ავტორი:

რუსეთმა მშვიდობისმყოფელის როლი ვერ შეასრულა: ყარაბაღში ომი გრძელდება, ცხედრების გაცვლა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

რუსეთმა მშვიდობისმყოფელის როლი ვერ შეასრულა: ყარაბაღში ომი გრძელდება, ცხედრების გაცვლა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მშვიდობისმყოფელის როლი ვერ შეასრულა. ყარაბაღში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება და აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის აგრესიას კიდევ 17 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად სულ 542 ჯარისკაცია გარდაცვლილი.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შუშან სტეპანიანის განცხადებით, დღეს დილიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლი განაახლა. მისი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით ბომბავენ.

მათივე ინფორმაციით, წუხელ აღდერე-აღდამისა და ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილის მიმართულებებით სიტუაცია დაძაბული იყო და სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს უტევდნენ.

"ჩვენს მიერ განხორციელებული საპასუხო ზომებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადა,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

კონფლიქტის ზონაში ვერ ხერხდება ცხედრების გაცვლა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაკავებულებისა და გარდაცვლილების ცხედრების გაცვლის საშუალება მისცენ.

”დღემდე ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს მხარეებთან, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული არ არის, რაც საშუალებას მოგვცემს რეალურად დავიწყოთ ასეთი გაცვლა,“- განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა მარტინ შუეპმა.

დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვი რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტი საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთიან ყარაბაღში მიმდინარე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

„თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მხარეთა ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, მოსკოვის 10 ოქტომბრის განცხადების თანახმად, რეგიონისთვის კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში. თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელონ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა სამხედრო ტყვეების, დაპატიმრებულებისა და გარდაცვლილთა ნეშტების დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით და მხარეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე,“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

"ვიღაცამ მითხრა: შენ ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. მე ვუთხარი: არა, იესო ქრისტეა უფრო ცნობილი" - დონალდ ტრამპი

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა" - ალიევი