ავტორი:

"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე

"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს.

როგორც ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ტესტის პასუხები არ მიუღიათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას და განათლების და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

"ბატონი გიორგი გახარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ის კარგად გრძნობს თავს. დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი. შესაბამისად, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან ტესტის პასუხებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთავრობის წევრებიდან თვითიზოლაციაში არიან გადასული. ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას, მუშაობას და საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია ტესტის პასუხის მიღებისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და მას ბიძინა ივანიშვილთან შეხება არ ჰქონია.

"გიორგი გახარიამ შაბათს გარკვეული დრო გაატარა თავისი პირადი დაცვის წევრთან, რომელსაც შაბათსვე სისტემური ტესტირების შედეგად დაუდგინდა კორონავირუსი, ამის გათვალისწინებით შაბათსვე გიორგი გადავიდა თვითიზოლაციაში. უკვე გუშინ, რადგანაც გაუჩნდა სიმპტომები, გაუკეთდა ტესტირება და ტესტირების დროს დადგინდა ვირუსი. ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი ასევე არის დაცვის წევრი. ნათია თურნავას შემთხვევაში ჯერ ვირუსი დადასტურებული არ არის, მაგრამ მას აქვს ვარაუდი, ჰქონდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთან ან ნათია მეზვრიშვილთან ან დაცვის წევრებთან. მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი არის მისი ოჯახის წევრი. გიორგი გახარიას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სერიოზული პრობლემებია - ვფიქრობ, დიდ ქვეყნებთან სავიზო თემები გადასახედი იქნება" - ვახტანგ გომელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"