ავტორი:

"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?

"აჩიკო სულ ამბობს, შენში წითელმა პომადამ და მანიკიურმა მომხიბლაო" - როგორ ახერხებს ხატია შამუგია მუდმივად ფორმაში ყოფნას და რაში არ ზოგავს თანხას?

ყოველთვის ფორმაშია, მოწესრიგებულია და სხვასაც სიამოვნებით უზიარებს თავის მოვლის მისეულ წესებს, გამოცდილებას. ამბობს, რომ ამაში საიდუმლოც არაფერია, ეს ხომ ჩვეულებრივი ზრუნვაა გარეგნობაზე.

პარფიუმერული კომპანია "ისი-პარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია შამუგია, რომელსაც "სურნელოვან ქალბატონსაც" უწოდებენ, ამჯერად AMBEBI.GE-ს სტუმარია:

- თავის მოვლის პროცედურები ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ორგანულია, როგორც ყოველი ადამიანისთვის დილას თავის მიწესრიგება, თუმცა ამ მოვლის პროცედურებისთვის ღამე უფრო მეტი დრო მეხარჯება, რადგანაც ეს ყველაფერი საღამოს უფრო გამართლებული და მიღებულია. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი დასაძინებლად, დასასვენებლად ემზადება, კანიც უფრო აქტიურად იწოვს მკვებავს და ეფექტიც მეტია. თუ ერთი ადამიანი მაინც თვლის, რომ კარგად გამოვიყურები, ეს სხვადასხვა საცხისა და ტანის მოვლის საშუალებების გარდა, ვარჯიშის დამსახურებაა, რითაც უკვე 14 წელია, დაკავებული ვარ. დავდივარ აკვააერობიკაზე და კვირაში სამჯერ, სამსახურის შემდეგ ვვარჯიშობ. ეს არის ჩემი წესი და რიგი, ყოველკვირეული რუტინა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. წყლიდან რომ ამოვდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. მერე ის ზღვა ენერგია, რომელიც ვარჯიშის შემდეგ მომდის, როგორ დავხარჯო, არ ვიცი.

- ე.ი. ბევრ რამეს ჯანსაღი ცხოვრების წესი განსაზღვრავს...

- დიახ, და ეს სჭირდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, რაც პირდაპირ ადამიანის კანზე აისახება. გარდა ამისა, მინდა, სიამაყით აღვნიშნო (თუმცა ეს ბევრმა იცის კიდეც), რომ ალკოჰოლური სასმელი ცხოვრებაში არ დამილევია. ამასთან, თუ ვთქვათ, ჩემი სასმსახურებრივი საჭიროება არ არის, რაიმე საღამო, ღონისძიება არ მიმყავს, საღამოს ადრე ვიძინებ. არც ღამის გათენება მიყვარს და არც - სიგარეტი. ესეც აისახება ადამიანის გარეგნობაზე... გარდა ამისა, უზომოდ მიყვარს გარუჯვა, წყალი, მაგრამ ბოლო წლებია, სახეზე მზეს არ ვიკარებ, განსაკუთრებულად ვიცავ, თუმცა ბევრს ვცურავ, არ ვარ ის კატეგორია, რომლიც დღე და ღამე პლაჟზე წევს - ცურვისას ვირუჯები.

- რაც შეეხება კვებას - დიეტას იცავ?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ "მალდონალდსის" საკვებს არ ვეკარები. საათობით და კალორიების დათვლით კვება არ გამომდის, ამის საშუალებას დღის რეჟიმიც არ მაძლევს, მაგრამ პური, ცომეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელი აბსოლუტურად ამოღებულ მაქვს კვების რაციონიდან. ყველაფერს საღამოს 7 საათამდე ვჭამ, ვარჯიშის მერე აღარ ვიკვებები. უნდა გითხრათ, რომ ჩემს თავზე ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, რომ ნამცხვარსა და "კოკა-კოლაზე" ვთქვი უარი... მერე ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევი და მოთხოვნილებაც აღარ გაქვს...

- კანისა და თმის მოვლაც მნიშვნელოვანია ქალისთვის...

- დიდ ყურადღებას ვაქცევ თმას. მე თუ მკითხავთ, ქალი კანი, თმა და ფრჩხილია... შემიძლია სამოსზე, მანქანზე, ტელეფონზე გავაკეთო ეკონომია, მაგრამ რაც შეეხება თმისა და კანის მოვლის ხარისხიან საშუალებებზე ეკონომია არ გამომდის.

- თანამედროვე ქალბატონები, იმისთვის, რომ საკუთარი გარეგნობა მეტად სრულყონ, აქტიურად მიმართავენ თანამედროვე მედიცინის მიღწევას - პლასტიკურ ქირურგიას. ამ მიმართუებით რაიმე მცდელობა ხომ არ გქონია?

- პლასტიკურ ქირურგიას, ესთეტიკურ მედიცინას მივესალმები და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ნაკლი იცის და ყველაფერს ზომიერად და ბუნებრივად იკეთებს ამა თუ იმ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში. საერთოდ, გადაჭარბება ყველაფერში მაღიზიანებს, მარტო პლასტიკურ ქირურგიაში კი არა. ოქროს შუალედი ყველაფერს უხდება. არსებობს კარგი პლასტიკური ქირურგი და დამჯერი პაციენტი და მგონია, არც ერთი პლასტიკური ქირურგი პაციენტს არ მისცემს ცუდ რჩევას, მაგრამ როცა პაციენტს მეტი და მეტი უნდა, მაშინ სპეციალისტი უძლურია...

უკმაყოფილების შემთხვევებს კი, ბოლოს რატომღაც პლასტიკურ ქირურგს აბრალებენ. ეს მათი ბრალი არ არის, საქმეში ჩაუხედავი პაციენტების ბრალია. მოკლედ, ჯერჯერობით ამისთვის არ მიმიმართავს, მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ცხვირი ნორმალური ფორმის მაქვს. თუმცა როცა ასაკი მომემატება და ინექციური მედიცინა, საცხი, აპარატი ვერაფერს მიშველის, მერე აუცილებლდ მივმართავ. რატომაც არა, როცა შეგიძლია ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, არ უნდა შეეგუო ასაკს. წელიწადში ერთხელ სამ ეტაპად ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას და აქაც მიმაჩნია, რომ პრეპარატების დაზოგვა არ ღირს. ჯობია, ძვირი პრეპარატი გაიკეთო და ერთხელ, ვიდრე იაფი. იაფი პრეპარატების არ მწამს.

- სახლიდან გასვლისას მნიშვნელოვანი რა არის შენთვის?

- "პუდრის", ტონალურის და პომადის გარეშე სახლიდან არ გავდივარ - ეს უკვე ჩვევაში მაქვს. ამ პანდემიის პერიოდში პირბადემ ცოტა გამირთულა საქმე - პომადა გადადის, მაგრამ ახლა ისეთი ძლიერი პომადის წასმა მიწევს, რომელიც უკვე არ გადადის. ეს პომადა დიდად არ მომწონს, მაგრამ მიწევს. პირბადემაც კი ვერ მათქმევინა უარი პომადაზე...

- ქალის გარეგნობაზე ისიც აისახება გვერდით ვინ ჰყავს...

- აჩიკო ისეთი ესთეტია, პარფიუმერიაში ჩემზე მეტად ერკვევა. ჯერ ერთი, ევროპის გულში, ირლანდიაში ცხოვრობს და პარფიუმერულ სიახლეებს პირველი ეზიარება ხოლმე. სულ ამბობს, რომ შენში ყველაზე მეტად წითელმა პომადამ და წითელმა მანიკიურმა მომხიბლაო. ახლა კორონას გამო, უცხო ქვეყნებში ჩამოსვლა-წასვლა გართულებულია და ონლაინ როცა ველაპარაკები, არ არსებობს, მანიკიური არ შეამოწმოს, მისვია თუ არა. აკონტროლებს ჩემს ვიზუალურ მხარეს, ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩემი გემოვნება მოსწონს. არ მიყვარს ვულგარული ჩაცმულობა. სისადავეს ვანიჭებ უპირატესობას. ჩაცმის სტილით უფრო კლასიკურისკენ ვიხრები - ამ სტილს რაღაც თავისთავად მოვერგე.

- აქსესუარებიდან ყველაზე აქტიურად რას იყენებ?

- ბიჟუტერიის მიმართ რატომღაც ალერგია მაქვს და ვერ ვიყენებ, ამიტომ, ოქროს სამკაულებს ვიკეთებ. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, მასიური სამკაულები არ მიხდება და პატარა, წვრილი საყურეები, ბეჭდები მაქვს, ასეთივე ყელსაბამი. სახლიდან წვრილი ოქროს სამაჯურის გარეშე არ გავდივარ, ეს ჩემი განუყრელი ნივთია. აქსესუარებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ბროშები და შარფები... შეიძლება 5 დღე ერთი და იგივე კაბა გეცვას, მაგრამ ბროშით სხვანაირი იყოს ის კაბა, შარფით და სამკაულით. ასე რომ, გემოვნების მიხედვით, შეგიძლია, სხვადასხვანაირი "ლუქი" შექმნა.

- ჩვენ დიდი აუდიტორია გვკითხულობს, მათ შორის არიან საქმიანი ქალბატონები, დიასახლისები, ისინიც, ვისაც საშუალება არ აქვს, თავის მოვლას სერიოზული თანხები დაახარჯონ, ვთქვათ, იარონ პრესტიჟულ სალონებში, ჩაეწერონ მანიკიურის რიგში, იყიდონ ძვირადღირებული ტუჩსაცხი და ა.შ. რა რჩევას მისცემდი მათ?

- არ აქვს მნიშვნელობა, ვინც გინდა იყოს - მეც ხშირად, დროის უქონლობის გამო ვერ მივსულვარ მანიკიურზე და სახლში წამისვამს. არ აქვს მნიშვნელობა, ტუჩსაცხი ძვირი იქნება თუ შეღავათიანი ფასის, ახლა ფართო არჩევანია, რომ სასურველი პროდუქტი შეიძინო კანისა თუ თმის მოვლისთვის. რაც შეეხება სახის ნიღაბს, სახლის პირობებში ხილის, თაფლის და სხვადასხვა რაღაცისგან გაკეთება მარტივად შეიძლება.

მაგალითად, თმისთვის იგივე გვირილის ნახარში გადასარევია... თმის მოვლის საშუალებებშიც არის ისეთი კარგი რაღაცები, რაც სულაც არ არის ძვირი. მთავარია სწორად შერჩეული და მიგნებული ნივთი, პროდუქტი იყოს, ფასს აზრი არ აქვს. მანიკიურის წასმაც სახლშიც შეიძლება. ხომ, ვამბობ, გემოვნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, შეიძლება ლამაზი კაბაც შეიკერო, სხვადასხვაგვარი სამოსიც, არც ბრენდული იყოს და არც ძვირი, მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერ შემთხვვაში ადამიანს გემოვნება სჭირდება.

არ მეგულება ქვეყანაზე ქალი, რომელსაც არ აქვს სურვილი, კარგად გამოიყურებოდეს. მგონია, რომ მასში თავისთავად ზის ის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და იპრანჭებოდეს. თუ კმაყოფილი ხარ და თვლი, რომ არა გიშავს, კარგად გამოიყურები, ე.ი. ყველაფერი კარგად არის. როცა კარგად გამოიყურები, მეტად თავდაჯერებული ხარ, რაც შენს საქმიანობაზეც აისახება. ოღონდ, ეს თავდაჯერბულობა ობიექტური უნდა იყოს, თორემ არიან ადამიანები, არაფერს წარმოადგენენ და ისეთი თავდაჯერებულები არიან, რაც ძალიან სასაცილოა. ვიმეორებ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება. კარგია სამოსიც, ფეხსაცმელიც, მაგრამ მთავარია, ქალი შიგნიდან როგორი ასხივებს... საერთოდ კი, ქალი უნდა იყოს პრიალა, სუფთა და სურნელოვანი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა და რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება?

1 აპრილიდან დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნები ექნებათ

დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და სად იწვიმებს?