ავტორი:

"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?

"მოდუნება არ შეიძლება... ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ომში ჩართვას" - რა შეიძლება მოჰყვეს აზერბაიჯანულ-სომხურ სოცქსელებში დაწყებულ ანტიქართულ კამპანიას?

თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის მართვით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება, რამდენად მძლავრი და ქმედითი შესაძლებლობაა საინფორმაციო ომი თანამედროვე, ინფორამციულ ეპოქაში.

"თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგეზე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ყოველთვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ დღეს ამ სოცქსელების და გლობალური კომუნიკაციის ეპოქაში, ამან ლამის პირველ ადგილზე გადაინაცვლა" - პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, ორი მეზობელი ქვეყნის სოციალურ ქსელებში გაჩაღებულ ანტიქართულ საინფორმაციო კამპანიასა და ამის შედეგად ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი დაძლევის გზებზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს.

- საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით, სომხურ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში რა სახის ანტიქართული კამპანია მიდის და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგეზე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური ზეწოლა (მორალური და ფსიქოლოგიური გატეხვა, ან დეზინფორმაციის შეტანა მოწინააღმდეგეში) ყოველთვის იყო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ დღეს ამ სოცქსელების და გლობალური კომუნიკაციის ეპოქაში, ამან ლამის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საინფორმაციო ომის მიზანი არის საზოგადოების დეზინფორმაცია, დემორალიზაცია, ფრუსტრაცია, დეპრესიაში ჩაგდება, მორალური და ღირებულებითი ორიენტირების აღრევა და ა.შ. მით უფრო, როცა ორ სახელმწიფოს შორის იწყება ომი, საინფორმაციო ომი მისი გარდაუვალი ელემენტია.

ჩვენთვის განსაკუთრებით საფრთხილო ისაა, რომ ამ საინფორმაციო ომის სამიზნე პირდაპირ გახდა საქართველო. რა პრიზმით მოჰყვა საქართველო ამ საინფორმაციო ომში? - კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებული კამპანია დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ სოცქსელებში, რომელთა შინაარსი დაახლოებით ასეთია: საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გავლით, აზერბაიჯანს მიეწოდება შეიარაღება – ძირითადად ამაზე ხდება აპელირება. აზერბაიჯანში იყო მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, მაგრამ დროზე აღიკვეთა, თავად სახელმწიფოს პოზიცია იყო ძალიან მყარი, მალე მისცეს რეაგირება და არ მოხდა ამის სტიგმატიზაცია.

თუმცა სომხურ სოციალურ ქსელებში ფართო გასაქანი მიიღო ამ ყველაფერმა. როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, თანამემამულეებს მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და ის, რომ საქართველო ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ორივე მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გახსოვთ ალბათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმაც გააკეთა განცხადება, სადაც საუბარი იყო სოცქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციებზე და ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ პროვოკაციას არ აჰყვნენ. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი.

- როგორ და რა გზებით უნდა დაიძლიოს ანტიქართული საინფორმაციო კამპანია?

- ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას თავად სოცქსელების ადმინისტრაციასთან ჰქონდეს კომუნიკაცია. ის ორმხრივი უნდა იყოს. მაგალითად, უნდა იყოს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის გვერდების მონიტორინგს - საიდან მოდის, როგორ იმართება ისინი და ა.შ. მათი კომუნიკაცია უნდა იყოს ორი მიმართულებით: 1. კონკრეტულად სომხეთის, ან ზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების მიმართულებით, ვისაც მართული გვერდების გამოვლენა - აღკვეთა შეუძლია 2. "ფეისბუკის" მიმართულებით, რათა დარეპორტდეს ასეთი გვერდები და მოხდეს გავრცელების შეზღუდვა.

ყოველდღიური სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით, მოდუნება არ შეიძლება, ვინაიდან ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე ანტიქართული განწყობის ჩამოყალიბება, დესტაბილიზაციის მოწოდებები უკვე საქართველოს შიგნით. ცნობილია, რომ როგორც ქვემო ქართლში, ასევე ჯავახეთში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი შეუერთდეს მათ ისტორიულ სამშობლოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, თუ სომხებს და ეს კიდევ მეორე უმძიმეს გამოწვევამდე მიგვიყვანდა. საქართველო ვერ დაუშვებს თავისი მოქალაქეების ამ ომში ჩართვას, მაგრამ მათთან სწორი მუშაობაა საჭირო – მათ ლიდერებთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, ადგილზე მყოფ არასამთავრობოებთან, რელიგიურ ლიდერებთან და სხვა, რათა სწორად იქნას მიწოდებული საქართველოს სახელმწიფოს არგუმენტები. მაგ. იმავე სამცხე-ჯავახეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს არ გადაატანინეს ჰუმანიტარული ტვირთი, თუმცა აზერბაიჯანის საელჩომ ამ მხრივაც გააკეთა განცხადება, არც მოხალისეების და არც ჰუმანიტარული დახმარება არ გვჭირდებაო.

- ვისი კვალი იკვეთება, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები შეიძლება იყვნენ დაინტერესებული დესტაბილიზაციითა და საქართველოში სიტუაციის არევით?

- აქ ძირითადად რუსული კვალი იკვეთება. საღად მოაზროვნე ხელისუფალი – როგორც სომხეთის, ისე - აზერბაიჯანის, ხვდება, რომ მისთვის არანაკლები კატასტროფაა საქართველოსთან სიტუაციის არევა, ვიდრე უშუალოდ საქართველოსთვის. ამიტომაც თითქმის გამოვრიცხავ, რომ ეს განწყობები მეზობელი პარტნიორი სახელმწიფოებიდან იმართებოდეს.

ამ ვითარებაში მათთვისაც კატასტროფულია საქართველოსთან დაპირისპირება. ასე რომ, ამის უკან ერთის მხრივ ნაციონალისტური ჯგუფები და მეორეს მხრივ, რუსული კვალი უნდა იყოს, ვის ინტერესებშიც ყოველთვის შედიოდა და შედის არეული კავკასია. რუსეთი თუ ერთდროულად სამ კურდღელს დაიჭერს და იმ ორი ქვეყნის პარალელურად, ომში საქართველოსაც ჩაითრევს, ეს მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, ვიტყოდი, ყირიმის ოკუპაციაზე დიდი მიღწევაც - მთლიანად სამხრეთ კავკასიის არევა და მერე იქ სამშვიდობო მისიით მთელი კავკასიის დაქვემდებარება. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

- ალბათ ლოგიკური იქნება, ამავე კონტექსტში თუ განვიხილავთ დავითგარეჯის თემის წამოწევასაც...

- რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნება. თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ გარეჯი მისთვის არის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს ჩემთვის და ჩემი თაობისთვისაა. სწორედ ჩემი თაობა იბრძოდა პირველად გარეჯისთვის, რითიც დაიწყო კიდეც ეროვნული მოძრაობა. რა თქმა უნდა, გარეჯის საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საქართველოს კულტურას, ისტორიას და იდენტობას შეჰფერის და სჭირდება, მაგრამ ახლა ამ თემის წამოწევა მცდარ ნაბიჯად მიმაჩნია.

ერთ კითხვას დავსვამ: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთი არ ატარებს ამერიკულ გემებს საქართველოსკენ. გაიხსენოს თვითეულმა, როგორი უსუსურობისა და საშინელი განაწყენების გრძნობა ეუფლებოდა თურქეთის მიმართ იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ინფორმაცია რეალური. დღეს აზერბაიჯანის პოზიცია წარმოვიდგინოთ, როდესაც ის ომშია ჩაბმული, საქართველოს მხრიდან იხსნება მეორე საინფორმაციო ფრონტი. ან რუკა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვინმეს შეუძლია დაგვაჯეროს, რომ რუსეთმა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს კეთილი განზრახვით გააკეთა? კირიონი ამტკიცებს, რომ “ოცნების” ყველა პრემიერთან მივიდა და თუ ჰქონდათ მისი არგუმენტები, აქამდე რატომ არ მიაქციეს მას ყურადღება?

მათივე პარტნიორი ირმა ინაშვილი 2019 წლიდან რომ ითხოვდა ამ სადემარკაციო კომისიის მუშაობის შესწავლას, მაშინ რატომ არ მიაქციეს ყურადღება? - იმიტომ, რომ ახლა დასჭირდათ. აქაც წმინდა წყლის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის ნიშნებს ვკითხულობ. არანაირი საზღვრის ამ მონაკვეთის დემარკაცია არ მომხდარა, ხომ? რამე გაიყიდა და შედეგი დადგა? ჩვენ თუ გავყიდეთ, მაშინ რა იყიდა ალიევმა? რა, საზღვარია გავლებული? რა შედეგი დადგა ამ გაყიდვით? ან რა მოტივით მალავდა ეს ხალხი ამ რუკებს? თუ იმას ველით, რომ ომში ჩაბმული აზერბაიჯანი არჩევნებამდე საქართველოს ამ რუკების მიხედვით კუთვნილ ტერიტორიას დაგვითმობს და მას საქართველოს ნაწილად აღიარებს, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"