ავტორი:

"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

"20 წელზე მეტი ბინას ველოდი... ამან ჩემი მეუღლე შეიწირა. რომ დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე" - დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი, რომელიც წლების განმავლობაში "პირველი არხის" დიქტორი გახლდათ და საინფორმაციო გამოშვება "მოამბე“ მიჰყავდა, ბოლო წლები მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად, მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობდა. ბინის გარეშე დარჩენილი ბატონი დავითი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც, ისევ თავშესაფარში აგრძელებდა ცხოვრებას.

საკუთარ ბინას 1998 წლიდან ელოდა, რადგან სახლი 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაეწვა. კომპენსაციის ნაცვლად ბატონ დავითს მთავრობა მაშინ დაპირდა, რომ 135 კვადრატული მეტრი ფართის ბინას მისცემდა, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დაპირება კი საქმედ არ იქცა. უკვე ასაკში შესული იძულებული გახდა თავშესაფარში ეცხოვრა.

"2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავის ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე. დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე, 5-ჯერ მაინც შევხვდი... მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ....“ - ამბობდა ბატონი დავითი ორი წლის წინანდელ ინტერვიუში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დავით სოკოლოვს საკუთარი ბინა აქვს და მის მიღებაში თბილისის მერია და მერი კახი კალაძე დაეხმარნენ. სამადლობელი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და პროდიუსერმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა:

დავით სოკოლოვი:

"ის რაც მე გადამხდა, ცოტა ძნელი აღსაწერია და ყველასთვის საინტერესო არ იქნება. 20 წელზე მეტი ბინას ველოდი და არავინ ყურად არ იღო, არც ჩემი საბუთები, არც მისვლა-მოსვლა, ამან ჩემი მეუღლე შეიწირა და მგონი, მეც მაგას ვეწირებოდი. ეს 20 წელიწადი ვისთანაც შევედი, არავინ ყურადღება არ მომაქცია. ბოლოს ვიფიქრე, რომ კახი კალაძე დანიშნეს და ბარემ ამასთანაც შევალ-მეთქი. ლაპარაკი ვერ მოვასწარი, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს რომ დამირეკეს, მობრძანდით, ბინა უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე, ლამის გამოვთაყვანდი...

მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩავარდნილი ვარ, დიდი სიხარული ვიგრძენი, თუნდაც ჩემი გულშემატკივრებისგან. უამრავი ხალხი რეკავდა, მკითხულობდნენ. საავადმყოფოში კი ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდა პერსონალი. იმ სიხარულს რა დამავიწყებს, რაც მე ამით მივიღე, ახლა შემიძლია მხიარულად და კარგ ხასიათზე ვიყო.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მაპატიებენ, რომ ამას პირადად ვერავის ვეუბნები, მაგრამ ერთად მინდა, რომ ყველა ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს.

კახის ამბავი თავიდან ძალიან გამიკვირდა. არ ველოდი, კაცმა რამდენიმე საათში ჩემი საქმე უცბად გადაწყვიტა, როგორ შემიძლია მაგას მადლობა არ ვუთხრა. ახლა სადაც მე ვზივარ, ეს იმის ნაჩუქარია, კახის ნაჩუქარია, ღმერთმა კარგად ამყოფოს...“ - ამბობს ოთხწუთიან ვიდეოში დავით სოკოლოვი.