ავტორი:

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

იტალიის ქალაქ ტრენტოში მოქმედი კვლევითი ცენტრის «Osservatorio Balcani e Caucaso» ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი: რისკები საქართველოსთვის“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრობლემებს ეხება. კერძოდ, მასში განხილულია ის საფრთხეები და რისკები, რომელიც საქართველოს ემუქრება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის გამო, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რადგანაც საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანულ (284 ათასი) და სომხურ (168 ათასი) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტზე მათი ნათესავები, ახლობლები და მეგობრებიც იღუპებიან, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც დაიწყოს გარკვეული მღელვარებები ეთნიკურ ნიადაგზე.

სიტუაციის გამწვავებას ხელს უწყობს ემოციებიც, რომლებიც მიტინგებისა და საპროტესტო აქციების დროს მჟღავნდება. ორივე ეთნოსის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს პროტესტების ღია ფორმას - ჩატარდა აქციები თბილისში, აგრეთვე თურქეთის მოსაზღვრე სამცხე-ჯავახეთში, სადაც, ძირითადად, სომხები ცხოვრობენ. ვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს აგრეთვე დეზინფორმაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და საქართველოში მცხოვრებ სომხებში და აზერბაიჯანელებში მწვავე გამოძახილს პოულობს.

"თუ საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება დაიწყება, ეს უმეტესად სომხეთისთვის იქნება საზიანო, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, - იმიტომ, რომ სომხეთს გარესამყაროში გასასვლელი, ანუ საზღვარგარეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძირითადად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით აქვს. ირანის მცირე წილს თუ არ ჩავთვლით, იმპორტ-ექსპორტისთვის ტრანსპორტის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ცხადია, ამ ფაქტორს სომხეთი აცნობიერებს. სწორედ ამიტომ თბილისში არსებულმა სომხეთის საელჩომ თანამემამულეებს მოუწოდა ფრთხილად და თავშეკავებულად გამოხატონ თავიანთი ემოციები სოციალური ქსელებში და ღია საპროტესტო აქციებში".

სტატიაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ორივე მეზობლის - სომხეთისა და აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების მიმართ, მაგრამ რადგანაც ორივეს - ერევანსაც და ბაქოსაც - სჭირდება საბრძოლო ტექნიკის, საჭურვლისა და იარაღის შევსება, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, თბილისის მიერ ნეიტრალიტეტის დაცვა ეჭვქვეშ აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, უკვე არის ამის მცდელობები: მაგალითად, სომხეთი თურქეთს და აზერბაიჯანს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ყარაბაღის ფრონტზე დაქირავებული "ბოევიკების" გაგზავნაში ადანაშაულებს, ხოლო რუსი ზოგიერთი პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ მოსკოვი საჭიროდ ჩათვლის, სომხეთის დასახმარებლად რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევსო.

პუბლიკაციაში დამოწმებულია ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, კავკასიის საკითხების ექსპერტის მაიკლ ჩეჩირეს თვალსაზრისი, რომლის თქმით, "სომხეთ-აზერბაიჯანის ომში რუსეთის (ან თურქეთის) ღია ჩარევის შემთხვევაში, მოსკოვ-ანკარისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის გაჭრა აუცილებელი გახდება, რაც თბილისს კონფლიქტში ჩართვას აიძულებს. გარდა ამისა, იმ სიტუაციაშიც კი, თუ ყველა მხარე თანახმა იქნება პატივი სცეს საქართველოს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობას, თბილისის ურთიერთობა მათთან მაინც მეტ-ნაკლებად დაზარალდება. საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა (შუამავლობა) შესაძლოა სამომავლოდ იყოს სასარგებლო, ახლა კი, სანამ ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მას სამხედრო უპირატესობა აქვს და მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია, დაზავებაზე თანხმობა საეჭვოა“.

მსგავსი პოზიცია აქვს "უსაფრთხოების ევრაზიული დემოკრატიული ქსელის“ თანამშრომელს ალექსანდრე სკრივენერს:

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს. აშკარაა, რომ საქართველოს წამყვანი შუამავლის როლის რეალურად შესრულება არ შეუძლია. თბილისმა, ალბათ, თავი უნდა შეიკავოს სამშვიდობო მისიის ფიზიკურად შესრულებისგანაც და უფრო მეტი ყურადღება სახალხო დიპლომატიას დაუთმოს, ხელი უნდა შეუწყოს არაფორმალურ კონტაქტებს როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს, ასევე პოლიტიკოსებს შორის...

ეს ომი საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, მაგრამ რამდენად უარყოფითის - ეს სიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მინიმუმი, ომის ესკალაცია აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც საკმაოდ დაზარალდა კოვიდ-19-ის პანდემიისგან. გარდა ამისა, რადგანაც კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთი არ აქტიურობს, ეს რუსეთის ჰეგემონიის განმტკიცებას გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავი იქნება", - ასკვნის ალექსანდრე სკრივენერი.

სიმონ კილაძე