ავტორი:

ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია

ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია

ჟურნალისტები და ოპერატორები მთელი მსოფლიოდან ყოველ დღე გვარწმუნებენ, თუ რამდენად სახიფათო და სარისკოა ეს პროფესიები და რამდენად დიდ გამბედაობას მოითხოვს. ისინი ყველაზე ცხელ წერტილებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიან და დანარჩენ სამყაროს შექმნილ ვითარებაზე უყვებიან.

პალესტინელი ოპერატორი თალალ აბუ რაჰმაც ყველაზე გამბედავების რიცხვს მიეკუთვნება. 2000 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ღაზაში მის მიერ გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა და ალბათ, ძნელად მოიპოვება ემოციურად ისე მძიმედ სანახვი ვიდეო, რომელიც თალალმა გადაიღო.

სალადინის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოში წვიმების ტყვიაში მოყოლილი კაცი თავის 12 წლის ვაჟთან ერთად ჩანს. ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამა შვილის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.

კადრები France 2-ის ეთერში გავიდა, არხზე, სადაც ოპერატორი მუშაობდა. როგორც "ალჯაზირა" წერს, ისრაელის მთავრობა შეეცადა ეჭვქვეშ დაეყენებინა ვიდეოს ავთენტურობა და ისრაელის სამხედროებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღეს. გამოცემის ცნობით, 2013 წლამდე ვიდეოს ნამდვილობის შესახებ საფრანგეთის სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ საბოლოოდ არხი და ოპერატორი გაამართლა. სასამართლომ ფილიპ კარსენტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა და რომელიც ვიდეოს დადგმაში ადანაშაულებდა ოპერატორს, ცილისწამებისთვის 7000 ევროთი დააჯარიმა.

"არის ერთი წესი: სურათი არ არის სიცოცხლეზე ღირებული. მაგრამ დამიჯერეთ, მე ვცადე საკუთარი თავის დაცვა, მე ვცადე იმ ბიჭის და მისი მამის დაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო"

თალალ აბუ რაჰმას, რომელიც ოპერატორთან ერთად ჟურნალისტიცაა, თავისი საქმიანობისთვის არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, ამჟამად ოჯახთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. 2017 წელს მას ღაზაში ჩასვლა აეკრძალა.

თალალი ზემოთ აღნიშნული კადრის გადაღებიდან ოცი წლის შემდეგ, იმ უმძიმეს დღეს იხსენებს. ოპერატორისა და ჟურნალისტის მონათრხობს "ალჯაზირა" აქვეყნებს.

"წინა დღით იერუსალიმში, France 2-ის ოფისში ვიყავი. პარასკევს დილის 10:00 საათისთვის არხის იერუსალიმის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჩარლზ ენდერლინმა დამირეკა და მითხრა - "მანქანას გიგზავნი, სწრაფად უნდა დაბრუნდე ღაზაში, რადგან იქ სიტუაცია ძალიან, ძალიან ცუდია."

ამგვარად დავბრუნდი ღაზაში. ჩარლზმა კვლავ დამირეკა და მკითხა, თუ როგორი სიტუაცია იყო. მე ვუთხარი: "ღაზაში სიმშვიდეა, არაფერი ხდება". მან კი მიპასუხა: "კარგი, მაგრამ ყურადღებით იყავი, თუ რამე მოხდება, შემატყობინე, წადი და გადაიღე".

დაახლოებით შუადღის 4:00 საათამდე არაფერი მომხდარა. პარასკევი იყო. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცეცხლი ჩანდა, მაგრამ ღაზა ნამდვილად მშვიდი იყო.

თვალყურს ვადევნებდით სიტუაციას და მე, როგორც ჟურნალისტმა ვიცოდი, რომ შაბათს დილით ღაზაში დემონსტრაცია გაიმართებოდა. იმ დროისთვის იქ იყო სამი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი - ერთი ერეზთან, ერთი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში და მესამე სალადინის ქუჩაზე.

  • არეულობა სალადინის ქუჩაზე

დღეს ბევრი მეკითხება, რატომ გადავწყვიტე სალადინის ქუჩაზე წასვლა. იმიტომ, რომ ეს იყო შუა ნაწილში, თუ რაიმე მოხდებოდა ერეზში, ან სხვაგან, სალადინიდან სწრაფად მივიდოდი. ჩემ მსგავსად ყველა ჟურნალისტმა იცოდა რა მოხდებოდა შაბათ დილით. დაახლოებით დილის 7:00 საათზე წავედი. ვიცოდი, რომ გარშემო უამრავი ადამიანი იქნებოდა.

მართლაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მალე დაიწყო ქვების სროლა და დაძაბულობა თანდათან მატულობდა. მე ვიყავი კონტაქტზე ჩემს კოლეგებთან ერეზში, რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა იქ - რადგან რეალურად, ის იყო ყველაზე ცხელი წერტილი.

შუადღის პირველი საათისთვის ცრემლსადენ აირს უშვებდნენ და რეზინის ტყვიებს ისროდნენ, მაგრამ ამავდროულად, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვებს ისროდნენ. ასეთი იყო ასობით კი არა, ათასობით ადამიანი. ოფისში დავრეკე და შევატყობინე, რომ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით დაახლოებით, 40 ადამიანი იყო დაშავებული. ჩარლზმა მითხრა - "სცადე ინტერვიუების ჩაწერა და გადმოგზავნე."

  • ტყვიების წვიმა

როდესაც მეორე ინტერვიუს ვწერდი, სროლა დაიწყო. კამერა შტატივიდან ავიღე და მხარზე დავიდე. დავიწყე გადაადგილება ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, რათა დამენახა, ვინ ისროდა. ვინ, ვის და რატომ ესროდა ნამდვილად არ ვიცოდი. ვცადე, რომ დავმალულიყავი იმიტომ, რომ გარშემო ტყვიები დაფრინავდნენ. მარცხენა მხარეს ფურგონი დავინახე და მას ამოვეფარე. შემდეგ რამდენიმე ბავშვი მოვიდა და ისინიც ფურგონს ამოეფარნენ. იმ მომენტში ბიჭი და კაცი არ დამინახავს. სასწრაფო დახმარების მანქანები მოდიოდნენ და დაჭრილები მიჰყავდათ.

ტყვიების ხმაში არავის ხმის გაგონება არ შემეძლო. სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. იყო სროლა და ძალიან ბევრი დაშავებული. მე მართლა შემეშინდა, მიწაზე სისხლი იყო, ადამიანები გარბოდნენ, ძირს ეცემოდნენ, არ იცოდნენ საიდან ისროდნენ, ისინი უბრალოდ დამალვას ცდილობდნენ. დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა - გამეგრძელებინა გადაღება, თუ გავქცეულიყავი.

  • "მე ჯიუტი ჟურნალისტი ვარ"

მე ჯიუტი ჟურნალისტი ვარ და დავრჩი. ჩარლზმა დარეკა და მკითხა - "თალალ ჩაფხუტი გაქვს? დამცავი ჟილეტი გაცვია?" ის კარგად მიცნობდა და იცოდა, რომ არ ვატარებდი ჩაფხუტსა და დამცავ ჟილეტს - ძალიან მძიმეა. მიყვიროდა, თუ რატომ არ ჩავიცვი. მართლა გავგიჟდი, რადგან ამის მოსმენა არ მინდოდა და ვუთხარი: "მე საფრთხეში ვარ, გთხოვ, ჩარლზ, თუ რაიმე დამემართება, იზრუნე ჩემს ოჯახზე", შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე.

იმ მომენტში ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, ჩემს გოგონებზე, ჩემს ბიჭზე, ჩემს ცოლზე და ასევე საკუთარ თავზე. სიკვდილის სუნს ვგრძნობდი. ყოველ წამს ვამოწმებდი თავს, ხომ არ დავშავდი.

  • კედელთან მიმალული მამა-შვილი

ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც ჩემ გვერდით იმალებოდა, თქვა, ისინი მათკენ ისვრიან. ვკითხე, თუ ვისკენ ისროდნენ და იმ მომენტში დავინახე კაცი და ბიჭი კედელთან იმალებოდნენ, კაცი ხელს აქნევდა და რაღაცას ამბობდა. ტყვიები მათკენ მიდიოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, საიდან ისროდნენ. სადაც კაცი იყო მისგან მარჯვნივ ისრაელის ჯარისკაცები და პალესტინის უსაფრთხოების ძალები იყვნენ. ამ ადგილის წინ ისრაელის ბაზა იყო. რისი გაკეთება შემეძლო?! ქუჩას ვერ გადავივილიდი. ის იყო ძალიან ფართო, ტყვიები კი წვიმასავით მოდიოდა. ვერაფერი გავაკეთე.

ჩემ გვერდით მყოფი ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ყვიროდნენ და იმ მომენტში კამერაში დავინახე, რომ ბიჭი დაშავდა, შემდეგ კი მამაკაციც დაიჭრა, მაგრამ ის კვლავ იქნევდა ხელს და ყვიროდა, დახმარებას და სროლის შეჩერებას ითხოვდა. ჩემ გვერდით მყოფი ბიჭებისა და საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობდი.

გადაღება მომიწია, ეს ჩემი სამსახურია. მე იქ იმისთვის არ ვყოფილვარ, რომ საკუთარ თავზე მეზრუნა. არის ერთი წესი: სურათი არ არის სიცოცხლეზე ღირებული. მაგრამ დამიჯერეთ, მე ვცადე საკუთარი თავის დაცვა, ვცადე იმ ბიჭის და მისი მამის დაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ტყვიები წვიმდა და ძალიან სახიფათო იყო ქუჩის გადაკვეთა. შემდეგ გავიგონე "ბუუმ" და ყველაფერი თეთრი კვამლით აივსო.

აფეთქებამდე ბიჭი დაშავებული იყო, მაგრამ ცოცხალი. როდესაც კვამლი გაიფანტა, დავინახე ბიჭი მამის კალთაში, კაცი აღარ მოძრაობდა, ბიჭს კი მუცლიდან სისხლი სდიოდა. ვხედავდი, როგორც ცდილობდნენ ამ ადგილას შემოსვლას სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგანაც ძალიან სახიფათო იყო.

როდესაც კვამლი გაიფანტა, დავინახე ბიჭი მამის კალთაში, კაცი აღარ მოძრაობდა, ბიჭს კი მუცლიდან სისხლი სდიოდა

როდესაც სროლა შეწყდა, ჩემ გვერდით მყოფი ბიჭები გაიფანტნენ, ზოგი მარჯვნივ გაიქცა, ზოგი, მარცხნივ.

საბოლოოდ, ერთი სასწრაფო შემოვიდა და ბიჭი და კაცი წაიყვანა. მძღოლს დავუსტვინე, მან დამინახა და სვლა შეანელა. ვკითხე, შემეძლო თუ არა მათთან ერთად წასვლა, რაზეც უარი მივიღე. მალე მეც წავედი. ჩემს მანქანამდე მისასვლელად დაახლოებით, 7 წუთი დამჭირდა. როდესაც მივდიოდი, ჩემი კოლეგა დავინახე სხვა სააგენტოდან.

ვკითხე მას თუ რამდენი დაშავდა, რამდენი დაიღუპა. მითხრა, რომ სამი გარდაცვლილი იყო და მე მივუგე - "თუ შენ სამ გარდაცვლილზე საუბრობ, დაამატე მას კიდევ ორი, ისინი კედელთან დახოცეს", - ვუთხარი და ვაჩვენე, რაც გადავიღე და მან ყვირილი დაიწყო: "ო, არა, ო, არა, ეს ჯემალი და მისი ვაჟი მუჰამედია, ისინი ბაზარში იყვნენ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო", - ამბობდა ის. ვკითხე, "შენ მას იცნობდი?" და მან მიპასუხა: - "მე მის დაზე ვარ დაქორწინებული."

როდესაც ოფისში მივედი საოცარი სიჩუმე იყო, ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ჩარლზმა დაიწყო: "კარგი, თალალ, მე ვფიქრობ, რომ შენ დასვენება გჭირდება, იმიტომ რომ ეს დაუჯერებელია. დარწმუნებული ხარ, რომ სხვას არ გადაუღია?" და მე ვუთხარი, რომ ეს მე გადავიღე და შეეძლოთ გაუშვათ ექსკლუზიურად France 2-სთვის. შემდეგ სახლში დავბრუნდი.

  • კამერა არ იტყუება

კადრები ეთერში იმ საღამოს 8:00 საათზე გავიდა. შემდეგ ჩარლზმა დამირეკა და ყველაფერი დეტალურად გამომკითხა. ადამიანები განმარტებებს ითხოვდნენ. პარიზში მაღალი რანგის პირებმა დამიწყეს კითხვების დასმა და ყველა მათგანს ვუპასუხე, ვიცოდი, რომ ჩარლზი მენდობოდა და იცოდა, თუ ვინ ვარ მე. მე არ ვარ მიკერძოებული ჟურნალისტი.

ძალიან ბევრი ისაუბრეს ამ ვიდეოს შესახებ. ამბობდნენ, რომ ის იყო ყალბი. ზოგიერთის თქმით, საერთოდ არ იცოდნენ სად იყო ეს ტერიტორია. იყო უამრავი კითხვა და გამოძიება ჩემთან და ვიდეოს ნამდვილობასთან დაკავშირებით და მე მათთვის მქონდა ერთი პასუხი - "კამერა არ იტყუება." ამ ადამიანებმა მე ვერა, მაგრამ ჩემი პრფესია დააზარალეს. ჟურნალისტიკა ჩემი რელიგიაა, ჩემი ენაა, ჟურნალისტიკას არ აქვს საზღვრები და მტკივა, როცა ეს პროფესია ზიანდება.

  • ღირსების სასამართლო

რამდენიმე ადამიანმა ისიც მკითხა, თუ რამდენად გავყიდდი ამ კადრებს, მაგრამ France 2-ისა და ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კადრები უფასოდ გაგვევრცელებინა. ჩვენ არ გამოვიმუშავებთ ფულს ბავშვების სისხლით.

ამ ვიდეოსთვის უამრავი ჯილდო მივიღე. მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის დადგმა. ამ საქმეში საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ცხადია დავამტკიცეთ, რომ არაფერი იყო დადგმული. ამ საქმის მოგება ჩვენი ღირსების საკითხი იყო.

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა - "გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისთვის კარი გაიღო"