რომელსაც "ამერიკული ზღაპრები" ჰქვია. ამიტომაც, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ უცნობ მკითხველს, რომელმაც ბავშვობაში დამაბრუნა და ჩემს პირველ სიყვარულზე წიგნი დამაწერინა...

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს