ავტორი:

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

პანდემიამ ცხოვრების სტილი და საქმიანობის რეჟიმი ბევრ ადამიანს შეუცვალა. თეა ლომთათიძეც მათ რიგშია. წლების განმავლობაში ბაღის პედაგოგი, ორი შვილის დედა დღეს სხვა საქმიანობითაა დაკავებული. თუმცა მისი მთავარი ობიექტი წარსულშიც და ახლაც ბავშვები, ახალგაზრდები არიან. საქმიანი და ხელმარჯვე ქალბატონი თავისი ამბავის თხრობას იწყებს:

"განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, მეტიც, ამის სურვილიც არ მქონია. ალბათ მკითხავთ - რატომ? ბავშვობიდან ვწერ, ჩემი ჩანახატებით ვცოცხლობ და სულ ასე იყო... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე "ბიზნესადმინისტრირებამდე" ჩავაბარე და ოცნება ავიხდინე, პირველ კურსზევე ვწერდი რესპოდენტებს, ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე კურსზე რომ გადავედი, სამწუხაროდ, ჩემი გამზრდელი ბებია, რომელიც გურიაში მარტო ცხოვრობდა, ავად გახდა. იმის გამო, რომ დედა მუშაობდა, სხვა გამოსავალი არ იყო - მის მოსავლელად მე უნდა წავსულიყავი. ავიღე აკადემიური წელი და გურიაში გავემგზავრე. საკმაოდ დიდი დრო დავყავი იქ, თუმცა ამ ყველაფერს არ ვნანობ, რადგან მას ჩემი იქ ყოფნით წლები მოემატა...

გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე ოჯახი შევქმენი და სწავლა ვეღარ გავაგრძელე, რადგან თბილისიდან ბათუმში აღმოვჩნდი. დღესაც აქ ვცხოვრობ" - გვეუბნება რესპონდენტი, რომელმაც ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით უკვე ბათუმში განაგრძო სწავლა.

- როგორც გავიგე, წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდით...

- კი, ბათუმში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ბაღში პატარებთან ვიმუშავე - გავიარე გზა პედაგოგობიდან მეთოდისტობამდე. აი, იქიდან დაიწყო ჩემში ხელოვნების გაღრმავება, ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლა ის, რომ თურმე რაღაცეები გამომდის... ამასთან, ღონისძიებები, კონცერტები, სცენაზე მათთან ერთად როლის მორგება, ძერწვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, სცენარები, რეპეტიციები, გაკვეთილების დაგეგმვა და ბევრი რამ, რაც ამ სფეროს ეხება... მოკლედ, ეს ყველაფერი გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი, რასაც წერტილი პანდემიამ დაუსვა... ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნახევარი წელი ამ საქმეების გარეშე მომიწევდა ყოფნა, თუმცა ფაქტია, ასე მოხდა...

- ბაღს რომ დაანებეთ თავი, არ დაგენანათ?

- პანდემიის დროს მე და ჩემს მეგობარს აზრი გაგვიჩნდა, საკვირაო სკოლა გაგვეხსნა, სადაც ხატვას, ძერწვას და ყველა ხელსაქმეს, რასაც მარჯვე ხელები შეძლებდა, ვასწავლიდით. ყველაფერი უცებ მოგვარდა, ბავშვებიც გვყავდა, გაკვეთილები ხალისით და ბედნიერად მიდიოდა, მაგრამ ბათუმში მდგომარეობა ისევ დაიძაბა და ვეღარ გავაგრძელეთ, პანდემიის დროს დაწყებული საქმე ვირუსმა შეგვიჩერა... ახლა ჩვენც და ბავშვებიც ველოდებით, როდის წავა ჩვენგან ეს კორონა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ...

- ამ სასწავლებელში ყველაფერს, რასაც ასწავლით, ყველაფერი თავად ხელგეწიფებათ... როდის და სად ისაწავლეთ ამდენი ხელსაქმე?

- ამ ყველაფერს ვასწავლი კიდეც, ხელმძღვანელიც ვარ. გვაქვს ინგლისური ენის წრეც, რომელსაც ჩემი მეგობარი ასწავლის… რაც შეეხება, ხუმრობით ნათქვამს "ხეზე ცოცვის შესახებ", გეტყვით, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ვასწავლი, მინდა, ჩემზე მაღლა "ავიდეს ხეზე", რადგან ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, მე კი მათ ქვემოდან "წყალს დავუსხამ და მოვრწყავ კიდეც"...

- ალბათ გამოფენაც ბევრჯერ გქონიათ... ამ ყველაფრიდან ყველაზე საყვარელი საქმე რომელია?

- გამოფენა ბევრი მქონია, სადაც მოსწავლეების ნამუშევრებს ყოველთვის ვფენდი და თითოეულს დიდი სისათუთით ვინახავდი. ამ მიმართულებითაც ახლა უფრო დიდი გეგმები გვაქვს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მუზეუმებთან, სადაც პატარა სივრცე ჩემი ფერადი ბავშვების ფერადი ნამუშევრებით იქნება გამთბარი.

ჩემს საყვარელ საქმიანობას ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა განსაკუთრებით მიყვარს. ამდენი წლის მანძილზე არასდროს მიქცევია ჩემი საქმე ბიზნესად და არც ვიცი, რატომ, თუმცა ასეა... ამ სტუდიას ბიზნესად არ ვთვლი, ეს ჩემი დიდი ოცნება და ჩემი დიდი სიყვარულის გამოხატვაა ბავშვების მიმართ...უამრავი თექის თუ სხვა მასალის აქსესუარი, რომელსაც ვაკეთებდი, ყოველთვის სხვებს ვჩუქნიდი, ახლაც ძლივს მოვიძიე ფოტოები, რომელსაც თქვენ გაჩვენებთ...

- კულინარიაშიც გარკვეული წინსვლა გქონიათ - მარცეპანისგან ფიგურებს ძერწავთ. საინტერესო საქმეა... აქვე ხუმრობით გკითხავთ, არ გენანებათ თქვენი ნამუშევარი, რომელიც დასაჭრელად და შესაჭმელად არის განწირული?

- მეკითხებით, ხომ არ მენანება დასაჭრელად ის ტორტები, რომელსაც ვაკეთებ? - არა. ამაზე მეც მიფიქრია, თუმცა კეთების და შედეგის პროცესი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, უკვე აღარ ვფიქრობ, რა მოუვათ... ერთხელ მახსოვს, ჩემს შვილის დაბადების დღე იყო. კოლოსალური თანხა მომთხოვეს ჰარი პოტერის ტორტში, რომელიც არ მქონდა მანამდე გაკეთებული და პირველად მაშინ ვცადე, გამომივიდა... მოკლედ, ბავშვს მე თვითონ გავუკეთე და ძალიან გავაბედნიერე... აქვე გეტყვით, რომ მყავს 16 წლის სანდრო და 13 წლის გიორგი...

- თქვენს საბავშვო სტუდიას "ბურატინო" რატომ დაარქვით?

- ამ სახელზე ბევრი ვიფიქრე. - რატომ "ბურატინო"? ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანს შეუძლია, ხეს სული უნდა ჩაბეროს, ასწავლოს და მისგან გამოთალოს ჩამოყალიბებული არსება. ეს არაპირდაპირი გაგებით, თუმცა თუ დაუფიქრდებით, ამ ფრაზაში დიდი აზრი დევს...

- რას ნიშნავს თქვენთვის ყოველი საქმის შემდეგ წარმატება?

- წარმატებას ჩემთვის სულ სხვა "ფერი" აქვს, წარმატებული ქალი ჩემი შეხედულებით, არც პოპულარულია და არც - ფულიანი. ეს ჩემთვის სულიერებასთან ასოცირდება. წარმატებული მაშინ ვარ, როცა რაიმეს ისეთს გავაკეთებ, რომ სხვას ვასიამოვნო, გავაბედნიერო და სარგებელი მოვუტანო. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ბავშვებს ვგულისხმობ, ჩემი წარმატება მათი ანთებული თვალები და ის გარემოა, რომელსაც ისინი ჩემთან ურთიერთობით იღებენ.

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი