"ენგურჰესზე" ავარიის გამო, აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს და სოხუმს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება. როგორც საინფორმაციო საგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგოში" განაცხადეს.
"ორსაათნახევრის განმავლობაში ავარია აღმოიფხვრა, მაგრამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ელვის დარტყმის გამო ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუსთან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდა. ამ დროისთვის იქ სპეციალისტები მუშაობენ და დაზიანებულ ხაზს ცვლიან", - განაცხადა "ჩერნომორენერგოს" მთავარმა ინჟინერმა თემურ კაციამ.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ოჩამჩირის რაიონში დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება მთელ აფხაზეთს აღუდგება.
26 აგვისტოს, დაახლოებით, 17:00 საათზე "ენგურჰესზე" სისტემური გათიშვა მოხდა, რის შედეგადაც აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.