ავტორი:

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების უდაოდ ცნობა მოითხოვეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, აღნიშნული შუამდგომლობის მიზეზი გახლავთ ის, რომ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ, სასამართლოს რამდენიმე დღეში აღნიშნულ საქმეზე განაჩენიც გამოეცხადებინა, თუმცა, ადვოკატის თქმითვე, პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებები არ ცნო უდაოდ.

"დაცვის მხარე ყოველთვის ვაპელირებთ იმ გარემოებაზე, რომ ის საქმის მასალები, რომელიც სასამართლოშია პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი, არცერთი არ შეიცავს იმ გარემოებას, რომელიც დაადასტურებს არასრულწლოვნის და სხვა ბრალდებულების ბრალეულობას განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება მივიღეთ, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაო გაგვეხადა და ვუთხარით, სასამართლომ მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილებაო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ უარი განაცხადა და თავისივე მტკიცებულებები გახადა სადაოდ, ანუ თვითონ რა მტკიცებულებებიც აქვთ სასამართლოში მოტანილი, ის სადაო გახადეს. ეს ემსახურება შემდეგს: შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და საუბრობენ, თითქოს რაიმე სახის მტკიცებულებით დასტურდება ამ პირების განზრახ მკვლელობაში ბრალეულობა. 13 ტომის მოცულობით საქმეში არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ამ პირების ბრალეულობას. ჩვენ შევთავაზეთ, რომ სასამართლოს ამ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რაზეც უარი განაცხადეს", - აცხადებს გელხაური.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბრალდება მოწმეებს იმ პასუხებს კარნახობს, რისი მიღებაც მათ სურთ.

"დაიკითხა ექსპერტი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოგადაღებას აწარმოებდა, ასევე გარდაცვლილის დასურათებას ახდენდა. ექსპერტმა ცალსახად განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, როცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მოწმეებმა ხიდზე გადაირბინეს და ქვემოთ ჩაირბინეს, მოძრაობა გადაკეტილი იყო. ეს საგამოძიებო მოქმედება რეალობას აცდენილია, რადგან 19 ივნისის ღამეს ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ დროს ხიდზე გადასვლა, ავტობანის გადაკვეთა უფრო დიდ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებისას, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა. აღნიშნული ბრალდებამ გააპროტესტა და თქვა, რომ გზა ჩაკეტილი არ ყოფილაო. რეალურად, ბრალდება მოწმეს პასუხებს კარნახობს და სამწუხაროდ, ამ კარნახით არიან დაკავებულები",- განაცხადა გელხაურმა.

საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების პოზიციას ხრიკი უწოდა.

"პირდაპირ გეტყვით, ეს იყო ერთგვაროვანი ხრიკი, ანუ მათ იცოდნენ წინასწარ ჩვენი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უდაოდ არ გავხდიდით ბრალდების მხარის იმ მოწმეებს, რომლებიც ბრალდებულები არიან. მათი ახლობლები და საქმესთან კავშირში მყოფი ის პირები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენენ, ეს არის ბრალდებულების მხარე, შესაბამისად, ყველა ამ ადამიანის ჩვენებას და მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ არ ვეთანხმებით და ვერც დავეთანხმებით. უდაოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულება როგორიც არის, უნდა მივიღოთ ასე. ჩვენ არ ვიღებთ ამ მტკიცებულებებს ისე, როგორც არის, ყველა პირს მოუწევს სასამართლოში პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ბრალდებულებზე არ არის საუბარი, ჩვენ დაცვის მხარეს ვთავაზობთ, თუ ისინი რეალურად უყურებენ ამ პერსპექტივას, ჩვენც მზად ვართ, რომ გავხადოთ ის მტკიცებულებები უდაოდ, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით.

ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია და იცოდნენ, რომ ჩვენ არ შევცდებოდით ამ კუთხით და ვერ დაგვიყოლიებდნენ. წინასწარ იმის განზრახვით, რომ ჩვენ არ დავეთანხმებოდით, მათ დააყენეს პოზიცია, შუამდგომლობაც კი არ დაუყენებიათ, უბრალოდ შეთავაზება მოახდინეს სასამართლო პროცესზე. ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უდაოდ გავხადოთ ის მტკიცებულებები, რომელიც შეგვიძლია გავხადოთ. დაახლოებით 90%, რომელშიც არ შედის ბრალდებულების ჩვენებები, ბრალდებულების მხარის მეგობრების და ახლობლების ჩვენებები, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებდნენ იმ პერიოდში და კიდევ, სხვა ისეთი პირების ჩვენებები, რომლების ჩვენება არ შეესაბამება რეალობას და ეს რეალობა უნდა დადგინდეს მათი დაკითხვის შედეგად, თუ რა თქმა უნდა, ისინი არიან თანახმა რეალური ინფორმაცია მოგვაწოდონ. გიმეორებთ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი შეთანხმების, თუმცა, ეს უნდა იყოს ლოგიკურ ჭრილში და არა ისე, როგორც დღეს დაცვის მხარემ გააკეთა, ან ყველაფერი ან არაფერი. ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც თავადვე გასცეს პასუხი", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

"დამბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი