ავტორი:

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს. კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც საგამოძიებო ორგანო დაკავებულებს უყენებს, კომისიის კვლევით საქმიანობაში კარტოგრაფების მონაწილეობის საკითხს შეეხება. პროკურატურის პოზიციით, კომისიის ხელმძღვანელები ვალდებულები იყვნენ პროცესებში კარტოგრაფები ჩაერთოთ.

რომელი რუკა ასახავს სინამდვილეს ყველაზე მეტად და რამდენად ეფექტურად მუშაობდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია? - Ambebi.ge სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კარტოგრაფ რევაზ თოლორდავას ესაუბრა.

- რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება?

- ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია. გამიჭირდება რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხი ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისგან უნდა გათავისუფლდეს და დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად. 30 წელია დავა მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაწყებულიც კი არ არის. მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს ვისმენთ.

- თქვენი აზრით, რომელი რუკით უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა პრობლემის გადაწყვეტის პროცესში? რომელია რეალობასთან ყველაზე ახლოს?

-1933 წელს, როდესაც საზღვრები დადგინდა, გამოყენებული იყო 500 000-მასშტაბიანი რუკა, რაც, ცხადია, მიუღებელი იყო. ევროკავშირის ქვეყნების რეკომენდაციებით, გამოყენებული შეიძლება იყოს მინიმუმ 250 000-იანი მასშტაბის რუკა. 500 000-მასშტაბიანზე ერთ მილიმეტრში არის 500 მეტრი. წარმოიდგინეთ, მილიმეტრის გადაწევამ აქეთ-იქეთ, შეიძლება კილომეტრობით ტერიტორია წაგვართვას. კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 200 000 - მასშტაბიანი რუკით, ამ რუკაზე სადაო ტერიტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული. საუბარია 1937-38 წლებში შსს-თვის გაკეთებულ რუკაზე. კომისია კი სარგებლობდა 500 000-იანი მასშტაბის რუკით და იქედან აკეთებდნენ შემდეგ 250 000-იან მასშტაბს, რაც არის შეუძლებელი. ეს არის მათი მთავარი შეცდომა. რუკა შეიძლება გააკეთო მსხვილიდან წვრილი მასშტაბის და არა - პირიქით. აი, რატომ : წვრილ მასშტაბზე ბევრი ობიექტი არ არის დატანილი და რაც არ უნდა გაადიდო, ის ობიექტები მაინც ვერ მოექცევა რუკაზე. მაგრამ თუ დიდ მასშტაბიანს დავაწვრილებთ, ობიექტები არსად გაქრება და ჩვენ შერჩევით შეგვიძლია დავიტანოთ ისინი რუკაზე. ახლა უნდა იმართლონ თავი დაკავებულებმა, რატომ არ გამოიყენეს, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა, რომლის გამოყენებაც სრულიად შესაძლებელი იყო და რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ.

- ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც დაკავებულებს უყენებენ ისაა, რომ მათ არ ჩართეს კვლევით საქმიანობაში კარტოგრაფები. თქვენ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ასეთ საკითხებში კარტოგრაფის ჩართვა და რა ფუნქცია ეკისრება მას?

- ცხადია, კომისიაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები: კარტოგრაფები, ისტორიკოსები, გეოგრაფები და საკითხთან დაკავშირებული სხვა პროფესიის ადამიანები. ამ კომისიაში ამის ნაკლებობა იყო, რის გამოც შეიქმნა პრობლემების მთელი ჯაჭვი. სხვათა შორის, იყო საუბარი, რომ ჩვენ, კარტოგრაფები უნდა ჩავრთულიყავით ამ საკითხებში, მაგრამ შემდეგ უარი გვითხრეს, არ გვინდა მეცნიერებიო. ამის შედეგია ზუსტად განვითარებული მოვლენები. კარტოგრაფი კარგად იცნობს კარტოგრაფიულ წყაროებს, რომელიც სახელმწიფოში არსებობს და შეუძლია შეაფასოს მასალების ვარგისიანობა. მას შეუძლია მასშტაბების შესაბამისობის შეფასებაც. ამ სპეციფიკური ცოდნის ადამიანი კარგად ერკვევა რელიეფის თავისებურების საკითხებშიც. იცნობს ამა თუ იმ ობიექტის მდებარეობას და ა.შ. იმ კომისიას რომ გაეთვალისწინებინა ეს მხარე, ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა.

- რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ პრობლემის გადაწყვეტა და რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?

- იმიტომ, რომ საკითხების გადაწყვეტაში ჩართული არ ყოფილან კვალიფიციური სპეციალისტები. ასევე, ეს თემა დიდი დოზით იყო პოლიტიზირებული. კომისიის მუშაობაში აზერბაიჯანის მხარიდან ჩართული არიან პროფესიონალი ექსპერტები, ჩვენგან კი არა. ჩვენთან იმას ამბობენ, მეცნიერები არ გვჭირდებაო. პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს საქმიანად. და მაინც, თუ ვერ მოხერხდა შეთანმების მიღწევა ორ სახელმწიფოს შორის, არსებობენ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც უნდა მოვიწვიოთ და მათ მივანდოთ პრობლემის გადაჭრა... ასეთი საკითხების გადაწყვეტა უცებ არ ხდება, წლები სჭირდება, თუმცა მოუგვარებელი არ არის.

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა