ავტორი:

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ, გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით ორი პირი დააკავა. პატიმრობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მთავარი საგამოძიებო უწყება მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ედავება. დაკავებულებს ბრალი დაახლოებით 3 500 ჰას ოდენობის ტერიტორიის, საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებათა პროცესში, საქართველოს საწინააღმდეგოდ, მის ფარგლებს გარეთ მიქცევასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

სისხლის სამართლის საქმე მრავალტომიანია, შეიცავს ბევრ მასალას და რუკას, მაგრამ რა არის ამ საქმეზე მთავარი? რას ეყრდნობა ბრალდება და რას იშველიებს მის დასადასტურებლად? საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი საქმე იყო, არის და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე იქნება. მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ისტორიული და სამართლებრივი წინაპირობები უძღვის ამ პროცესს.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა - 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს კონკრეტულ რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა. ამ მიზნით 1994 წელს, შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

  • იყო თუ არა ეს შეთანხმება სამართლებრივად სწორი?

ასეთი შეთანხმება კანონისმიერია, რადგან კანონი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ სწორედ ამაზე უთითებს და ამბობს, რომ "საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში". მაშასადამე სახელმწიფო საზღვრის დადგენის მიზნით საკანონმდებლო სივრცის განსაზღვრის საკითხი საბჭოთა კავშირის ნორმატიულ აქტებთან მიდის.

  • რას ედავებიან ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას?

როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახის დადგენას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ანდობდა. ეს პირები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წლის), რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი. სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.

ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის მთელ პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, თუმცა ისინი საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს სავარაუდოდ უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოაჩინა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

ამის დასადასტურებლად და დასადგენად, გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელშიც ჩაერთვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის ექსპერტები. მიღებული ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს და სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა შეგნებულად და მიზანმიმართულად არ გამოიყენეს 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, სადაც საქართველოს საზღვარი, განსაკუთრებით, დავით გარეჯთან მიმართებით, სწორად და საქართველოს სასიკეთოდ არის დადგენილი. არადა ისინი ამ რუკას კომისიაში მუშაობის პერიოდში ფლობდნენ.

  • რუკების გადამალვა - მითი თუ რეალობა

ამ პროცესის პარალელურად ძალიან აქტუალურია თემა - ნამდვილად დამალეს თუ არა ბრალდებულებმა რუკები? გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები კომისიაში მუშაობის პერიოდში რელევანტური რუკების შეგნებულად იგნორირებასა და გადამალვაში არიან მხილებულნი.

  • დასტურდება თუ არა ეს ფაქტებით?

როგორც გამოძიება ირწმუნება, ამის საილუსტრაციოდ მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები.

გამოძიებამ გამოკითხა ალექსანდრე მათიაშვილი, პირი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად მუშაობდა. ეს მოწმე ადასტურებს, რომ მასთან, მის სამსახურში ინახებოდა საგარეჯოს რაიონის ტერიტორიული საზღვრების ამსახველი, საბჭოთა პერიოდში შედგენილი სხვადასხვა რუკები - 1930-40 წლების, ანუ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მინიმუმ დამხმარე მასალის ფორმით გამოსაყენებლად რელევანტური რუკები; ეს იყო 1:50 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორია აღბეჭდილი იყო უფრო მეტი ფართობით, ვიდრე შემდგომში არსებულ რუკებზე და ამ რუკებს სწორედ დავითგარეჯის ტერიტორიასთან ჰქონდა შემხებლობა. მოწმესთან კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილს, მან გამოართვა ალექსანდრე მათიაშვილს ეს რუკები დაბრუნების პირობით. თუმცა როგორც მათიაშვილი ჩვენებაში აღნიშნავს, რეალურად არ დაუბრუნებია და სავარაუდოდ, არც გამოუყენებია.

აი, რას წერს მოწმე ალექსანდრე მათიაშვილი თავის ჩვენებაში:

"1974 წლიდან 2007 წლამდე საგარეჯოს რაიონში მთავარ მიწათმომწყობად ვმუშაობდი. საგარეჯოს სოფელი უდაბნო ესაზღვრება აზერბაიჯანს. ჩვენს სამსახურში ინახებოდა სხვადასხვა რუკები, რომელზეც აღბეჭდილი იყო საგარეჯოს ტერიტორიული საზღვრები საქართველოს მოსაზღვრე რაიონებთან და აზერბაიჯანთან. როგორც მახსოვს, აღნიშნული რუკები შედგენილი იყო 1930-იან 40-იან წლებში. ჩემი სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ ეს რუკები დავტოვე სამსახურში, რომლის უფლებამონაცვლე არის თანამედროვე საჯარო რესტრი. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომლის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დადგენა. ამ კომისიიდან ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა ივერი მელაშვილს. ჩემს სამსახურში ინახებოდა საბჭოთა პერიოდში შექმნილი რუკა, რომლის შედგენის თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მასშტაბით 1: 50 000. აღნიშნული რუკა მე იმიტომ დამამახსოვრდა განსაკუთრებით, რომ ამ რუკაზე პატარა უდაბნოდან 100-150მ შემდეგ საზღვარი გადიოდა ბერთუბნის მხარეზე, იქიდან ადიოდა კლდეებზე და უერთდებოდა შესაბამის საზღვარს. ამ კლდეზე ჩასმული იყო რკინის ბოძები. ამ რუკაზე საქართველოს საზღვარი გადიოდა აზერბაიჯანის მხარეს, ბერთუბნის მიმართულებით და შემდგომში შედგენილი რუკებისგან განსხვავებით, მასზე საქართველოს ტერიტორია უფრო დიდი იყო. შემდგომ წლებში შექმნილ რუკებში ეს მონაკვეთი ჩვენს მხარეს აღარ იყო დაფიქსირებული.

მე დამიკავშირდა ივერი მელაშვილი, კონკრეტული თარიღი არ შემიძლია მივუთითო, ის ჩამოსული იყო საგარეჯოს რაიონში. მოვიდა ჩვენს სამსახურში, სადაც მას ვაჩვენე ეს რუკა. ის დაინტერესდა ამ რუკით და მომთხოვა მისი გადაცემა. დამპირდა, რომ ამ რუკას ის მალევე დამიბრუნებდა, მაგრამ მან მე ის რუკა არ დამიბრუნა. ვუთხარი რუკის წაღების დროს, რომ სადემარკაციო ხაზის განსაზღვრის დროს გაეთვალისწინებინათ აღნიშნული რუკის მონაცემები, ვინაიდან იგი საქართველოსთვის კარგ პირობებს ითვალისწინებდა და შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას. გაითვალისწინა თუ რა ივერი მელაშვილმა აღნიშნული რუკა, ჩემთვის უცნობია. ისიც არ ვიცი რა უქნა მელაშვილმა ამ რუკას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ მე სახლში მქონდა რამდენიმე რუკა, რომელიც შედგენილი იყო ასევე საბჭოთა დროს. ასევე სახლში მქონდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ფოტო-პლანები. დაახლოებით 5-6 თვის წინ, ჩემთან სახლში მოვიდა თელავის არქივის დირექტორი, რომელსაც ახლდა ჩემთვის უცნობი 2 პიროვნება, მათ მე მითხრეს, რომ აინტერესებდათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული რუკები და ფოტოპლანები. მე მათ გადავეცი ეს მასალა, რუკა და ფოტოპლანები. როგორც მახსოვს, რუკა იყო შექნილი საბჭოთა კავშირის დროს 60-იან წლებში, მისი მასშტაბი იყო 1: 25 000 ან 1: 50 000-ზე. დღემდე მათ აღნიშნული დოკუმენტები ჩემთვის არ დაუბრუნებიათ".

როგორც ცნობილია, დისკუსიის საგანი გახდა ასევე მამა კირიონის ჩვენებაც. რას ამბობს მოწმე? მისი გამოკითხვის ოქმით დგინდება დემილიტაცია-დემარკაციაში ჩართული თუ დაინტერესებული პირის ივერი მელაშვილის მიერ შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კერძოდ: ივერი მელაშვილი მამა კირიონს აჩვენებდა რუკებს, რასაც არ ჰქონდა შემხებლობა დავითგარეჯთან და მსგავსი მანიპულაციებით, სავარაუდოდ, შეცდომაში შეჰყავდა ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენებით დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი იყენებდა უფრო გვიანდელი პერიოდის რუკებს, რაც სრულიად გაურკვევლად და იურიდიულ საფუძველზე დაყრდნობის გარეშე ცვლიდა საქართველოს საწინაღმდეგოდ სამართლებრივ-კარტოგრაფიულ ვითარებას. (იხილეთ მამა კირიონის ჩვენება)

ჩვენ მოვიპოვეთ საქმეზე გამოკითხული მოწმე მანანა აღაპიშვილის ჩვენებაც, რომელიც სახელმწიფო-გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში მუშაობდა და ჰქონდა ჩაბარებული ტოპოგრაფიული და სხვა თემატური რუკები. მოწმის განმარტებით, ფონდში მის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობამდე ამ რუკებთან წვდომა ჰქონდა ნატალია ილიჩოვას. მოწმის ერთ-ერთ მოვალეობაში შედიოდა რუკების ალბომების აღწერა-გადანომვრა. ამ პროცესში მან გამოავლინა, რომ 1947 წელს აღწერილი რუკების რაოდენობა იყო შემცირებული, ანუ ალბომებს აკლდა რუკები და ასევე შეიმჩნეოდა რუკების ამოხევის აშკარა კვალი - იმ რუკების, რომელიც სახელმწიფო საზღვარს შეეხებოდა.

"ალბომის აღწერისა და გადანომრვის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი შეიცავდა არა 71 ფურცელს (რუკას) როგორც ეს ჩაწერილი იყო 1947 წლით დათარიღებული გადანომრვის ჩანაწერებში, არამედ 57 ფურცელს ( რუკას), რის შესახებაც მე გაკეთებული მაქვს შესაბამისი ჩანაწერი", - წერს მოწმე. აღსანიშნავია, რომ გადაშლისა და ამოხევის კვალი ასევე შეიმჩნევა გამოძიების მიერ ამოღებული დოკუმენტაციის ვიზუალური დათვალიერებისასაც. მოწმე მანანა აღაპიშვილი თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ ადრე ნატალია ილიჩოვას ჰქონდა წვდომა ამ ალბომებთან და მასში მოთავსებულ რუკებთან. ამავე კონტექსტში მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებაც - 1 : 200 000 მასშტაბის ყველაზე რელევანტური რუკა, რომელსაც ბრალდებულები განზრახ არ იყენებდა საქართველოს საზიანოდ, გამოძიებამ ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ამოიღო.

როგორც ირკვევა, საქმეში ასევე არსებობს დოკუმენტები, რითაც დგინდება, რომ ბრალდებულებისათვის რეალურად კარგად იყო ცნობილი ფაქტი, რომ გვიანდელი პერიოდის რუკები, რაც მათ რეალურად გამოიყენეს, საქართველოსთვის საზიანო იყო.

ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ 1938 წლის რუკა იყო ხარვეზიანი და იმიტომ არ გამოიყენეს. მთელი საქართველო ელოდება ახლა ამ საქმის გამოძიებას, არ არის გამორიცხული ამ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. იმედია, კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება რომ დავით გარეჯი საქართველოა.

კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

სენაკში დააკავეს პირი, რომელმაც სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

მარტვილში მამაკაცმა საკუთარი დედა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია