ავტორი:

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს და კომისიის კიდევ ერთ წევრს, ნატალია ილიჩოვას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 8 ოქტომბერს წარუდგინა. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლოს პროცესი და აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას სასამართლო, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დასაცავი ბრალს არ აღიარებს და არც სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს. "არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ გარეთ იყოს", - განაცხადა მარიკაშვილმა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ნატალია ილიჩოვას, მისი პოზიცია უცნობია, რადგან მედიასთან მისი ადვოკატი ჯერ არ გამოჩენილა.

დიდი გამოხმაურება მოყვა გუშინვე მათ დაკავებას და "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება პროკურატურას დამოუკიდებლად არ მიუღია. "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბოლომდე გაჰყვებიან დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, ღირსების დაცვას და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენას.

"სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავითგარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ", - განაცხადა საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად "შტერული გადაწყვეტილებაა" მიღებული.

"მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას - ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვიღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არცერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს", - განაცხადა ჟღენტმა.

ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ საზღვრის დამდგენ კომისიაში პრობლემები იყო და არასწორი რუკებით ხდებოდა ოპერირება, უკვირს პროკურატურასთან ასეთი აქციების გამართვა. მისი თქმით, საქმეში დაკავებული პირების პასუხისმგებლობა აშკარად ჩანს.

მამუკა არეშიძე:

- ადრე თუ გვიან სამართალს უნდა ეზეიმა. ამ პროცესებს ველოდი, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს ამბავი და ვინ იქნებოდნენ დამნაშავეები, ამის თქმა მაშინ არ შემეძლო. თუმცა ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი მაშინაც მქონდა.

- პროკურატურის განცხადებით, დაკავებული ქალის სახლიდან ამოღებულია იმ რუკის დედანი, რომელსაც ამდენი წელი ეძებდნენ. გასულ კვირას, როცა ჩხრეკა ჩატარდა, ითქვა, რომ რუკა იპოვეს, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, ის კონკრეტული რუკა თუ ჰქონდა, რომელსაც ეძებდნენ, მაშინ დასახვრეტიაო. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხანი რომ ინახავდა ის ამ რუკას?

- იპოვეს თუ არ იპოვეს ის რუკა მათ სახლში, ამას ჩემთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რუკა საქართველოში რომ უნდა ყოფილიყო, დღესავით ნათელი იყო. რუკა რომ გაქრა, ამას თვითონ ესენი ამბობდნენ, ამტკიცებდნენ, - საქართველოში არ არისო. ერთ-ერთი მათგანი იმ სამსახურის ხელმძღვანელი იყო, სადაც ეს რუკა, წესით, უნდა ყოფილიყო. ასე რომ პრინციპში დამალეს რუკა, თუ გააქრეს, არ ვიცი, მაგრამ ეს რუკა საბოლოო ჯამში გამოჩნდა, ეს არის მთავარი ამ ამბავში. ჩამოიტანეს დაკარგული რუკის მეორე დედანი სხვა ქვეყნიდან და ამის შემდეგ, როდესაც მოხდა ჩხრეკა, მაგასთანაც იპოვეს ის რუკა, რაშიც ამდენი ფული გადაიხადა ბიზნესმენმა და რასაც ამდენი წლები ვეძებდით. ეს არის ძალიან მძიმე საქციელი, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად აიღეს ის რუკა, რომელშიც იყო ძალიან ზოგადი სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიისა და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მეტს გეტყვით, ვთქვათ, ეს რუკა მართლა იყო გამქრალი და ეს ადამიანები არაფრის შუაში არიან, მაგრამ, როცა იმ რუკით ადგენ საზღვარს, რომელიც იცი, რომ არ ვარგა, მაინც დამნაშავე ხარ!.. საერთოდ ნუ გააკეთებდნენ ნურაფერს. ეთქვათ, - კომისია მუშაობას ვერ დაიწყებს, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალებიო. მოეთხოვათ ჯერ შევარდნაძის, მერე უკვე სააკაშვილის ხელისუფლებებისთვის, რომ მოეძებენათ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამაშია საქმე, რადგან გაჩუმდი, გაიყურსე და მოაწერე ხელი ზოგადი რუკის გამოყენებას, უკვე დამნაშავე ხარ.

- ივერი მელაშვილი დაკავებამდე ამბობდა, იმ 1938 წლის რუკის გამოყენება, რომელზეც ახლა საუბარია, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ რუკაში ბევრი ხარვეზიაო.

- ეს არის თვალთმაქცობა. სწორად ამბობს, როცა თქვა, იმ რუკის გამოყენება შეუძლებელი იყოო, მაგრამ ამ დროს მას უნდა ჩაეძიო და კითხო, რუკის რომელ ვარიანტს გულისხმობს და მაშინ გახდება პასუხი ნათელი. ამათ მაშინ ხელთ ჰქონდათ იმ 1938 წლის 1: 200000-იანი რუკის ასლი, რომლის დედანიც ახლა იპოვეს, რასაკვირველია, ასლი ხარვეზით არის და არ გამოდგება საერთაშორისო მოლაპარაკებების კონტექსტში... მოკლედ, როცა ასლზე საუბრობს და ამას ამბობს, მართალს ამბობს, მაგრამ სად იყო ამ დროს ორიგინალი? და თუ არ იყო ორიგინალი, რატომ მოაწერე იმ დოკუმენტს ხელი, რაც ამ რუკის ზოგადი ვარიანტია?! თუმცა აგერ გამოჩნდა, რომ ორიგინალიც არსებობდა თურმე, მათ ჰქონდათ.

- ამ ორი პიროვნების დაკავებას აქციები მოყვა, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლებას, ამაზე რას იტყვით?

- რატომ შემოიხიეს უცებ ტანზე ყველაფერი "ნაცმოძრაობის" წევრებმა და ლიდერებმა, ვერ გავიგე. ჯერჯერობით არავის უთქვამს, თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილია დამნაშავე ამაშიო. ეს ყველაფერი დაიწყო შევარდნაძის დროს და გაგრძელდა სააკაშვილის დროს, თუმცა ცალსახაა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაესვა პირობითი წერტილი. სახელმწიფო გადაწყვეტილება კი არ იყო, კომისიებმა მოაწერეს ხელი და ასე შექმნეს საბოლოო დოკუმენტი. წინასწარ იცოდა ივერი მელაშვილმა და ყველამ, რომ ეს დოკუმენტი არ იყო გამართული და მაინც მოაწერეს ხელი. მარტო ეს ორი ადამიანი არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, ბევრი სხვა ადამიანიც არის ამ საქმეში გარეული, რომლებმაც სულ მცირე, გულგრილობა მაინც გამოიჩინეს ამ შუალედური დოკუმენტის მიმართ.

- ფიქრობთ რომ სხვების პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება?

-აუცილებლად უნდა დადგეს. ზოგის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ზოგის სისხლის სამართლებრივი და ა.შ.

- ოპოზიციის პოზიცია ცალსახაა, მაგრამ გუშინ ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს მოქმედმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგაიძემ და მანაც მხარდაჭერა გამოუცხადა ივერი მელაშვილს, ისიც თქვა, - მის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარებაო.

- კომისიის თავმჯდომარე ყოველთვის იყო მინისტრის მოადგილე და ეს ადამიანები იცვლებოდნენ, მაგრამ მუდმივად რჩებოდნენ კომისის წევრები. მე ივერი მელაშვილს ვერ დავადანაშაულებ, რომ მან მოიპარა რუკა და გააქრო, პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ როცა იცი, რომ არასწორ დოკუმენტს იყენებ, ეს ქვეყნისთვის საზიანოა და აწერ ამას ხელს, ეს არის დანაშაული. სულ ცოტა, განგაშის ზარები მაინც უნდა ატეხო ასეთ დროს. შეიძლება გიგიაძისთვის ის პატრიოტი ადამიანია იმიტომ, რომ ნაკლებად იცნობს შიგნით ამ პროცესს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელმაც სულ მცირე, დაუშვა შეცდომა და რომელიც მცდარი დოკუმენტით ოპერირებდა ამდენი წლის განმავლობაში. პირადად შევხვედრილვარ და ამ საკითხზე მისაუბრია ადრე მასთან, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ მცდარი დოკუმენტებით სარგებლობდა კომისია. იძახდნენ, - სხვა რუკა არ გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთო... შეიძლება აიძულეს კომიის ზოგიერთი წევრი და მათ შორის ივერი მელაშვილი, რომ ასე მოქცეულიყო...

მოკლედ, ეს პროცესი იყო მახინჯი, დანაშაულია ჩადენილი და ამის გამო კინაღამ დავკარგეთ ამხელა ტერიტორია, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილიც. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ივერი მელაშვილის მოყვანილი კადრია. ის კომპეტენტური კარტოგრაფია და ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ ნატალია ილიჩოვასნაირ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ შეეშლებოდა რომელი დოკუმენტი არის საჭირო ასეთი ტიპის მოლაპარაკებებისთვის. ამ ქალს შეცდომა არ მოუვიდოდა ე.ი სხვა რამეშია საქმე... თუ რაში, ვიმედოვნებ, ამას გამოძიება დაადგენს.