ავტორი:

"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

"ჩემთვის უმთავრესია, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს" - ჯეიჰუნ მუჰამედალი უმძიმეს ბავშვობაზე, დედასა და ჟურნალისტის პროფესიაზე

ცოტა ხნის წინ მარნეულში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს. ამბობს, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესია... თუმცა „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან, ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ამჟამად არც ამ ფაქტის შესახებ მსჯელობას ვაპირებთ და არც მის პოლიტიკურ ხედვაზე ვსაუბრობთ. ჯეიჰუნი Ambebi.ge-ს, ჩვენი თხოვნით, ახლა საკუთარ თავზე უამბობს.

პირველი, რითაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ის იყო, რომ საკმაოდ კარგი ქართულით მეტყველებს, ხოლო სად და როგორ ისწავლა ასე კარგად ქართული ენა - ამაზე ასე გვპასუხობს: „ქართულს ბავშვობიდან ვსწავლობდი. 10-12 წლისას სალაპარაკოდ მარაგში უკვე უამრავი სიტყვა მქონდა, მაგრამ ენა ისეთ დონეზე მაინც არ ვიცოდი, როგორც ახლა, თავისუფლად რომ მელაპარაკა. ქართულ ენაზე თამამად ზრდასრულ, საუნივერსიტეტო ასაკში ავლაპარაკდი. ეს დაახლოებით, 2011 წელს იყო, როცა „1+ 4“-ის პროგრამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი, მშობლიურ ენაზე ჯერ უნარებს აბარებდი, თუ მას გადალახავდი, მერე ქართული ენის მოსამზადებელ კურს გაივლიდი, შემდეგ კი ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტს უკვე ნებისმიერი უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკუტეტის არჩევის უფლება გქონდა. მოკლედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სადაც სწავლას ქართულად დიდი მონდომებით შევუდექი.

- ჟურნალისტობა რატომ გადაწყვიტე?

- ამ პროფესიის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა, ბავშვობიდან მიტაცებდა, ცხელ წერტილებში ყოფნა მინდოდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რის საშუალებასაც ეს ფაკულტეტი და პროფესია იძლეოდა... თუმცა ჟურნალისტობამდე სამოქალაქო აქტივისტი გახლდით... „რუსთავი 2“-ში 2018 წელს დავიწყე სამსახური. ჯერ სტაჟიორი ვიყავი, მერე უკვე ჟურნალისტი. საქმეში აქტიურად ჩავერთე. 2019 წლის 20 აგვისტოს კი იცით, რაც მოხდა იქ - არხი დაიშალა. მე წამოვყევი იმ ხალხს, ვინც იქიდან წამოვიდა. ეს გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე.

- დღეს ცხელ წერილებში მართლაც გიწევს საქმიანობა... ცოტა ხნის წინ, შენთან დაკავშირებით მძიმე ინციდენტი მოხდა... იმ მძიმე წუთებში, ვისზეც ფიქრობდი, თურმე ის ადამიანი დედა იყო...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი, დედა გყავს, სხვანაირად არ შეიძლება. ადამიანს გასაჭირში ყოველთვის ხომ ის ახსენდება, ვინც მუდმივად გვერდით ჰყავს. კი, იმ დღეს მძიმე რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ფაქტი მართლა პირველად ხდებოდა, სტრესული მდგომარეობა იყო - უკნიდან თავს დამესხნენ, მათი სახე არ მინახავს, ამიტომ, არ ვიცი, ვინ იყვნენ. თავისთვის დროულად რომ არ მეშველა, ალბათ მომკლავდნენ კიდეც. დაუნდობლად მირტყამდნენ. ფსიქოლოგიურადაც მძიმე და რთული მომენტი იყო... გონზე მოსულს კი მაშინვე შენთვის ძვირასი ადამიანი გახსენდება. სწორედ მასზე ფიქრობ, მომხდარის გამო არ ინერვიულოს... ბავშვობიდან მხოლოდ დედა მზრდიდა და დღემდე ერთად მოვდივართ. და-ძმა არ მყავს, რადგანაც მშობლები დაოჯახების შემდეგ ერთმანეთს მალე დაშორდნენ... დავრჩი დედასთან... ამიტომ, ის ჩემთვის ყველაფერი იყო და არის...

- როგორც გავიგე, დედა ბაქოდანაა?

- კი, იქ დაბადებულ-გაზდილია, უმაღლესი განათლებაც ბაქოში აქვს მიღებული. მერე ისე მოხდა, რომ საქართველოში გათხოვდა, მაგრამ დედ-მამის ერთად ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა დედა ბაქოში არ დაბრუნდა, საქართველოში დარჩა და ჩემი აღზრდით დაკავდა... ბევრი რთული და მძიმე წელი გვაქვს მე და მას ერთად გამოვლილი, მარტოხელა ქალი იყო და შვილს მარტო ზრდიდა, რაც არ იყო მარტივი... ამ სირთულეებმა მალე ისიც გამოიწვია, რომ დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, შეზღუდული შესაძლებლობის პირი გახდა... დიდხანს მის მცირე პენსიას ვიზოგავდით... ამიტომ, სრულიად პატარას, 12 წლის ასაკში ოჯახის სარჩენად ფიზიკური შრომა მიწევდა... ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საუნივერსიტეტო ასაკის არ გავხდი... მაგრამ ეროვნული გამოცდების სამჯერ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იმედი მაინც არ დამიკარგავს. წარუმატებლობა კი იმის ბრალი იყო, რომ სკოლაში მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, ქართული ენა და ლიტერატურა არ ვიცოდი, არადა, ეროვნულ გამოცდებზე ქართულის ცოდნა აუცილებელი იყო, რომ ჩამებარებინა. მოკლედ, ის სამი წელი კრახით დამთავრდა, სანამ შეღავათიანი პროგრამა, რაც უკვე ვახსენე, არ გამოვიდა.

- მოკლედ, აღნიშნული პროგრამით უკვე გაგიმართლა.

- დიახ და ამ პროგრამის პირველი მერცხალი მე ვიყავი... მანამდე კი, იმ წარუმატებელი გამოცდების შუალედებში თურქეთში წავედი, სადაც ფიზიკურად ვმუშაობდი. ამ პროგრამის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე ჩამოვედი... მოკლედ, იმ პერიოდში უკვე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი, არასამთავრო ორგანიზაციებთან ვურთიერთობდი, ტრენინგებს თვითონაც ვატარებდი...

- დედა მზრდიდაო - აღნიშნე, რას გასწავლიდა, გინერგავდა?

- სულ იმას მირჩევდა, რომ უნდა მესწავლა, რომ უსწავლელად ვერაფერს გავხდებოდი. დედის სურვილი ჩემ მიმართ მუდმივად ეს იყო...

- ახლა რას გეუბნება?

- ახლა ბედნიერია და ჩემით ამაყობს... ტელევიზორში რომ მხედავს, მეუბნება, ჩემს მოლოდინებს გადააჭარბეო...

- რა არის შენთვის პროფესია, რომელსაც ემსახურები?

- უპირველეს ყოვლისა, ოცნების ასრულებაა, მერე ის პროფესიაა, რაც ამ საზოგადოებას სჭირდება, - ადამიანებს ემსახურები. მათთვის ჩემი საქმიანობა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მოკლედ, საზოგადოების მსახური ვარ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მთავარი ცხოვრებაში კი ის არის, ვიყო ადამიანი, რომელიც ჯერ ღმერთს მოეწონება და მერე - ადამიანებს. ეს ჩემთვის უმთავრესია. დანარჩენი უკვე ამის შემდეგ მოდის. თუ ადამიანად არ ვარგიხარ, რა მნიშვნელობა აქვს, სიტყვაზე, მაგარი მინისტრი ხარ, თუ მაგარი ჟურნალისტი?!.

- გარდა სამსახურებრივი ინტერესებისა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?

- ბევრი ინტერესი მაქვს. საქართველოში სხვადასხვაგვარი სტერეოტიპი იყო წინა წლებში გამყარებული, მაგალითად, ეს სომხები, თათრები, მეორეხარისხოვნები, მწვანილის გამყიდველები, და ა.შ. ჩემთვის მთვარი ინეტრესი სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევაა. მინდა, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მულტიკულტრული ქვეყანა, რომელიც მარავალფეროვნების საფუძველზე აშენდა. ის ერთფეროვანი არასდროს ყოფილა. მრავალფეროვნება კი კარგი და საჭირო რამ არის. წარმოიდგინეთ, ბაღი, სადაც სხვადასხვაგვარი მცენარე ხარობს, მისი ნახვა როგორი სასიამოვნოა და ადგილი, სადაც მხოლოდ ალვის ხეებია დარგული - სხვაობა დიდია, ხომ? სახლიც კი მრავალფეროვანი მასალისგან შენდება, მის ასაშენებლად არასდროს გამოიყენება მხოლოდ ხე... მრავალფეროვნება, სიკეთე და ამ ქვეყნის სიმდიდრეა, ამიტომ არავინ უნდა ეცადოს ცხოვრებიდან რომელიმე ფერი ამოიღოს და სადღაც მოისროლოს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველანი ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და მამულიშვილები ვართ. ესაა სწორედ მნიშვნელოვანი...

- გავიგე, ჯეიჰუნი შეყვარებულიაო, - ვინ არის შენი რჩეული?

- კი, მყავს შეყვარებული, აქტიური და კარგი გოგოა, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მუშაობს. „ილიაუნის“ მაგისტრანტია, ძალიან განათლებული და საქმიანია... დაოჯახებას სულ მალე ვაპირებთ და ჩემს რჩეულს მერე გაგაცნობთ...

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა 2754 პირი

"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა