ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ჩინეთიდან წამოსულმა "ყვითელმა მტვერმა" შესაძლოა, კორონავირუსი გაავრცელოს - "არ გახვიდეთ გარეთ და დახურეთ ფანჯრები"

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ შინ დარჩნენ, რათა ჩინეთიდან "მტვრის ყვითელი ღრუბლები“ მიემართებიან და შესაძლოა, მათ კორონავირუსი მიჰქონდეთ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის გამო, დედაქალაქ ფხენიანის ქუჩები ხუთშაბათს ფაქტობრივად, ცარიელი იყო.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ იქ კორონავირუსის შემთხვევები არ აქვთ, თუმცა მზადყოფნაში არიან და 2020 წლის იანვრიდან დღემდე ვირუსთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, შეზღუდულია გადაადგილება და ჩაკეტილია საზღვრები.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ოთხშაბათს ამინდის პროგნოზის სპეციალური გამოშვება გავიდა, სადაც წამყვანმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას ხუთშაბათს "ყვითელი მტვერი" მოედებოდა, რომელსაც შესაძლოა, COVID-19 გაევრცელებინა. ამიტომაც, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, ასევე გამოაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით იკრძალებოდა გარე სამშენებლო სამუშაოები.

ჩრდილოეთ კორეამ მტვრის ქარიშხლის შესახებ გააფრთხილა მათ ქვეყანაში მყოფი სხვადასხვა დიპლომატიური მისიები. ფხენიანში რუსეთის საელჩო "ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მათ და სხვა დიპლომატიურმა მისიებმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გაფრთხილება და რეკომენდაცია მიიღეს, რომ დარჩნენ სახლში და არ გააღონ ფანჯრები.

ცნობისთვის, ყვითელ მტვერს უწოდებენ მონღოლეთისა და ჩინეთის უდაბნოების ქვიშას, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დროს ქარს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მიაქვს. ის ერევა ტოქსიკურ მტვერს, რამაც წლების განმავლობაში ორივე ქვეყანაში მოქალაქეებს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეუქმნა, თუმცა ის, რომ "ყვითელი მტვრით" ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდება, დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის მედია უარყოფს მოსაზრებას, რომ ყვითელმა მტვერმა შესაძლოა კორონავირუსი გაავრცელოს. "ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - აცხადებენ სამხრეთ კორეაში.

  • შესაძლებელია თუ არა, რომ მტვერმა COVID-19 გაავრცელოს?

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, კორონავირუსი ჰაერში ძლებს საათობით, თუმცა უკიდურესად იშვიათია, რომ ვინმეს ის ჰაერით გადაედოს, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ინფიცირების მთავარი გზაა ინფიცირებულთან კონტაქტი, საუბარი, სიახლოვე, ხველება, ცემინება. დადგენილია, რომ კორონვირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს მტვრის საშიშროების გამო აფრთხილებს. BBC-ის დეზინფორმაციების გამოვლენის გუნდმა აღმოაჩინა, რომ მსგავსი გაფრთხილება მისცეს მოქალაქეებს თურქმენეთშიც. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მტვერი სავსეა ვირუსებით და ამიტომ, პირბადეები უნდა ატარონ. ოფიციალურად თურქმენეთში პირბადეს ატარებენ არა იმიტომ, რომ თავი დაიცვან კორონავირუსისგან, არამედ იმ ვირუსებისგან, რომელიც მტვერშია. ზოგადად, თურქმენეთში სიტყვა კორონავირუსის გამოყენებას ერიდებიან.