ავტორი:

"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ ჟურნალ "სფექთეითორში" («The Spectator») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "კავკასიური კონფლიქტი, რომელსაც ომის გამოწვევა შეუძლია // საქართველო ყველა შესაძლო სიტუაციიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება", რომელშიც გაანალიზებულია მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მიზეზები, მასში ჩართული ძალები, მხარეთა ინტერესები და პერსპექტივა (ავტორი - ტიმ ოგდენი).

როგორც ავტორი წერს, კონფლიქტში აზერბაიჯანის პოზიცია იურიდიულად გამართლებულია, ბაქო საკუთარი ტერიტორიის გაერთიანებას ცდილობს. თურქეთი ყველაზე აგრესიული გარეშე ძალაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოდის აზერბაიჯანის ძლიერ მოკავშირედ. სომხეთის მოკავშირე იურიდიულად რუსეთია, მაგრამ მოსკოვი თავს იკავებს, რომ ერევანს დაეხმაროს, სხვადასხვა მიზეზების გამო: კრემლს არ მოსწონს სომხეთის ამჟამინდელი, ზედმეტად პროდასავლელი მთავრობა და ძალიანაც არ იდარდებს იმას, თუ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება დაემხობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი რუსეთმა გაწირა: მოსკოვმა მიანიშნა, რომ არ დაუშვებს ომის ხანძრის გადასვლას საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე. ცხადია, საბოლოო ჯამში, თუ რუსეთი საერთოდ არ დაეხმარება სომხეთს, მოსკოვი პერსპექტივაში სომხეთის მომდევნო მთავრობების ნდობას დაკარგავს.

სტატიაში განხილულია სცენარი, რა მოჰყვება რუსეთის კონფლიქტში ჩაბმას, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველო და რას გააკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა:

"თუ რუსეთი კონფლიქტში იქნება ჩათრეული, მაშინ მას მოუწევს გიუმრიში არსებული სამხედრო ბაზის გაძლიერება. ამისათვის კი საჭიროა სახმელეთო გზის არსებობა, რომელიც მხოლოდ ნეიტრალური საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აშკარაა, რომ საქართველო ყველა შესაძლო სიტუაციიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. თუ პირველი მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების ისტორიას გავიხსენებთ, საქართველო შეიძლება ბელგიას შევადაროთ იმ განსხვავებით, რომ დღეს საქართველო არ გრძნობს ზურგსუკან ისეთი დამცველის ძალას, როგორიც ბელგიისთვის დიდი ბრიტანეთი იყო და რომელიც მისი დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენდა.

საქართველოს მნიშვნელოვანი უთანხმოება აქვს რუსეთთან. საქართველოში არსებობს ორი სეპარატისტული წარმონაქმნი, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს (მათ ტერიტორიაზე მოსკოვს თავისი სამხედრო ბაზებიც აქვს). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მთავარი მიზეზი იყო. მოსკოვსა და თბილისს შორის დღემდე გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. ამ კონფლიქტისადმი თავის დროზე დასავლეთმა უყურადღებობა გამოიჩინა, შესაბამისად, რუსეთმა კვლავ გაიმეორა იგივე უკრაინასთან მიმართებით.

საქართველოს ტერიტორიაზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობ-და გაზსადენები, რომელებიც ევროპას ენერგორესურსებით ამარაგებს. თბილისი მისთვის საჭირო ბუნებრივ გაზს სწორედ ამ გაზსადენიდან იღებს, საქართველო ამ მხრივ დამოკიდებული არაა არც რუსეთზე და არც ირანზე, მაგრამ დამოკიდებულია აზერბაიჯანზე. ნაწილობრივ სწორედ ამ პროექტების წყალობით საქართველო 2003 წლიდან დასავლეთს დაუახლოვდა, ჩაერთო ნატოს პროგრამებში, სამშვიდობო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. მილსადენებმა საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ინტეგრაციისაკენაც უბიძგა, რომელებიც, შესაბამისად, მილსადენების დასაწყისს და დაბოლოებას აკონტროლებენ.

კონფლიქტს დიდი დრო არ დაჭირდება გაფართოებისათვის:

პირველი სცენარი: თუ აზერბაიჯანის არმია საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება მას პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს და თბილისს სახმელეთო გზის გამოყენების უფლების მიცემას აიძულებს;

მეორე სცენარი: თუ სომხეთი კონტრშეტევას შეძლებს და გამარჯვების სასწორი მისკენ გადაიხრება, თუ აზერბაიჯანის არმია უკან დაიხევს, მაშინ თურქეთი, რასაკვირველია, არ შეურიგდება თავისი მოკავშირის დამარცხებას, რადგან ეს მისთვის საერთაშორისო ავტორიტეტის დაკარგვის ტოლფასი იქნება - მეორე სირცხვილი ანკარისათვის (პირველი მან აგვისტოში, საბერძნეთთან დაპირისპირებაში განიცადა).

რამდენადაც დღეს დასავლეთი "კოვიდ-19"თან ბრძოლით არის დაკავებული, ხოლო ამერიკა - საპრეზიდენტო არჩევნებით, კავკასია მეტ-ნაკლებად საერთაშორისო ყურადღების მიღმა რჩება. მხოლოდ საფრანგეთი ახმარს ძალისხმევას სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ნიადაგის მომზადებას, მაგრამ აზერბაიჯანიც და თურქეთიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდებებს პროსომხურად თვლიან და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ პარიზის ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდება", - ნათქვამია სტატიაში. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"