ავტორი:

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უფრო მასშტაბური ხდება, პროცესში თურქეთი, როგორც მხარე, აშკარად მონაწილეობს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რუსეთზე. პირიქით, ის სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. დასავლურ პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თითქოს გავლენას კარგავს, რაც ცოტა ნაადრევი დასკვნაა. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, რომ რუსეთი გარკვეულ დრომდე დაიცდის, ე. წ. სამშვიდობო კარტს გაათამაშებს, ერთ მშვენიერ დღეს კი იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ამოიწურა ყველა შესაძლებლობაო და იმოქმედებს... საქმე ისაა, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი სომხეთს დაკარგავს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და მეეჭვება, რუსეთმა ეს დაუშვას.

განსაზღვრულ ეტაპზე, ვფიქრობ, რუსეთი ჩაერევა ამ კონფლიქტში. რამდენად გააღრმავებს ეს რუსულ-თურქულ ტრადიციულ დაპირისპირებას, ძნელი სათქმელია. არა მგონია, რუსეთი ან თურქეთი მზად იყვნენ, ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, მაგრამ ეკონომიკურ-დიპლომატიური ომი მოსალოდნელია.

ევრაზიის კონტინენტზე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრებია. ჩვენს რეგიონში მარტო რუსულ და თურქულ გავლენაზე არ არის ლაპარაკი, ჩანს ჩინეთისა და ირანის ინტერესებიც. მე ზოგადპოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ და არა მარტო ყარაბაღის კონფლიქტს. თუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გართულდა, მერწმუნეთ, აუცილებლად წამოიწევს ჩინეთის და ირანის ინტერესებიც.

ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენმა ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვუთხრათ რუსეთს ან თურქეთს, თუ ისინი მოგვთხოვენ სამხედრო ტექნიკის სომხეთის თუ აზერბაიჯანის მიმართულებით გატარებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა დაგვჭირდება. საქართველო ძალიან სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას, რაც დღესვე უნდა იქნეს აშშ-სა და ნატოს ქვეყნებთან ერთად განხილული. წაიკითხეთ სტატია სრულად