ავტორი:

"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა

"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა

მიხეილ ბაჩუკაშვილი გურჯაანიდან პირდაპირ ამერიკაში აღმოჩნდა. განსხვავებულ გარეგნობასთან ერთად, განსხვავებული პროფესიითა და გემოვნებითაც გამოირჩევა. მიხეილი ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაზე ზრუნავს - არა მგონია, მისი საოცარი კაბების ხილვის შემდეგ, ვინმე გულგრილი დარჩეს და ამა თუ იმ კაბის მორგებაზე არ იოცნებოს.

მკაცრი გამომეტყველებისა და იმიჯის მიღმა, მიხეილი საოცრად გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა:

- ამერიკაში მხოლოდ ქინძისთავებით და ბევრი იმედით ჩამოვედი. ინგლისური ანბანიც არ ვიცოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს შევძლებდი.

- იქნებ ის დღეები გაიხსენოთ, ამ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით...

- გურჯაანის სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, საოცარი პედაგოგი მყავდა - მაია ლიუ (ჩინელი). გურჯაანისთვის ეს იმ დროს ნამდვილად საოცრება იყო. მაიას მოსკოვის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მან გურჯაანში სამხატვრო სახელოსნო გახსნა და აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯებიც. ვმუშაობდი გობელენზე, ხატმწერად, მაკეტებზე. 3 წელში სკოლა დაიხურა, მერე იყო სტუდენტობა, სტუდენტობის მერე კი სამსახურის ძებნა და თავის დამკვიდრების მცდელობა. იყო ბევრი გასაუბრება და იმედგაცრუებაც.

- როგორი იყო ოჯახის რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ ტანსაცმლის დიზაინერობა გადაწყვიტეთ? ცოტათი მიუღებელია ეს ქართველი, მით უმეტეს - კახელი კაცისთვის.

- ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ გახარებია მამას, წინააღმდეგი იყო. უნდოდა, ხატწერას გავყოლოდი ან მაკეტები მეკეთებინა, ან ნებისმიერი სხვა რამ, ოღონდ არა ტანსაცმლის დიზაინი. ჩემი ოცნებებისა და მიზნებისთვის ბევრი ვიბრძოლე.

- თურმე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაშიც მუშაობდით კონსულტანტად.

- დიახ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავის დამკვიდრება ვერ შევძელი, როგორც დიზაინერმა. ჩემი მაკეტებით ბევრ ქართველ დიზაინერს შევხვდი. მოსწონდათ, ამბობდნენ, რომ კარგია, მაგრამ... ამიტომ იძულებული გავხდი, კონსულტანტად დამეწყო მუშაობა, წარმატებით ვართმევდი თავს სამუშაოს, ტრენინგებსაც ვატარებდი ახალი კონსულტანტებისთვის. იქიდან წამოსული სახლში მაკეტებს ვაკეთებდი და შეკვეთებსაც ვიღებდი. ერთ დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავის დამკვიდრებისთვის კვლავ უნდა დამეწყო ბრძოლა. წამოვედი სამსახურიდან. იქ აღებული ხელფასითა და ცოტა დანაზოგით სახლში დავიწყე კერვა. დავდიოდი სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე თბილისში და მეპატრონეებს ვთხოვდი, ჩაებარებინათ კაბები და გაეყიდათ. მაშინ ქვედაბოლოებს, საღამოს კაბებს ვკერავდი. დანაზოგის გაკეთება მოვახერხე და ჩემს მეგობართან, ანა მეყანწიშვილთან ერთად მოდის სახლი "ბიზონი" გავხსენი, დავიწყეთ მუშაობა საღამოს და საქორწინო კაბებზე.

- მერე ეს ყველაფერი მიატოვეთ და ამერიკაში წახვედით. რატომ?

- თითქმის ექვსი წელია, ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. არავინ მყავდა, ვინც რჩევას მომცემდა. თუ ვინმეს რამეს ვკითხავდი, იმაზე მეტად მირთულებდა საქმეს, ვიდრე რეალურად იყო. არასდროს მიოცნებია ამერიკასა და აქ ცხოვრებაზე, საერთოდ მეოცნებე არ ვარ. უბრალოდ, ვიზის აღება ვცადე და გამომივიდა. ჩამოვედი სრულიად მარტო, ყველაფერი საქართველოდან მქონდა წამოღებული, ქინძისთავებიც კი, რომლებსაც დღემდე ვინახავ.

- რთული გზა გაიარეთ ემიგრაციაში?

- რა თქმა უნდა, რთული იყო, მიჭირდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე მაინც არ მიფიქრია. ვიცოდი, თუ არ დავნებდებოდი და ვიბრძოლებდი, ყველაფერს შევძლებდი. იყო ენის ბარიერიც, მეგობრების დეფიციტიც, თუმცა ვუძლებდი და ვიბრძოდი.]

- საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული თუ ხართ?

- ზედმეტად კრიტიკულიც კი. ყოველთვის ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, ბოლო დეტალებამდე ვეძიები და ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ასეთი რომ არ ვიყო, უფრო მეტს მივაღწევდი.

- ფიქრობთ, რომ წარმატების მწვერვალზე ხართ? ამერიკაში ცნობილი სადედოფლო კაბების დიზაინერი ბრძანდებით, საკმაოდ ძვირი ღირს თქვენი შექმნილი კაბები, ექსკლუზივს ითხოვს მაღაზიაც.

- მწვერვალზე არ ვარ, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. მინდა, ევროპის ქვეყნებშიც გავიდეს ჩემი კაბები და სხვა ბევრი ჩანაფიქრიც მაქვს. თუ ნიჭიც გიწყობს ხელს, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენო. მსოფლიო აღიარება მინდა, რატომაც არა? ამას ამბიციაში ნუ ჩამითვლით. უბრალოდ, იმაზე მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, ვიდრე დღეს მაქვს...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებულები რეგიონების მიხედვით

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა