ავტორი:

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მიმართ სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. შსს-ს ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დანაშაულის მუხლი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

როგორც სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი, ნუკრი ბერიშვილი გვიყვება, წარმოუდგენელია, თუ როგორ გადაიქცა ერთი სრულიად უწყინარი და პატიოსანი ადამიანი ტერორისტად:

- ვიდრე ეს ადამიანი დაკავებული არ არის, მაინც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამის ჩამდენია, მე კი არა, ყველას უკვირს, ვინც მას იცნობდა. პირადად მისი მასწავლებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ცხადია, ვიცნობდი. სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ. აქ არიან პედაგოგები, რომლებიც მას ასწავლიდნენ, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, მშვიდი, გაწონასწორებული და წესიერი... მერე ვის ცხოვრებაში რა ხდება, არავინ იცის, მით უფრო ასეთ დროს, გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა ასე შეცვლილიყო.

კარგად ვიცნობ მის ოჯახს, 12 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და გარშემო ყველას კარგად ვიცნობ. მამამისი არის უპატიოსნესი, თითით საჩვენებელი, მშრომელი კაცი. სამი შვილი გაზარდა, ეგონა, გზაზე დააყენა და ასეთ უბედურებას არავინ ელოდა. მამამისი სპეციალობით ხელოსანია, ზუგდიდში პატარა საამქრო აქვს და იქ მუშაობს.

ამის ორ ძმას უფრო კარგად ვიცნობ, უფროსები არიან, წესიერი პატიოსანი ბიჭები. ერთს ცოლ-შვილი ჰყავს, მეორეს - ჯერ არა. ამ გარემოში, ამ ოჯახში აღზრდილ, მამამისის ხელში გავლილ შვილს როგორ მოაფიქრდა ასეთი რამ, ტერორიზმი კი არა, ჯიბის ქურდი რომ ხდება ადამიანი, იმას განიცდის მშობელი ტრაგიკულად.

- 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში იყო...

- ომში რომ იყო ვიცი, ავღანეთი არ ვიცი... ვიცი, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ბოლო ხანებში, ძირითადად, სახლში მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა. მეზობლებმაც თქვეს, სიმინდის აღებაში დაგვეხმარა წინა დღეებშიო. ასეთ რამეს თუ გეგმავდა, წარმოუდგენელია. მაინც მგონია, მის დაკავებას უნდა დაველოდოთ.

თუმცა, თუ მართლა არ არის კავშირში, მთელი ქვეყანა ინგრევა, მედიასა და სოციალურ ქსელებში ამაზე ლაპარაკობენ, თეორიულად ვამბობ, ვიღაცასთან კავშირზე ხომ უნდა გასულიყო?! როგორც ამბობენ, ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია. ვის აქვს უფლება უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ასეთი ამბები ატეხოს.

ამდენი წელია, უამრავ თაობასთან მქონია შეხება და ასეთი უცნაური რამ, ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს და არც გამიგია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი მშობლების ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ, - მამამისი ფეხზე ვეღარ იდგა, ვეღარ უყურა მის სახლში როგორ შევარდნენ, ჩხრეკას როგორ ატარებდნენ, საერთოდ იმას, რაც მის სახლში ხდებოდა. ეს არის ტრაგედია ოჯახისთვის, როდესაც შვილისგან ტერორიზმს კი არა, საერთოდ არაფერს ცუდს არ ელი. საცოდაობა იყო, რაც იქ ხდებოდა. გუშინ ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მამას დამამშვიდებლები გაუკეთეს, რადგან ინსულტის წინა ფონი ჰქონდა. ძალიან ცუდად იყო დედამისიც... რანაირად მოხდა, რომ ან მშობელზე არ იფიქრა, ან ვინმეზე. წარმოუდგენელი რამ მოხდა.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს