ავტორი:

"ჩვენს უპასუხისმგებლო განცხადებებს აზერბაიჯანი აუცილებლად გამოიყენებს, ასევე გამოიყენებს რუსეთი, სომხეთი და თურქეთიც" - ექსპერტი "კარტოგრაფების საქმესა" და ყარაბაღის კონფლიქტზე

"ჩვენს უპასუხისმგებლო განცხადებებს აზერბაიჯანი აუცილებლად გამოიყენებს, ასევე გამოიყენებს რუსეთი, სომხეთი და თურქეთიც" - ექსპერტი "კარტოგრაფების საქმესა" და ყარაბაღის კონფლიქტზე

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ირგვლივ ხმაური არ წყდება. წინასაარჩევნოდ ამ საკითხს პოლიტიკური პარტიები რომ პოლიტიკურ კონტექსტში იყენებენ, ამასაც ყოველდღე ხედავს საზოგადოება. დღეს ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და საზოგადოების დიდი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესები გარე ძალებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დასაძაბად გამოიყენონ. დღეს რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო, როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე მთიანი ყარაბაღის ომი, რატომ არის ამ დრომდე ჩუმად აზერბაიჯანის მხარე და რატომ არ ეხმაურება დემარკაციის საკითხს, ამ და ბევრ სხვა საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- რამდენიმე ტიპის საფრთხეა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საკმაოდ კარგად გამოჩნდა კონფლიქტის დაწყებისთანავე, ქართველ საზოგადოებას შეეხება. შესაძლოა გარკვეული ძალები შეეცადონ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო მეტად ფრაგმენტაციას, პოლარიზაციას და ხელი შეუწყონ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის გაჩენას. თუნდაც გააღვივონ ის ლატენტური კონფლიქტი, რომელიც, როგორც ჩანს, მაინც არსებობს ჩვენს ეთნიკურ ჯგუფებს შორის. აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის მოწმეები ვართ, მტკიცებით ფორმაში რთულია ვთქვათ, ეს საიდან იმართება, მაგრამ ცალსახაა, მიზნად ისახავს ქართველებსა და სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის გაუარესებას.

მეორეს მხრივ, საჯარო სივრცეში ვხედავთ დისკუსიებს საქართველოში მცხოვრებ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რაც ხშირად მტკივნეულ სახეს იღებს. ლოგიკურია, იარსებებს ისტერია, ეს ჯგუფები შეეცდებიან კიდევ უფრო დააპირისპირონ ისინი ერთმანეთს, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს და შესაბამისად, ჩვენს მშვიდობიან განვითარებას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

მეორე ტიპის საფრთხეები შეეხება იმის მცდელობას, რომ საქართველო გარკვეული ფორმით მხარედ აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში. ორივე მხარე, სომხეთი და აზერბაიჯანი, დაინტერესებულია საქართველოს გარკვეული პოზიცია ეჭიროს. გასაგებია, მეზობელი ქვეყნები პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალურ პოზიციას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება მათ მისცემდა ერთგვარ უპირატესობას, მორალური, პოლიტიკური თუ უშუალოდ ადგილზე, სამხედრო თვალსაზრისით, რადგან ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს, თუკი მოინდომებს. ოღონდ ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ მხარის მსგავსიც კი დავიჭიროთ აღნიშნულ კონფლიქტში. ეს მხოლოდ ორ მეზობელ ქვეყანას არ შეეხება, ამ პროცესში ჩვენი მხარის დაკავებით საკმაოდ სერიოზული ინტერესი შეიძლება არსებობდეს რუსეთის და თურქეთის მიმართულებითაც.

გვინდა თუ არ გვინდა ვიმყოფებით მათი ინტერესების გადაკვეთის არეალზეც, განსაკუთრებით ახლა, როცა მთიან ყარაბაღში ვითარება გართულებულია.

მესამე საფრთხე კი არის ეკონომიური და პოლიტიკური ხასიათის რისკები. თითოეული დღე ომისა, მნიშვნელოვნად აუარესებს ჩვენს პოზიციებს, როგორც ეკონომიკის სტაბილური განვითარების თვალსაზრისით, ისე როგორც სანდო და საინტერესო რეგიონის თვალსაზრისით. ელემენტარულად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა რომ ავიღოთ, როცა მისი ორი წევრი ერთმანეთთან ღიად, ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, როგორ შეიძლება, ეს რეგიონი იყოს საინტერესო დასავლეთისთვის თუკი ის დაემსგავსება 90-იანი წლების ბალკანეთს ან ბოლო პერიოდის ახლო აღმოსავლეთს, რომელიც საკმად არასტაბილური იყო დასავლეთისთვის და საკმაოდ დიდი რესურსი წაართვა. დასავლეთი ამ რეგიონში ვერ იქნება აქტიური, რადგან საკმაოდ აქტიურობს ამ მიმართულებით რუსეთი და თურქეთი. დასავლეთი შეიძლება აქტიური იყოს ჩვენთან, მაგრამ რეგიონის თვითღირებულებას მარტო ჩვენ არ ვქმნით, რეგიონის მიმართ დასავლური დაინტერესება შეიძლება შეამციროს ამ ომმა.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის განვითარებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს პრაქტიკულად და ვქმნიდით დაინტერესებას, რომ უცხოელი მწარმოებელი როგორც აზიიდან, ისე ევროპიდან დაინტერესებულიყო საქართველოში გარკვეული ბიზნესის კეთებით, რადგან ჩვენთან ბიზნესის წარმოება იძლეოდა შესაძლებლობას როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბაზარზე ოპერირების, მაგრამ მუდმივი ომი და დაძაბულობა თუ იქნა, არც ერთი საღად მოაზროვნე ინვესტორი არ დაიწყებს ინვესტირებას და რამეს წარმოებას, როდესაც უყურებს ორი ქვეყანა ომობს და მესამე ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მის ტერიტორიაზე დგას ყველაზე დიდი და აგრესიული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები. ჩვენ გვჭირდება რეგიონში მშვიდობა, ისიც ფაქტია, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ამ ომის ისტორიას ეს არ დაამთავრებს. დავუშვათ მოიგო აზერბაიჯანმა, მოხდება ის, რომ სომხებში გაჩნდება მარცხის განცდა, მუდმივად იქნება იმის საფრთხე, რომ ეს ქვეყანა ეცდება რევანშს, თუ წააგო აზერბაიჯანმა, შეიძლება ამას ძალიან სერიოზული ცვლილებები მოყვეს თვითონ აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაში და ახალი ელიტა გააკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა ილჰამ ალიევმა. ისევ ექნება მეორე მხარესაც რევნაშისტული განწყობები და თუ გაიწელება კიდევ ომი, მაშინ პრობლემა იქნება ისიც, რომ რუსეთის გავლენა ორ სახელმწიფოში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ჩვენ ვიცით რუსული სამშვიდობო მანდატები რეალურად რას აკეთებს. მოხდება ის, რომ ამ ორ ქვეყანას მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შანსები პრაქტიკულად შეუმცირდება და , ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იქნება დამატებითი გარანტორი იმის, რომ ეს ორი ქვეყანა შეიძლება არ დაეჯახოს ერთმანეთს, მაგრამ არც არასდროს დაელაპარაკოს. ამგვარად მივიღებთ საკმაოდ რთულ ვითარებას რეგიონში.

ჩვენ ვცდილობთ მოვწყდეთ რუსულ ორბიტას და პრაქტიკულად ამ გზით კი ვექცევით რუსული სამხედრო მარყუჟის ქვეშ. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო მეტად გვჭირდება დაფიქრება, რომ ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ დაემუქროს და ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ. სწორი პოზიცია აქვს დღეს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უნდა შევქმნათ მდგრადი ეკონომიკური პირობები. დიდ გამოწვევებს ვაწყდებით ისედაც პანდემიური რისკებს, სხვა რისკებიც ემატება და ამ ფონზე ბუნდოვანია ჩვენი ეკონომიკური მომავალი. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა, კომუნიკაციით უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან. გასაგებია აქ მცხოვრები აზერბაიჯანელების და სომხების რეაქციები, ჩვენც ვუყურებდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს როგორ მართავდა ჩვენი ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს მხარდამჭერ აქციებს და როგორ აფიქსირებდა თავის პოზიციას.

- ბატონო გიორგი, ვხედავთ როგორი ხმაური მოყვა კარტოგრაფების საქმეს, ბევრი თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე ამ პრობლემის წამოწევა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას...

- ვხედავთ, არსებობს ასეთი საქმე, მაგრამ ბევრი კითხვაა ამ საქმესთან დაკავშირებით. გამორიცხვა და მტკიცება არაფრის შეიძლება. პირველი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებაში სამართალდამცავი ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა არ არსებობს. ეს უკვე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით აქვს სერიოზული პრობლემა. როცა სახელმწიფო საუბრობს ასეთი ტიპის დანაშაულზე და გამოძიების დაწყება დაემთხვა ომს, ეს ცალკე პრობლემაა. - ცნობილია, ომის დაწყებამდე დაიწყო საქართველოში ამ პრობლემაზე საუბარი, გასაგებია, თუ დამთხვევაა, ძალიან ცუდი დამთხვევა მოხდა, მაგრამ აქ საჭიროა გადაიხედოს რიტორიკა და არ დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ახლა ამ ფონზე ვიღაც აზერბაიჯანს ზურგში დანას ურტყამს. ყველაზე დიდი პრობლემა "კარტოგრაფების საქმეში" ის არის, რომ 30 წელია ჩვენ არ ვიცით რა ხდება ამ საქმეში, ამაზე ინფორმაცია ამდენი წელი არ არსებობდა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ იყო კომისია, მუშაობდა და ვდაობდით რაღაც ტერიტორიაზე, მაგრამ რა შეთანხმებები ხდებოდა, ამაზე დაინტერესებული აუდიტორიისთვის მაინც უნდა მიეწოდებინათ პერიოდულად ინფორმაცია.

ახლა უცებ მივიღეთ ასეთი რეალობა, რომ ნახევარი საქართველო გავხდით კარტოგრაფები. მე ვერ ვილაპარაკებ რომელი რუკის გამოყენება სჯობდა, რადგან ამ კუთხით არ მაქვს ცოდნა, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიჩნდება კითხვები, თუ აქ არის დანაშაულზე ლაპარაკი, ხომ უნდა იყოს დანაშაულის მოტივი. ღალატი რა მოტივით მოხდა, უნდა გაიგოს საზოგადოებამ, - აქ იყო უცხო ქვეყნის მიერ ვინმეს გადაბირება, შპიონაჟი, ანგარებითი მოტივები, მოსყიდვა თუ რა მოხდა. თუ ანგარებითი მოტივია, სად წავიდა ის ფული, რაც აიღეს. რაღაცის გამო ხომ მოხდა. თუ შეცდომა იყო, ამის გამო რატომ უნდა გავასამართლოთ ისინი, მითუმეტეს, საზღვრის ეს მონაკვეთები ისევ არ არის შეთანხმებული.

თუ მომზადება ხდებოდა დანაშაულის, ესეც უნდა ვიცოდეთ. კიდევ ისმის კითხვა, მაინცდამაინც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახდა აუცილებელი ამ საქმის გასაჯაროვება, როცა ამას თურმე 5 წელია იკვლევენ.

ან რატომ არიან ამაში ჩართული ის ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ჩართულები. ვხედავთ ეკლესია მხარედ გამოდის. სისხლის სამართლის პროცესის წარმართვა კი სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, პროკურატურის უფლებაა და არა ცალკეული სასულიერო პირების. რატომ ლაპარაკობენ ისინი ბრალმდებლის ტონალობაში, ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ხომ არ არის იმის ალბათობა, რომ ეს კონკრეტული საქმე გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებითაც. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერ დებს იმხელა სტანდარტს დემოკრატიის, რომ ასეთი რაღაცეები გამოირიცხოს. ჩვენ ვხედავთ ამ საქმეზე პარტიები როგორ ცდილობენ ქულების დაწერას, მათ შორის ის ულტრაპოპულისტური პარტიები, რომლებიც გვყავს საქართველოში, ახლა მე იმათ ვერ დავარქმევ ნაციონალისტურ ჯგუფებს. შეუძლებელია საქართველოში გყავდეს პრორუსი ნაციონალისტი. არ შეიძლება ქვეყანა, რომელიც შენი ტერიტორიების ოკუპაციით არის დაკავებული, იყოს წარმოდგენილი შენს ხსნად და მოკავშირედ, თუ ხარ ულტრანაციონალისტი.

გამოძიების მიმართ ნდობა მეც არ მაქვს და მეორე საკითხია, გვაქვს კი სასამართლო სისტემა ისეთი, რომ უდანაშაულო ადამიანები გამართლდეს? ძალიან ბევრი კითხვაა ამ საქმის ირგვლივ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა არ არის.

- რამდენად არის იმის საშიშროება, ეს ვითარება გარე ძალებმა გამოიყენონ?

- გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ ამის გამოყენებას, მაგრამ ისინი იმდენს ვერ გააფუჭებენ, ვიდრე ჩვენ ვაფუჭებთ შიგნით. პრაქტიკულად, ჩვენ ამგვარი საქმეებით, ასეთი ცუდი დამთხვევებით, ასეთი საუბრებით, რეალურად იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე თეორიულად შეეძლოთ გარე ძალებს ჩვენთვის დაეშავებინათ.

- ამბობენ, რუსული კვალი იკვეთება საზღვრის დადგენის საკითხშიო, რა მიმართულებით ხედავთ რუსულ კვალს?

- სამწუხაროდ მივეჩვიეთ ისეთ გარემოში ცხოვრებას, არა აქვს მნიშვნელობა ეს მთავრობაა თუ ოპოზიცია, მეორე მხარეს აუცილებლად ადანაშაულებს ოკუპანტ ძალასთან კოლაბორაციაში და ხალხის მტრად აცხადებს. ეს არის სერიოზული პრობლემა. ქვეყანაში არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ უნდა გასცენ პასუხი, სადაური და როგორი კვალი იკვეთება რომელ საქმეში, ეს მათი ვალდებულებაა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხედავდით, როგორი გულისამრევი იყო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ორივე მხარე რუსეთთან კოლაბორაციაში ადანაშაულებდა ერთმანეთს. მესმის ახლაც წინაასარჩევნო პერიოდია და ყველა ცდილობს ამ თემის გამოყენებას და იყენებს კიდეც ასეთ გზავნილებს, მაგრამ გამორიცხვა ამის არ შეიძლება. არის ალბათობა იმისიც, რომ იყოს ამაში რუსული კვალი, მაგრამ ეს შესაბამისი სამსახურების გასარკვევია.

- როგორ ფიქრობთ, ამ საკითხზე რატომ არ იღებს ხმას აზერბაიჯანის ხელისუფლება და ხომ არ არის მოსალოდნელი ქვეყნის შიგნით არსებული ბრალდებები და პოზიციები მერე აზერბაიჯანმა ჩვენს საზიანოდ გამოიყენოს?

- პირველ რიგში იმიტომ დუმს, რომ ომი აქვს. თბილისთან ახლოს რუსის ჯარი რომ იდგა 2008 წელს, ამ დროს რომელიმე მეზობელს რომ დაეწყო მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვინმეს ეცლებოდა მისთვის პასუხის გასაცემად? აზერბაიჯანის საელჩომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვეს, ჩვენ ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს და თქვენს გამოძიებაში არ ვერევითო. ეს იყო მათი პოზიცია და ომის შემდეგ ალბათ ამისთვის მოიცლიან, რადგან საზღვარი დასადგენია და 30 წელია ეს პრობლემა გვაქვს, რაც შეეხება ჩვენთან გაკეთებულ უპასუხისმეგებლო განცხადებებს, ამას აზერბაიჯანი აუცილებლად გამოიყენებს, ასევე გამოიყენებს რუსეთიც, სომხეთიც და თურქეთიც. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა არ არსებობს. ნდობის არარსებობა, საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, აზარალებს ქვეყანას. ამ სისუსტეების გამოყენებას შეეცდება ნებისმიერი მხარე, ვისაც ამის ინტერესი გაუჩნდება. საფრთხეები გარედან მუდმივად არსებობს, პრობლემა იმაშია, შიგნიდან რამდენად ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ საფრთხე იქნას რეალიზებული.

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე

15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% იყო - ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს