ავტორი:

როგორი იყო ექსცენტრიკული ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი და რა შანსი ვერ გამოიყენა საქართველოს მთავრობამ?

როგორი იყო ექსცენტრიკული ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი და რა შანსი ვერ გამოიყენა საქართველოს მთავრობამ?

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. 4 წლის წინ პირველი ვადით არჩეული დონალდ ტრამპის კონკურენტი ამჯერად დემოკრატი ჯო ბაიდენია. ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობა მრავალი დასამახსოვრებელი მომენტით ხასიათდებოდა, თუმცა რეალურად, რა ცვლილებები მოიტანა მანამდე ბიზნესმენის მიერ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მართვამ?

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ტრამპის დროს ამერიკის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებები მეტად გაშიშვლდა.

"პრეზიდენტად დონალდ ტრამპი შემთხვევით ნამდვილად არ იყო არჩეული - ამერიკის საზოგადოების, მოქალაქეების განწყობა იყო სწორედ ის, რაც უამრავი ამერიკელისთვის, რომელიც ამაზე ღიად, ფარულად ან საერთოდ არ საუბრობდა, ტრამპმა ძალიან სწორად წარმოაჩინა. კერძოდ, აშშ-ს პოზიციები მსოფლიოში გარკვეულწილად შერყეული იყო, ობამას ადმინისტრაციამ ბევრი დათმობა გააკეთა ჩინეთთან თუ სხვა ქვეყნებთან, რაც აღმოჩნდა, რომ ამერიკელების უმრავლესობისთვის პრობლემა იყო. რა თქმა უნდა, ტრამპის პრეზიდენტობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ძალიან ექსცენტრიკული, მაგრამ ამავე დროს, მოხდა უამრავი თემის სწორად წამოწევა, გაშიშვლება, განსაკუთრებით, ეს ჩინეთთან ურთიერთობას შეეხება, იქნება ეს სავაჭრო, კომერციული, ფინანსური თუ სხვა; ასევე, განსხვავებული დამოკიდებულება გამოჩნდა ნატო-სთან და ევროპასთან ურთიერთობაში, რასაც კარგად წარმოაჩენს ეს ფრაზაც:"თუ ჩვენ პარტნიორები გვერდზე არ დაგვიდგებიან მათივე საკითხების სწორად მოგვარებისთვის, მაშინ ამერიკამ რატომ უნდა აიღოს იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე ამ ქვეყნებს თავისივე უსაფრთხოებისთვის (ნატო-ს შემთხვევაში), თავისივე ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უნდა აწყობდეთ?!"

ვანო მაჭავარიანი

ამიტომ, ტრამპის ექსცენტრიკულობა შეიძლება, გარკვეულწილად მიუღებელი სტილი იყოს, ისევე, როგორც მართვის სტილი, მაგრამ თემატიკა, რომელიც წარმოჩინდა, ახალი არ იყო, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა ამ თემების დარეგულირებას, მაგრამ ვერ ან არ ახერხებდა. ობამაც არ იყო, ასე ვთქვათ, საგარეო პრეზიდენტი, ის უფრო შიდა თემებით იყო დაკავებული და ეს გამოჩნდა სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, საქართველოშიც, როდესაც აშშ-მა საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალ ნიშნულზე დაწია", - აღნიშნავს მაჭავარიანი.

ექსპერტის თქმით, აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს სახელმწიფო, საკმაოდ მკვეთრია და სწორედ არჩევნები გამოაჩენს, რამდენად დაიღალა საზოგადოება დონალდ ტრამპის მმართველობის ექსცენტრიკულობისგან და რამდენად ეძებს ამერიკა სტაბილურობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მულტიმილიარდელია და საერთოდ, ელიტას განეკუთვნებოდა, მისი ამომრჩეველი იყო უბრალო ამერიკელი, რომელიც არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ სანაპიროზე არ ცხოვრობდა დიდ ქალაქებში, ურბანულ ცენტრებში, არამედ ცხოვრობდა ე.წ. Rural America-ში, ცენტრში, რომელიც გლობალიზაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - მათ დაკარგეს სამსახურები, პერსპექტივა, ვერ გაარკვიეს, რა მიმართულებით მიდის ამერიკა. მათთან წინა ადმინისტრაციების მხრიდან არასწორი კომუნიკაცია ხდებოდა, რაც ტრამპმა თავის სასიკეთოდ გამოიყენა და ღიად დაიწყო ლაპარაკი ბევრ თემაზე, იქნებოდა ეს ულტრამემარჯვენეების, ნაციონალისტების, რასიზმის საკითხები თუ სხვა. ტრამპის ამომრჩეველი უმეტესად არის ნაციონალისტური, თეთრკანიანი, გარკვეული ულტრამემარჯვენე გადახრებით; მათ შორის, მას დიდი მხარდაჭერა აქვს ევანგელისტურ ეკლესიაში, რომელიც ეთანხმება პრინციპს: "ამერიკა ამერიკისთვის", "პირველ რიგში ამერიკა". რა თქმა უნდა, ამერიკელთა დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი ამ იდეას არ ეთანხმება - ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ უნდა დარჩეს მხოლოდ იმ ფასეულობებზე, რომელზეც დაფუძნდა და წინ უნდა წავიდეს. შესაბამისად, ეს საზოგადოება აზრობრივად გახლეჩილი ისედაც იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის. ვფიქრობ, ეს არჩევნები კარგი მაგალითი იქნება იმისა, თუ რამდენად გადაწყვეტს ამერიკა, აღარ გააგრძელოს ამ მიმართულებით სვლა. იმის შანსები, რომ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს, საკმაოდ მაღალია სწორედ იმიტომ, რომ ამერიკა გადაიღალა დაპირისპირებისგან და მზად არის, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა არენაზე, ამ თვალსაზრისით დღის წესრიგი ნაკლებად ექსცენტრიკული და გადატვირთული ჰქონდეს", - აღნიშნავს მაჭავარიანი.

პროფესორი, თსუ-ს ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა მიუთითებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა ძირითადად რადიკალური ლიბერალური ფრთის მიერ ფსევდო პოლიტკორექტული იდეოლოგიისა და ცენზურის ეფექტურად ამუშავებას უკავშირდება.

ვასილ კაჭარავა

"პირველი, ამერიკელები უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკას აქცევენ ყურადღებას. ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც არნახული მასშტაბია აშშ-სთვის და საერთოდ, მსოფლიოში (ვგულისხმობ, პანდემიამდე, რადგან პანდემიამ შეცვალა ვითარება, მაგრამ ეს სტიქიური უბედურებაა და მგონი, ცოტა სხვანაირად უნდა მივუდგეთ). ამასთანავე, 487 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა წარმოებაში, მრეწველობაში, აქედან ბევრი ახალი, თუმცა ბევრიც იმის ხარჯზე, რომ ბევრი ამერიკული ბიზნესი სამშობლოში დაბრუნდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 7 მილიონი ადამიანი აღარ იღებს უფასო საკვების ტალონებს (რაც სიღატაკის ნიშანია) - პროცენტულად ეს მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა. ამასთანავე, ქვეყანაში სიღატაკე 11%-ით შემცირდა; ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გადასახადების შემცირება მოხდა; წამლების წარმოება ძალიან გაიაფდა, აშშ-ში შედარებით იაფი წამლები კანადიდანაც შეაქვთ;

რაც შეეხება ნავთობს, ნედლი ნავთობის გამომუშავებით ამერიკამ საუდის არაბეთს და რუსეთსაც გაუსწრო, ჩვეულებრივ ნავთობს ამერიკა იმდენს აწარმოებს, რომ მათზე აღარაა დამოკიდებული;

ბუნების დაცვის საკითხებზეც ხომ "უკიჟინებენ" ტრამპს? მნიშვნელოვანია, რომ 275 000 კვადრატული აკრი მიწა სახელმწიფოს დაცვის ქვეშ გადავიდა;

ამასთანავე, ძალიან დიდი პლუსია, რომ კონსერვატორი წევრები შეიყვანა უზენაეს სასამართლოში;

რაც შეეხება უმცირესობებს: Black Lives Matter და რასისტული თემები რომ წამოწიეს, არც შავკანიანებს, არც აზიური და ესპანური წარმოშობის ადამიანებს და არც ქალებს არასდროს ჰქონიათ ასეთი მაღალი ეკონომიკური აღმავლობის მაჩვენებელი, როგორიც ახლა, ანუ ყველა უმცირესობა მაქსიმალურად იქნა დაკმაყოფილებული; შავკანიანთა კოლეჯებს უზარმაზარ დახმარებას აძლევს; ქალებთან დაკავშირებით კი ლირიკული, მაგრამ ლამაზი მომენტია, რომ ტრამპის განკარგულებით ყველა აეროპორტი დაავალდებულეს, ცალკე ადგილი გამოეყოთ მეძუძური დედებისთვის; სხვათა შორის, LGBTQ საზოგადოებასთანაც პირნათელია, 5 გეი ელჩი დანიშნა, მათ შორის, გერმანიაში;

საერთაშორისო ამბებს რაც შეეხება, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეასთან დაარეგულირა ურთიერთობა - ბევრს არ მოსწონს, რატომ ელაპარაკება კარგადო, მაგრამ, აბა, ახლა, თავში ხომ არ ჩაარტყამს?! მოსპო, ფაქტობრივად, გაანადგურა ისლამის არმია და მისი ლიდერები; ნატო-ს წევრები აიძულა, ფული გადაეხადათ და ევროპელ პარტნიორებთანაც გამონახა ბალანსი - მანამდე ექსპორტი და იმპორტი აშშ-ს სასარგებლოდ არ იყო. იგივე გაკეთდა ჩინეთის მიმართ, რომელთანაც უფრო სერიოზული დაპირისპირებაა - აწია ტარიფები და აშშ-ს 250 მილიარდი დოლარი შეუნარჩუნა; უამრავი მძევალი გაათავისუფლა, ობამას დროს ამის მსგავსი არ მომხდარა.

ვიტყოდი, თითქმის ბრწყინვალედ მიდიოდა ყველაფერი, პანდემია რომ არ დაწყებულიყო. რასაკვირვებლია, ოპოზიცია "უკიჟინებს", ხშირად მართებულად, რომ ამ პანდემიას ვერ მოუარეს, თუმცა, პანდემიას ვერც ერთი დიდი ქვეყნის ლიდერმა ვერ მოუარა", - აღნიშნავს ვასო კაჭარავა.

  • როგორი იყო ტრამპის პოლიტიკა და მიდგომები საქართველოსთან ურთიერთობაში?

ვანო მაჭავარიანი:

"ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებაში საჭირო ნაბიჯები გადადგა, თუმცა აქ საქართველოს ხელისუფლების, "ქართული ოცნების" პრობლემა იყო, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, ამერიკასთან დაახლოების ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - ჯერ მარტო ანაკლიის პორტის საკითხია საკმარისი იმისთვის, თუ როგორ ვერ შეძლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამერიკელების ინტერესების შემოტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში, როგორც რეგიონში, ისევე ქართულ და აშშ-ს პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპისა და ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა

შესაბამისად, ვფიქრობ, ეს გამოუყენებელი შესაძლებლობა იყო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად, სწორედ რუსეთთან ურთიერთობების არგართულების გამო (რისი გარანტიაც ეს არაფრით არაა), არ გამოიყენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით, ზეპირი განცხადებების გარდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გარკვეულწილად შინაარსდაცლილია - ამაზე მეტწილად საქართველოს მთავრობას უნდა ეზრუნა როდესაც ამერიკის ადმინისტრაციის, მით უმეტეს, პრეზიდენტ ტრამპის მზაობა იყო, რომელიც იცნობს საქართველოს, აქ ნამყოფია და რომლისთვისაც საერთო ჯამში, ნამდვილად არ არის სულ ერთი რეგიონალური ურთიერთობები, რაც შეეხება რუსეთს, თურქეთს... საქართველოს შეეძლო, ამ თვალსაზრისით უფრო აქტიური როლი ეთამაშა".

ვასილ კაჭარავა:

"ტრამპმა ურთიერთობები საქართველოსთანაც გაააქტიურა, ჯერ მარტო, არაჩვეულებრივი ელჩი გამოგზავნა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ცხოვრებაში. პანდემიის დროს დიდი - 2.7 მილიონი დოლარის დახმარება გაგვიწიეს, 500 000 დოლარის ღირებულების აპარატურა და დამცავი საშუალებები მოგვაწოდეს; ამასთანავე, მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის თანახმადაც არ დაეხმარებიან არც ერთ ქვეყანას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებლად ცნობს. აღარ ვლაპარაკობ ფინანსურ დახმარებაზე - 132 მილიონ დოლარზე; ამასთანავე, აშშ-მა "ჯაველინები" და სხვადასხვა სახის იარაღი მოგვყიდა, რომ ღმერთმა დაიფაროს, გაგვიჭირდეს... მაშინ, როცა ობამას მთავრობამ საქართველოსთვის იარაღის მოყიდვა გაყინა; კიდევ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროის ყველა ჩვენს პრემიერ-მინისტრს (ჯერჯერობით, გარდა უკანასკნელისა) შეხვდნენ და ყველასთან საქმიანი ურთიერთობა წარიმართა. საერთოდ, ჩვენთან ურთიერთობა არც ობამას ადმინისტრაციის იყო ცუდი, მაშინაც ვითარდებოდა, მაგრამ ამჟამად გაცილებით გააქტიურებულია", - აღნიშნავს ვასო კაჭარავა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრამპებთან ერთად
  • რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

ვანო მაჭავარიანი:

"არსებობს გადაღლილობის და ასევე კოვიდის პრობლემები, ამ კრიზისის არასწორი მართვის თაობაზე სერიოზული ბრალდებები ისმის. ასევე, გარკვეული იმედგაცრუებაა ტრამპის მიმართ თავად კონსერვატიულ პარტიაში. საზოგადოება მიიჩნევს, რომ მეტი სტაბილურობა და წინდახედულობა ბაიდენთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე ტრამპთან. არჩევნები ისეთი რამ არის, რომ მისი შედეგების პროგნოზირება არასწორია, მით უმეტეს, ამდენად დიდი დაპირისპირების და მცირე სხვაობის პირობებში, მაგრამ ამ ეტაპზე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის უპირატესობა უფრო ჩანს, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის".

ვასილ კაჭარავა:

"ტრამპი პირველი პირია და მას მიეწერება როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა. მაგრამ სამუშაო ადგილების შემცირების შემდეგ მათი რაოდენობა ახლა ისევ იმატებს, ეკონომიკა ისევ გამოსწორების გზაზეა; ამასთანავე, დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან ტრამპს სხვადასხვა ადგილას. თუ იანვარში და თებერვალში გამარჯვების შანსი თითქმის 100%-იანი იყო, ახლა ვთქვათ, რომ 50/50-ზეა - ახლა თუ გაიმარჯვებს, ალბათ მცირე უპირატესობით..."

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი