ავტორი:

"უნარების ტესტები იყო, კამერასთან ვარჯიშიც...ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის

"უნარების ტესტები იყო, კამერასთან ვარჯიშიც...ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის

"ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ სიაში ახალი სახეების ჩასაწერად, 20/20-ის არჩევნებისთვის ახალი პროცედურა მოიფიქრა - მათ ტესტები ჩააბარეს და გასაუბრება გაიარეს კომისიასთან, რომლის შემადგებლობაშიც, როგორც გაირკვა, ფსიქოლოგები იყვნენ.

ambebi.ge-ს წყარო უყვება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ კანდიდატები და რაზე ამახვილებდა მმართველი პარტია ყურადღებას.

"როგორც ვიცი, სტანდარტული უნარების ტესტები იყო, ადვილი, თუმცა ის ზოგისთვის რთული აღმოჩნდა. ტესტების გარდა, ძირითადად იყო კამერასთან ვარჯიშიც. მაგალითად, როგორ პასუხს გასცემდით ეკა ბესელიას, ან სხვას, ამა და ამ საკითხზე, რა აზრის ხართ მოსამართლეების საქმეზე, როგორ აფასებთ მოსამართლეებს და ა.შ. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში მწყობრიდან არ უნდა გამოხვიდე. კამერასთან ვარჯიშის დროს ყურადღება ექცეოდა მეტყველებას, მანერებს, ხასიათს.

გასაუბრებაზე კომისიაში ფსიქოლოგები ისხდნენ. ტესტები ძირითადად, ემსახურებოდა იმის გარკვევას, გუნდური მოთამაშე ხარ, თუ თვითნებური ხასიათის. ეს კლასიკური ტესტებია, სხვაგანაც ტარდება მსგავსი. ტესტები მოიცავდა დაახლოებით ისეთ საკითხებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ბარდება უნარ-ჩვევებში. ძირითადად ისეთი კითხვები იყო, რაც ადამიანის ხასიათს "შიფრავს" და იმას ადგენს, რამდენად გუნდის ერთგული დარჩები კრიტიკულ მომენტში, ეგ იყო იდეა. ესენი სულ ატარებენ ასეთ ტესტებს, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად შედეგიანია ის. პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აკეთებს დაკვირვებას და არკვევენ, ვინ როგორი სპიკერია და ვისთან უჭირს დებატი, ან პირიქით. ტესტირება ბევრმა გაიარა, თამთა მეგრელიშვილმაც, მაგრამ ის არ მოხვდა. ზოგთან, ვისაც კარგად იცნობდნენ, იმათ ტესტირება არ სჭირდებოდა და არც გაუვლიათ...

ბევრად ადვილია, მათი გამოსვლები ამოიღონ და ნახონ, ვიდრე კამერასთან ავარჯიშონ. ვისაც პირველად ხედავდნენ, მათთან სხვა მიდგომაა. ბევრს აინტერესებს სოფო კილაძის ბედი, რომელიც არ მოხვდა სიაში, მაგრამ, სავარაუდოდ, მას იუსტიციის მიმართულებით გაუშვებენ. იუსტიციის მინისტრად კი ამ ეტაპზე ორი კანდიდატურა განიხილება - ირაკლი კობახიძის და თეა წულუკიანის".

წყაროს განმარტებით, მარტო ტესტირებით არ გადაწყვეტილა სიაში მოხვედრილთა ბედი.

"პედალირება ტესტებზე და გასაუბრებაზე მიდის, თორემ ყველას თავის კვოტა ჰქონდა და უკვე გადაწყვეტილი იყო რაღაც კატეგორიის ბედი, ვინ მოხვდებოდა სიაში. ტესტირება-გასაუბრება ახალბედებს ჩაუტარეს, რადგან მთლად გამოუცდელის სიაში ჩაწერა ცოტა სარისკოა. ბევრმა ვერ ჩააბარა გამოცდა, მაგრამ სიაში მაინც ჩაწერეს. მაგალითად, დიზაინერ მაკა კვიციანის და, ბაია კვიციანი რომელიც, ანუკი არეშიძის მეგობარია, როგორც ვიცი, ჩაიჭრა, თუმცა მაინც მოხვდა სიაში. ირაკლი ზარქუაც ანუკის მეგობარია".

მაკა და ბაია კვიციანები

მოარულ ხმებს, რომ თითქოს გასაუბრების ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს უგზავნიდნენ და ის წყვეტდა სიაში გამსვლელთა ბედს, წყარო უარყოფს და ამბობს, რომ მას ამდენი დრო მათზე არ დაუხარჯავს, თუმცა ყველაფრის კურსშია:

"ივანიშვილს უამრავი სერიოზული საქმე აქვს და ამ ხალხზე ამდენ დროს ვერ დახარჯავს. იყო იმის მოლოდინიც, რომ ივანიშვილი ჩაწერდა ბევრს, მაგრამ ასე არ მოხდა - ის კობახიძესთან ერთად შეჯერდა სიაზე. ივანიშვილი ერთპიროვნულად აქტიურად არ ჩარეულა სიის შედგენაში, კობახიძესთან შეთანხმებულად მოქმედებდა. სიაში ნაწილი გახარიას, ნაწილი კობახიძის და ნაწილი - კალაძის კადრია. სიაში ყველაზე მეტი კობახიძის რჩეულია, თორნიკე ჭეიშვილი და თენგიზ შარმანაშვილიც მისი კადრებია, ორივენი მის აპარატში მუშაობენ.

ირაკლი კობახიძე

დღეს პარტია მთლიანად კობახიძეზე დგას, არც გახარიაზე და არც - კალაძეზე. ვიღაცას კი ჰგონია, რომ თითქოს კობახიძე სუსტი ფიგურაა, მაგრამ რეალურად, უმრავლესობის შიგნით იდეოლოგიური კუთხით, ეგ მუშაობს და მერეა ლაშა ნაცვლიშვილი და სხვები. ყველა საკითხი, რაც გუნდშია, პირველი კობახიძესთან მიდის. კობახიძე აპრიორი, მძიმეწონიანი ფიგურაა, არც წულუკიანია ნაკლები და საბოლოოდ, რაზე შეთანხმდებიან, საით წავა კობახიძე, ეს დაზუსტებით არაა ცნობილი, გააჩნია, არჩევნების შედეგებსაც. ჯერჯერობით, აქტიურად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ აღმასრულებელში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: კობახიძე იუსტიციის მინისტრად, გახარია - პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარე წესით, თალაკვაძე უნდა იყოს, ამ მომენტისთვის ასეა დალაგებული, მაგრამ შეიძლება სურათი შეიცვალოს და წულუკიანი დანიშნონ თავმჯდომარედ, ქალია, ძლიერი ფიგურაა და ეს სავსებით შესაძლებელია. მსჯელობა მიდის იმაზე, თუ როგორი შედეგი დაიდება არჩევნებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გახარიაზე დანამდვილებით ვიცი, რომ თუკი "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ის პრემიერი იქნება, პარლამენტში არ დარჩება. აღმასრულებელში დიდი ცვლილებები არც იგეგმება, მარტო ისაა გასარკვევი, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი - კობახიძე თუ წულუკიანი. საბოლოოდ, ამას მაინც ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი გადაწყვეტენ".

(სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟზე: გიორგი გახარია, კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი. ასევე ანუკი არეშიძე ბაია და მაკა კვიციანებთან ერთად)

"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ

როგორ ულოცავს შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"