ავტორი:

როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს

როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას? - ჯანმო, პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად პასუხობს

ინფიცირებულების, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვლა, კარანტინი, სოციალური/ფიზიკური დისტანცია, სახლიდან მუშაობა, მოგზაურობის შეჩერება - ეს 2020 - კორონავირუსული პანდემიის წელიწადია, რომელსაც ჯერჯერობით, ბოლო არ უჩანს. როდის უნდა ველოდოთ ეპიდემიის შეჩერებას, როგორ ებრძვის საქართველო შემთხვევათა რაოდენობის ზრდას და როდის შეიძლება, ველოდოთ ვაქცინას?

  • AMBEBI.GE-ს პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პასუხები ექსკლუზიურად გასცა.

- უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო Covid-19- ს ებრძვის. თავიდან ვირუსის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი, ამჟამად მსოფლიოს პანდემიის უკვე მეორე ტალღასთან უწევს გამკლავება. რა გვასწავლა კორონავირუსთან ერთად განვლილმა თვეებმა - რა ვიცით ახლა, რაც წლის დასაწყისში არ ვიცოდით და გამოთვლილი აქვს თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, კორონავირუსის ეპიდემიის რამდენი და რამდენად ძლიერი ტალღის გავლა მოუწევს კაცობრიობას?

- პანდემიის განვითარების შედეგად ვისწავლეთ, რა მუშაობს. ჩვენ არ ვართ იმავე მდგომარეობაში, როგორშიც გაზაფხულზე ვიყავით: ახლა ვიცით, თუ როგორ უნდა ვაქციოთ სამიზნედ თავად ვირუსი და არა საზოგადოება; ვიცით, როგორ უნდა გავაკონტროლოთ და თავიდან ავიცილოთ გადაცემა; უფრო მეტი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ COVID-19-ის მძიმე შემთხვევებს. საავადმყოფოები უკეთესად არიან მომზადებული, პერსონალი კი უკეთ არის ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოეპყრან კოვიდპაციენტებს, ხალხი უფრო კარგად იცნობს რისკებს და მათი შემცირების მეთოდებს; ახლა ბევრად უკეთესად შეგვიძლია, დავიცვათ ყველაზე დაუცველები და ეფექტიანად შევამციროთ როგორც შემთხვევათა რიცხვი, ასევე - სიკვდილიანობა.

  • თუ ქვეყნები ტესტირებას ჩაატარებენ ყველა საეჭვო შემთხვევაზე და COVID დადებითი პაციენტების იზოლირებას მოახდენენ, თუ ისინი დაადგენენ და კარანტინში გადაიყვანენ მათ კონტაქტებს, თუ ყველა დაიცავს ხელის ჰიგიენასა და ცემინებისა თუ ხველის დროს ქცევის წესებს, შეინარჩუნებს ფიზიკურ დისტანციას და ატარებს ნიღაბს, გადაცემის ჯაჭვები გაწყდება.

ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები იმის შესახებ, თუ როდის მიაღწევს პიკს შემთხვევების რაოდენობა კონკრეტულ ქვეყნებში, არც იმაზე, თუ სად და როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ მატებას. ახლა კონცენტრირებულნი ვართ გადაცემის შემცირებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. ჩვენი გზავნილია, რომ ამ პანდემიის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომებს მიიღებენ მთავრობები და რას მოიმოქმედებს თითოეული ჩვენგანი ჯანმრთელობის დასაცავად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეტაპზეა ესა თუ ის ქვეყანა, COVID-19-ის კრიზისის შემოტრიალება არასდროსაა გვიანი. ძლიერი ლიდერობით, მკაფიო და ყოვლისმომცველი სტრატეგიით, თანმიმდევრული კომუნიკაციითა და პროცესში ჩართული, გაძლიერებული და უნარიანი მოსახლეობით, სიტუაციის შემობრუნება არასდროსაა გვიანი.

განსაკუთრებით ამ მომენტში, როდესაც ხალხი ამ უპრეცედენტო ვითარებით მეტისმეტად გადაღლილია, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის სტრატეგია COVID-19-ის აღსაკვეთად იყოს როგორც მეცნიერულად გამართული, ასევე კულტურულად მისაღები, ხალხის არათანაზომიერი ტანჯვის, აღქმებისა და შეშფოთების გათვალისწინებით.

- არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის შესახებ, თუ როდის გამოჩნდება კორონავირუსის ვაქცინა და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი ფართო გამოყენებისათვის - ზოგი წლის ბოლოზე მიანიშნებს, სხვები - მომავალი წლის გაზაფხულზე. შეგიძლიათ აღწეროთ ერთი მხრივ, ყველაზე უარესი სცენარი, მეორე მხრივ კი - საუკეთესო?

- ამაზე სპეკულირება ყოველთვის მაცდუნებელია, მაგრამ ჩვენი ყურადღება ამჟამად ექსპერტების და ყველა არსებული მტკიცებულების თავმოყრაზეა, რათა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხისთვის წინამძღოლობისა და მხარდაჭერის გაწევა შევძლოთ.

საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების მასშტაბი, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ჯანდაცვა, პირველადი დახმარება და საავადმყოფოს მომსახურება არსებითი საკითხებია. მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილად ოპტიმისტები ვართ, ამ პანდემიასთან საბრძოლველად არ უნდა ვენდოთ მხოლოდ მომავალ ვაქცინებს; უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც ხელთ უკვე გვაქვს. ეს გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტური ზომების განხორციელებას: შემთხვევების მოძიებას, იზოლირებას, შემოწმებასა და მკურნალობას; მათი კონტაქტების მოძიებასა და კარანტინში გადაყვანას. ინდივიდებისთვის ეს ნიშნავს ყველაფრის გაკეთებას საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად. ეს გულისხმობს სხვებისგან ფიზიკური დაშორების დაცვას, ხელების დაბანას/გაწმენდას, ხალხმრავალ და დახურულ ადგილებზე ყოფნისგან თავიდან არიდებას და პირბადის ტარებას, სადაც და როდესაც ეს რეკომენდებულია.

როგორ გამოიყურება საუკეთესო სცენარი? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად 30 იანვარს გამოაცხადა; 10 თვის შემდეგ ვიცით, რა არის საჭირო ვირუსის კონტროლისთვის. ვიდრე ამ ვირუსისგან საფრთხე არ შემცირდება, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და განვითარება ამ "ახალ ნორმალურ“ სიტუაციაში, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი ყველა იმ ზომების გამოყენებით, რომლებიც ინფექციის გადაცემის აღკვეთის კუთხით ეფექტიანი აღმოჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფრთხილად ოპტიმისტურად უყურებს იმას, რომ მალე მსოფლიოში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი და საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ლიცენზირებული, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გლობალური მასშტაბით ყველა მოწყვლადი ადამიანის ვაქცინაციას საჭირო დოზებით, დრო და ასევე, პოლიტიკური ნება და საზოგადოების მხარდაჭერა დასჭირდება. ვიდრე საკმარისი დოზები იქნება ხელმისაწვდომი და განაწილებული, რათა მთლიანი საზოგადოების დაცვა მოხდეს, უნდა გავაგრძელოთ ხელმისაწვდომი და ცნობილი ზომების დაცვა, რათა დაინფიცირებისა და გავრცელების რისკები შევამციროთ.

- ინფექციის პირველი ტალღის დროს საქართველოს გადაწყვეტილებებსა და "ლოქდაუნის“ დროულად გამოცხადებას საკმაოდ პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ამჟამად ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 1000-ს აღემატება, მდგომარეობა არ არის ხელსაყრელი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საწოლფონდისა და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. როგორ აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში არსებულ ვითარებას და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს? რა იქნება მთავარი რჩევა, რომელიც ამ ეტაპზე შეგვიძლია, მივიღოთ თქვენგან?

- მართლაც, გასულ გაზაფხულზე საქართველომ ძალიან სწრაფად და მტკიცედ იმოქმედა "ლოქდაუნის“ ზომების შემოღების თვალსაზრისით, COVID-19 შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად. ამის მთავარი მიზეზი ჯანდაცვის სისტემის დაცვა იყო, რომელსაც მაშინ COVID-19-ის შემთხვევების პოტენციურად მზარდ რაოდენობასთან გამკლავების საქმეში სირთულეები ჰქონდა.

მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ამ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ მოქმედება გაააქტიურა. მაგალითად, გაზაფხულის ბოლოს, საქართველო დღეში დაახლოებით 2 000 PCR ტესტს ატარებდა, დღეისათვის დღეში დაახლოებით 10 000 ტესტი ტარდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 300-მდე სტაციონარული დაწესებულება ფუნქციონირებს, 17 000-ზე მეტი საწოლი ხელმისაწვდომია და მათი მეოთხედი სპეციალურად COVID-19 პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილების დაახლოებით 60% დაეთმო COVID-19-ის შემთხვევებს; ჯანდაცვისა და ლაბორატორიის პერსონალი გაიწვრთნა შემთხვევების მართვის, ასევე, ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლის საკითხებში; ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღჭურვილობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მარაგი, რაც ზოგიერთი გარე დახმარებით კიდევ უფრო განმტკიცდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატთან (DG NEAR) თანამშრომლობდა, რათა საქართველოსთვის PPE აღჭურვილობის დაახლოებით 1.5 მილიონი ერთეული ყოფილიყო მიწოდებული, რაც ფრონტის ხაზზე მყოფ ჯანდაცვის მუშაკებს დაურიგდათ. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი გახდა 5000-ზე მეტი ოთახი 102 საკარანტინო სასტუმროში. ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ აძლიერებს საქართველო თავის ნაციონალურ შესაძლებლობებს გაძლიერებული მეთვალყურეობისა და ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის, რაც მთავრობას აძლევს საშუალებას, მოახდინოს რეაგირება ეკონომიკური აღდგენის კუთხით და თავიდან აირიდოს საყოველთაო კარანტინის ზომების გამოცხადება.

ამასთან ერთად გარკვეული ზომები კვლავ მოქმედებს. რეგიონული ”ცხელი წერტილების” მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, შემთხვევების აღმოჩენის, ტესტირების, იზოლაციის, კონტაქტების მოკვლევისა და კარანტინში გადაყვანის კუთხით. ჯანმო ასევე ხელს უწყობს PHC (პირველადი სამედიცინო-სანიტრაული დახმარება) სერვისების შესაძლებლობების გაძლიერებას, მსუბუქი შემთხვევების მართვის ჩათვლით. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ყველა საჭირო მომსახურების დასაფარად ადამიანური რესურსების ნაკლებობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი მხარს უჭერენ ახალი კურსდამთავრებული ეპიდემიოლოგების და ლაბორატორიის სპეციალისტების ტრენინგს COVID-19-თან ბრძოლაში დაუყოვნებლივ მონაწილეობისთვის.

- ამ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა: "თუ სწორად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს, მალე შევძლებთ პანდემიის შეჩერებას. თუ არა, ის ჩვენთან დარჩება ძალიან დიდხანს", - რა არის ეს საშუალებები, პროფილაქტიკისა და, მეორე მხრივ, მკურნალობის თვალსაზრისით?

- შემთხვევების ნებისმიერი შემცირება ან მატება, რომელსაც ვხედავთ, ეპიდემიის ბუნებრივი პროგრესირების გამო არ ხდება. ის ცვლილებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქვეყნებისა და ხალხის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგია. თუ სწორად ვიმოქმედებთ, გადაცემა შენელდება, თუ ზომების დაცვაში სისუსტეს გამოვიჩენთ, ვირუსი კვლავ გაძლიერდება. მომდევნო თვეებში სიტუაცია ასე გაგრძელდება, დაავადების გავრცელების რისკიც გაგრძელდება იმ ქვეყნებში, სადაც ავადობის დონე ამ დროისთვის შედარებით დაბალია. საჭიროა ვირუსის მდგრადი კონტროლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარევების მკაცრი გამოყენების გზით.

მოქმედება და სიტუაციის შემოტრიალება გვიანი არასდროსაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც ამჟამად გვაქვს ხელთ: შემთხვევათა აღმოჩენა, იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა; კონტაქტების მოძიება და მათი კარანტინში გადაყვანა.

ამასთანავე, ეს ყველაფერი მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა არ არის. მთელი საზოგადოება ამ ძალისხმევის ნაწილია. ყველა ადამიანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს დადებითი შემთხვევების აღმოჩენასა და იზოლირებაში, ისევე, როგორც კონტაქტების მოკვლევაში. მხოლოდ გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტით შევძლებთ COVID-19-ის შეჩერებას. თითოეულ ადამიანს შეუძლია, იზრუნოს საკუთარი ხელების დაბანაზე, ხველის დაბლოკვაზე, სხვა ადამიანებთან უსაფრთხო დისტანციის დაცვაზე და, სადაც ეს შეუძლებელია, პირბადის ტარებაზე. ვიცით, რომ ეს მარტივი ზომები დაგიცავთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ყველა "ინფლუენსერსა“ და ჟურნალისტს შეუძლია, ისაუბროს ფაქტებზე, შეეხოს ადამიანების აღქმებს და წაახალისოს დამცავი ქმედებები. ეს მიუთითებს მთელი საზოგადოების ერთგულებაზე სხვების ჯანმრთელობის მიმართ; ამასთანავე, ჯანმრთელობის, როგორც ეკონომიკის განმსაზღვრელი ფაქტორის მიმართ.

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ავღანეთის საარჩევნო უბნებზე?

მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები

"ქართული ოცნება" - 55% , "ნაციონალური მოძრაობა" - 23% - როგორია "იმედის" ეგზიტპოლის შედეგები