ავტორი:

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვირუსის შიდა გავრცელებამაც შეუწყო ხელი.

"თბილისში გვქონდა "ოქროს ბირჟის" კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანი ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა ოჯახის სხვა წევრები დააინფიცირა და ასე შემდეგ. მაგრამ, იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ კლასტერმა მისცა ვირუსის გავრცელებას სტიმული, ასეთი რამ არ არის. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელებაა, ამიტომ ვამბობ, რომ ნაკლები შეკრებები იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია. აქედან, მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში დაფიქსირდა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში, თუმცა იქ ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

„ახლადდადასტურებული შემთხვევა 24 საათში არის 680. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი. აჭარაში თანდათან არის ნიშნები სერიოზული სტაბილიზაციისკენ. დღევანდელი დილით, 680 შემთხვევიდან 189 არის დაფიქსირებული აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28%. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აჭარაზე მოდიოდა ხოლმე 65% -დან 70% ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი წერტილი და, მათ შორის, დედაქალაქი, სადაც დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44% ახალი შემთხვევების, ასევე, მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც, ძირითადად, ქუთაისის ხარჯზეა, აქ 150 შემთხვევაა ანუ 22% საერთო ინფიცირების, გვაქვს კახეთში - 2 შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, ქვემო ქართლში -11 და შიდა ქართლში - 12,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარებით, ახლადინფიცირებულთაგან, ყველაზე მეტი სიმპტომიანი პაციენტები არიან, მეორე დიდი ჯგუფი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან. გამყრელიძის თქმით, იზრდება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელიც და ახლადინფიცირებულთა შორის მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს.

„სამიზნე ჯგუფების მიხედვით, ძირითადად, ეს ახალი შემთხვევები მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდ კლინიკებსა და ასევე, ონლაინ კლინიკებს და ხდება მათი ნაცხის აღება და შემდეგ ტესტირება. ამ 680 შემთხვევიდან 362 არის სწორედ სიმპტომიან პაციენტებზე და ამიტომ ჩვენი მოწოდება მუდამ მოსახლეობისადმი არის ის, რომ ახლა უკვე ვისაც კი პირველი სიმპტომები აქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და ეს არის ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე და შესაბამისად ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ამ ახალი ინციცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები - 167 და ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი იმავე ან მეორე დღეს ჩაიტაროს. აუცილებელია, რომ ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაშინ მიმართოს 112-ს და შესაბამისად გაიაროს დიაგნოსტირების პროტოკოლი. იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო და მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი იყო, იუსტიცია-შსს - 5, სატვირთოს მძღოლი - 3 და სხვა რისკ ჯგუფებში70-მდე შემთხვევა გამოვლინდა, დიალიზზე მყოფ 2 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან სულ 748 000 PCR ტესტი არის გაკეთებული. როგორც მან განმარტა, სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია იძაბება, დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც რიცხობრივი თვალსაზრისით ძლიერია, თუმცა, შედარებით მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით.

„ქვეყანაში სულ დაწყებიდან ჩატარებულია 748 000 PCR ტესტი, ბოლო დღეების დღიური მაჩვენებელი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს 8 500 და გუშინ გვქონდა 7 532 ტესტი. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში, ახლა ჩემი კოლეგების დიდი ჯგუუფი ერთვება, ანუ სამედიცინო ყველა მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება მოხდება, ხოლო ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკებისა, როგორებიც არიან კოვიდკლინიკების რეანიმაციების ექიმები, ისინი კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული, როგორიც არიან სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კოლეგები, გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათთან მყოფი კონტაქტები გაიტესტებიან უფრო რეგულარულად, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში PCR ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 1,82%-ია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6% გვაქვს დადებითობის, რაც მაღალია და განსაკუთრებით მაღალი გვაქვს აჭარაში, ეს გახლავთ დაახლოებით 22% და შემდეგ უკვე გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმერეთში - 7%, თბილისში ჯერჯერობით არაგვიშავს, 4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, საყურადღებოა.

მოკლედ რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორი იქნება არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლი, ამაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს. როგორც მან განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას თავად გააკეთებს.

"არჩევნებისა და ხმის მიცემის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მაქსიმალურად შეეცდება ქვეყანა, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა