ავტორი:

"რეგიონში ბალანსი შეცვლილია აზერბაიჯანის სასარგებლოდ - რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას" - თორნიკე შარაშენიძე

"რეგიონში ბალანსი შეცვლილია აზერბაიჯანის სასარგებლოდ - რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას" - თორნიკე შარაშენიძე

საგარეო საკითხებში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, რეგიონში ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მკვეთრადაა შეცვლილი. როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" შარაშენიძემ განუცხადა, რუსეთი არ აპირებს ერთი მხრივ აზერბაიჯანს დაუპირისპირდეს, მეორე მხრივ კი თურქეთს, რომელიც "აპირებს მკვეთრად დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანს".

ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანმაც იცის ეს რეალობა და გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებს. "ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს ბაქოს და ანკარას. ეს გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. ბალანსი რეგიონში შეცვლილია მკვეთრად აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ის ძალიან გაძლიერდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მეორე - თურქეთი შიდა პოლიტიკური მიზეზების გამოც ალბათ აპირებს მკვეთრად დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანს, მესამე - რუსეთს, რა თქმა უნდა, ფაშინიანი არ მოსწონს და მაინცდამაინც არ ადარდებს თუ მისი პოზიციები შეირყევა, უკეთესიც იქნება და მეოთხე - მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი არ აპირებს დაუპირისპირდეს თურქეთს, იმიტომ, რომ აწყობს თურქეთთან თამაში, რადგან იმედი აქვს, რომ თურქეთის მეშვეობით ნატო-ში სიტუაციას ცოტა აურევს. ამითაა გამოწვეული ის, რაც მოხდა. აზერბაიჯანელებიც, ბუნებრივია, ხვდებიან ამ რეალობას და გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებენ. უპირატესობა აქვთ", - განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორია მოსალაპარაკებლად კიდევ ერთხელ შესთავაზოს, შარაშენიძე ამბობს, რომ ამას შედეგი არ ექნება, რადგან საქართველოს მათ შესარიგებლად გავლენა არ აქვს.

"შევთავაზოთ, ლამაზი იქნება ჩვენგან, მაგრამ იმის გავლენა და წონა არ გვაქვს, რომ შევარიგოთ ეს ორი მხარე, რომელთა შერიგებაც ასე მარტივი არ არის. ამას არაფერი მოყვება, მაგრამ ცუდი არაფერი არ არის ამაში. ბოლოს და ბოლოს დავაფიქსირებთ, რომ ნეიტრალურები ვართ", - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს მოსკოვში სომხეთსა და აზერბაიჯას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, თუმცა მათ შორის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე

იან კელი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს - "როგორ შეიძლება მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს რუსულ ოკუპაციას?"