ავტორი:

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - ის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში ადგილმონაცვლე დაიკავებს, ეს სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი იქნება.

ბაია კვიციანი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. როგორც ამბობენ, ის პარტიულ სიაში კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი და მაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის.

დები ბაია და მაკა კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანი გახლავთ. მდიდარი ბიზნესმენი 1964-1970 წლებში მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე იყო. 1976-1992 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ 2008 წელში მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.

ბაია კვიციანი მამასთან ერთად

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კანდიდ კვიციანი "ნაციონალების" სიაში აღარ მოხვედრილა. მამის პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, ოღონდ უკვე სხვა მმართველ პარტიაში, როგორც ჩანს, მისმა უფროსმა შვილმა გადაწყვიტა.

დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს, თუმცა დიზაინერ მაკა კვიციანის პოპულარობა პროექტ "მასტერშეფში" გამოჩენის შემდეგ გაიზარდა. დიზაინერია მათი დედა ნანა შუკვანიც. როგორც უკვე გითხარით, მაკა ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია და დასასვენებლადაც კი, შვილებით ერთად დადიან. მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან კი "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.

მაკა კვიციანი "ნიჭიერის" ჟიურიშიც იყო, თუმცა მისი მზარდი პოპულარობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი და, ბაია მოხვდა. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტივობებით არ გამოირჩევა.

დებ კვიციანების დედა და ძმა

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ბაია კვიციანი ოჯახური ბიზნესის "დალოოდის" გენერალური დირექტორია. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი მაღაზია ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებსა და ნამუშევრებს.

როგორც ირკვევა, ბაია კვიციანმა 2003 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, მალე მივხდა, რომ ახალ რეალობაში, ინგლისური ენა, ბიზნესი და მენეჯერული უნარები უფრო მოთხოვნადი იყო ვიდრე ხელოვნება. 2008 წელს ბაიამ ლონდონში დაასრულა წინასამაგისტრო პროგრამა და შემდეგ ლონდონის ევროპული ბიზნეს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დიზაინერ დასთან ერთად, დაიწყო ოჯახური ბიზნესი "დალოოდის" სახით...

მაკა კვიციანი

ორი წლის წინ "საზოგადოებრივ მაუწყებელის" შუადღის გადაცემაში სტუმრად მყოფმა ბაიამ, საკუთარ წონაზე გულახდილად ისაუბრა, თუ როგორ ებრძოდა თინეიჯერობისას ჭარბ წონას.

"თინეიჯერობას მქონდა ჭარბი წონა და ეს საკმაოდ რთული იყო... მიჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი - ბავშვობაში უჭმელი ვიყავი და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კვება ვერ გავაკონტროლე. ჩვენთან არ იყო მაშინ ასეთი ხელმისაწვდომი ტკბილეული და ფუნთუშები და იქ უფრო მეტი არჩევანი იყო და ვაგემოვნებდი. რომ ჩამოვედი, დედას საოცარი რეაქცია ჰქონდა, 35 კილო მქონდა მომატებული. რეაქციებით მივხდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა, თავად ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი. ეს ხდებოდა 1996-1997 წლებში. როგორც პატარაობიდან ბავშვს ზრდილობასა და ჰიგიენას ასწავლი, ისე უნდა ასწავლო სწორი კვება და შემდეგ პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.

მაკა კვიციანი და ანუკი არეშიძე

დედამ ყველაფერი გადადო და სპეციალისტთან მიმიყვანა და ნელ-ნელა დავიწყე კლება. გამონათქვამია, ყველაფერ თეთრს უნდა შეეშვა 30 წლის ზევით, მაგრამ ათ დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას, მაინც შეიძლება გემრიელი კვების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუმცა სიგამხდრე არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ბევრ კილოგრამს იკლებ, ფობიაში გადაგდის ზედმეტი 100 გრამის მომატებაც კი.

კლების პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უცებ გავიღვიძე და არაფერი აღარ უნდა მეჭამა, ამ დროს ვიყავი მოზარდი, მაგრამ ეს გამოცდილება რომ არა, ასეთი ორგანიზებული დღეს ვერ ვიქნებოდი. ამან მასწავლა, რომ საკვები არ არის სიამოვნება..." - ამბობდა ბაია ინტერვიუში.

ბაია კვიციანი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე გიორგი ანთაძე და სამი შვილი.

სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ ბაია მამაზე წერდა:

"კახა, როცა მამშვიდებს: "შენ გული არ დაგწყდეს, მამა, ღმერთი ყველაფერს ხედავს.” - მამა არის ჩემთვის კაცობის, ერთგულების, სიძლიერის, მოთმინების, უშიშრობის, გამბედაობის, ვაჟკაცობის, სამართლიანობის, იუმორის, მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობის, პროფესიონალიზმის, უანგაროდ სიკეთის კეთების, ხელგაშლილობის, მიმტევებლობის და კიდევ უამრავი დადებითი თვისების მაგალითი და ვინც მას იცნობს ყველამ იცის, რომ არ ვაჭარბებ და არც სუბიექტური ვარ ამას რომ ვამბობ! მიყვარხარ მა..."