ავტორი:

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

თამარ ბახბავა 17 წელია, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს და ძალზე წარმატებული იურისტია. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში კონექტიკუტის შტატის "ამომავალ ვარსკვლავად" ირჩევდნენ, უკვე არაერთ ლიდერულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოასწრო მუშაობა. მისი მეუღლეც იურისტია, საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებული, წარმოშობით იტალიელი მეთიუ დივიტო.

- ბავშვობა ფოთში გავატარე. დედა ქართული ენის მასწავლებელია, 25 წლისა დაქვრივდა, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა და მთლიანად ჩვენ მოგვიძღვნა ცხოვრება. ყოველთვის გვეუბნებოდა, ოღონდ კარგად ისწავლეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენს ხელშესაწყობადო. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ჩემი დის, მაკას დამსახურებით მიმიწვია ამერიკულმა ოჯახმა - გერი ჰავიმ და პატრიშა სკოტმა, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი მომავალი. ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე, მაკა ამერიკაში სასწავლებლად 40 ბავშვთან ერთად წავიდა - იმ წლებში ფოთში კონკურსი ტარდებოდა ინგლისურ ენაში, გამარჯვებულს ფოთის მერიისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობა ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად გზავნიდა. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი და საქართველოში დაბრუნდა, მისი მასპინძელი ცოლ-ქმარი კი სულ ეპატიჟებოდა, ჩამოდი და შენი დაც ჩამოიყვანეო. მინდოდა, ჯერ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და მერე გამეგრძელებინა საზღვარგარეთ სწავლა. ასეც მოხდა. ბაკალავრის ხარისხად ჩამითვალეს ჩემი იურიდიული განათლება და მიმიღეს სკოლაში, რომელსაც ეწოდება University of Virginia School of Law და რომელიც საუკეთესო ათეულშია მთელ ქვეყანაში, ჰარვარდისა და იეილის უნივერსიტეტების გვერდით. სწავლის საფასურს სტუდენტური სესხით ვიხდიდი. ერთ ზაფხულს, საქართველოში ჩამოსულმა, ქართულ-ბრიტანულ ფირმაში დავიწყე მუშაობა და კარგი გამოცდილებაც მივიღე. სიმართლე გითხრათ, სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებდი საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას, მაგრამ დავოჯახდი და გეგმები შემეცვალა.

- ალბათ რთულია კარიერის აწყობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხომ?- თავიდან იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი. შარშან დავანებე თავი კერძო პრაქტიკას. ახლა კონექტიკუტის გენერალური იურისტის ოფისში ვმუშაობ სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში. ჩვენ ვიცავთ კონექტიკუტის შტატს, ყველა მის სააგენტოს, დეპარტამენტს, სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს, შტატის უნივერსიტეტებს და კოლეჯებს, ასევე, ოფიციალურ პირებსა და მუშაკებს შტატის სასამართლოებსა და ფედერალურ სასამართლოში. ისევე, როგორც კონექტიკუტში, ლიცენზირებული ვარ ნიუ-იორკშიც და ფედერალურ სასამართლოში. New England Super Lawyerს - ეს ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს შერჩეულ იურისტებს კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის, როდ-აილენდის, ვერმონტის, ნიუ-ჰემშაირისა და მეინის შტატებიდან. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ამირჩიეს კონექტიკუტის "ამომავალ ვარსკვლავად". არაერთი ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი თუ ხელმძღვანელი ვყოფილვარ, ამირჩიეს კონექტიკუტის შტატის ადვოკატთა ასოციაციის დეპუტატთა პალატის წევრად, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო ოლქს წარმოვადგენ.სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა. აქ არავის აინტერესებს, ვინ არიან შენი მშობლები ან ნათესავები. ამიტომაც ეძახიან ამერიკას ოცნებების ქვეყანას. ის მართლაც გაძლევს წარმატების შესაძლებლობას, თუ ბევრს იშრომებ. ამ წლების განმავლობაში დასასვენებლად მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ჩამოსვლა საქართველოში.

ამ ყველაფერს მივაღწიე იმიტომ, რომ მყავს არაჩვეულებრივი დედა და და, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მხარში მედგა. ასევე, ჩემი ამერიკული ოჯახი, ვინც მომცა ეს შესაძლებლობა ცხოვრებაში. უაღრესად მადლიერი ვარ მათი და კიდევ, ჩემი პირველი სკოლისა და მისი არაჩვეულებრივი მასწავლებლების, რომლებმაც ამ მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ განათლება არის ყველაფერი, ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მინდა, საქართველოშიც შეიცვალოს სიტუაცია და დააფასონ არა ოჯახისშვილობა და ფული, არამედ ნიჭი და განათლება. გააგრძლეთ კითხვა

"TV პირველის" ოპერატორს ცესკოსთან სამართალდამცველთა მიერ აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

ცესკოსთან აქციის მონაწილეებმა დამცავი ჯებირის ნაწილი გაარღვიეს, პოლიცია კი მათ დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებს