ავტორი:

"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება

"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძემ ჩაანაცვლა.

ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. როგორია მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება? AMBEBI.GE გომელაურისა და მისი ოჯახის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოგიყვებათ:

  • ოფიციალური ბიორგაფია

ვახტანგ გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, თბილისში.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

29.12.1994 - 01.04.2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

01.04.2003 - 22.03.2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

22.03.2013 - 11.12.2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11.12.2014 - 26.01.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

26.01.2015 - 01.08.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2015 წლის 1-ლ აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

წოდება - "სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“

2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • რა ვიცით არაოფიციალურად?

ვახტანგ გომელაური თბილისში, ვარკეთილში გაიზარდა, როგორც მისი ახლობლისგან გავიგეთ, მან მომავალი მეუღლე - ნინო კუდუხაშვილიც ამ უბანში გაიცნო. ისინი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდნენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ "მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი აქვთ". ვახტანგ გომელაურზე მეუღლე 2 წლით უფროსია. მომავალი მინისტრი სულ რაღაც 21 წლის იყო როდესაც პირველი შვილი - ანა შეეძინა. ვაჟი - ლუკა კი გომელაურების ოჯახში 2003 წელს დაიბადა.

ვახტანგ გომელაური მეუღლესთან ერთად

ანა და ლუკა გომელაურები

ლუკა გომელაური და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ზვიად ქაწაშვილი
ვახტანგ გომელაურის მეუღლე, ნინო კუდუხაშვილი

ოჯახის ახლობლის თქმით, ვახტანგ გომელაურმა სპეციალური სამსახურისთვის საჭირო მომზადება ადრევე გაიარა და გარკვეულ პერიოდში სპეცრაზმშიც მსახურობდა.

"ჩვეულებრივი ბიჭი იყო, საკმაოდ კარგად სწავლობდა, რთულ პერიოდში მოუწია მოზარდობა და სტუდენტობა, ქუჩა იმ დროს ძალიან სასტიკი იყო, თუმცა გომელაური ახერხებდა ყველასთან საერთო ენის გამონახვას. უბანში გაგიჭირდებათ ნახოთ ვინმე, ვინც ვახოს იცნობს და მასზე აუგს იტყვის. ახლაც ძალიან თავმდაბალი ადამიანია. როგორც ვიცი, თანამდებობა არასდროს უნდოდა, ჩრდილში ამჯობინებდა ყოფნას, მაგრამ ივანიშვილი ძალიან ენდობოდა და ხათრი ვერ გაუტეხა. მე რასაც ვხედავ, ჩვეულებრივად ცხოვრობენ, განსაკუთრებით, გომელაურის მშობლები. მეუღლეს რაც შეეხება, არასდროს უმუშავია, შვილების აღზრდით არის დაკავებული“, - გვითხრა გომელაურის ერთ-ერთმა ახლობელმა.

ფოტო: ნინო გიორგობიანი

  • შს მინისტრის ქონება

ვახტანგ გომელაურმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ივნისს შეავსო, რომლის თანახმადაც მის სახელზე არც რაიმე უძრავი ქონება და არც მანქანა ირიცხება. მისი მეუღლე ნინო კუდუხაშვილი კი ფლობს თიანეთის რაიონის, სოფელი გორანაში 1422 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც, 2018 წელს ამავე სოფელში არსებულ 1088 კვ.მ ფართობის აგარაკთან ერთად, უჩუქებიათ მისთვის. მის სახელზეა ასევე აგარაკი ტაბახმელაში, რომელიც, 2001 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად, 123 717 ლარად 2014 წელს შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს, გომელაურს "საქართველოს ბანკში“ ჰქონდა 1 სახელფასო ანგარიში, რომელზეც ირიცხებოდა 34506,77 ლარი და სამი მიმდინარე - შესაბამისი თანხებით: 4618,26 დოლარი, 28,46 დოლარი და 3000 ევრო.

მისი მეუღლის სახელზე კი იყო 1 მიმდინარე ანგარიში - 376,67 ლარით და მეორე ანაბარი - 92845,87 დოლარის ოდენობით.

მისი ქალიშვილის ანას სახელზე კი იყო 4 მიმდინარე ანგარიში - შემდეგი თანხებთ: 186,46 ლარი, 127,99 დოლარი, 591,15 ევრო, 558,25 გირვანქა სტერლინგი. ასევე ანას სახელზე ირიცხებოდა 2 ანაბარი - 247,72 ლარით და 337 გირვანქა სტერლინგით.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, გომელაურმა მიუთითა, რომ იმ პერიოდისთვის ჰქონდა - 7500 დოლარისა და 54 000ლარის დანაზოგი.

მან ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობისას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით აიღო 67979,68 ლარი, ხოლო 2019 წლის 8 სექტემბრიდან წლის ბოლომდე, როგორც შს მინისტრმა, მიიღო 22533,94 ლარი.

ვახტანგ გომელუარს "საქართველოს ბანკში“ 2016 წელს აღებული აქვს 80 000 - დოლარიანი კრედიტი, რომელი 2021 წლამდე უნდა დაფაროს. მან კრედიტის მომსახურებისთვის 2019 წელს 11625,36 დოლარი გადაიხადა.

მისმა მეუღლემ 2019 წელს ვარკეთილში მდებარე ბინა 58 000 დოლარად, ხოლო ავტოფარეხი 8000 დოლარად გაყიდა. ასევე 25000 დოლარად გაყიდა სარდაფი.

2019 წლის დეკლარაციაში გომელაურს მითითებული ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი შინაგან საქმეთა აკადემიაში, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა, თუმცა 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ჩანაწერი აღარ არის. როგორც გავარკვიეთ, ის ამ დაწესებულებაში აღარ მუშაობს.

დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ გომელაურებს აგარაკი აქვთ გორის მუნიციპალიტეტში, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის სიდედრის სახელზეა გაფორმებული.

ავტორი: ანა გიორგაძე