ავტორი:

"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" - რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე

"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" -  რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ იზმირში მომხდარმა მიწისძვრამ მსოფლიო შეძრა. დანგრეულია ნახევარი ქალაქი და უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. საბედნიეროდ, მაშველებმა 24-საათიანი მუშაობის შედეგად, 107 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რაც დაღუპულთა რაოდენობაზე ბევრად მეტია...

თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.

ამბავი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეს იპყრობს, ალბათ ფანტასტიური ჟანრის ფილმის სცენარი უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თურქმა მაშველებმა რამდენიმე ათეული საათიანი ძებნის შემდეგ, 3 და 4 წლის გოგონები ნანგრევებიდან სრულიად უვნებლები გამოიყვანეს.

"ბეტონზე ამოსული ყვავილები" - ასე უწოდა ადგილობრივმა მედიამ, ელიფ ფერინჩეკისა და აიდას. ორივე გოგონა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

AMBEBI.GE თურქეთში მცხოვრებ ქართველს ნინო ჩალიკს ესაუბრა:

- წლებია აქ ვცხოვრობ, იზმირთან ახლოს, აივალიკში. მიწისძვრები აქ ხშირია, მაგრამ ასეთი სიმძლავრის არ მახსოვს. სახლში ვიყავი და ისე შემაზანზარა, მთელი სიძლიერით. იმ დღესვე მოხდა განმეორებითი, რამდენჯერმე. თუმცა, ისეთი სიძლიერის არ იყო... რამდენიმე ხნის წინ, სტამბოლში რომ იყო ძლიერი მიწისძვრა, მას შემდეგ, ასეთი მაღალი ბალი არ ყოფილა. თუმცა, ეგეოსის ზღვასთან ხშირად ხდება მიწისქვეშა ბიძგები. შემდეგ ამ ყველაფერს ცუნამიც მოჰყვა. იმ დატბორილ ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ვიყავი...

- რა ხდება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია.?

- იზმირი, მთელ თურქეთში გამორჩეული ქალაქია და ეს ახლა განსაკუთრებით იგრძნობა. მაშველებს, რომლებიც დღე და ღამე შეუსვენებლად მუშაობენ, მოხალისეებიც ეხმარებიან. მათთვის, ვინც გარეთ დარჩა და კარვებში უწევთ ცხოვრება, თბილი პლედები, ახალი ტანსაცმელი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ... ხალხს ახლაც ეშინია სახლში შესვლა. ჩვენ სახლშიც აბაზანის კედლები სულ დაბზარულია. გაგვაფრთხილეს, შესაძლოა სახლი პირველ ბიძგს გადაურჩეს, მაგრამ ფუძე დაზიანდეს და ვერ მიხვდეთ, გეგონოთ, რომ გადარჩით, მაგრამ მეორე ჯერზე, თუნდაც სუსტი რომ იყოს, დაინგრევაო. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც სახლში შედიხარ და არ იცი, რა მოხდება.

რაც შეეხება, 3 წლის ელიფს, რომელსაც მაშველები 65 საათის განმავლობაში ეძებდნენ, მათ სახლის გეგმას მამა უხაზავდა, პოვნა რომ გაადვილებოდათ, თავადაც იქ იდგა, ბავშვი რომ გამოიყვანეს, ისეთი რეაქცია ჰქონდა, ცოცხალს აშკარად არ ელოდა და სრულიად უვნებელი რომ დაინახა, მუხლებზე დაეცა და სიხარულისგან გიჟივით ტირილი დაიწყო. როგორც ვიცი, იმ ბავშვის დედა საავადმყოფოში წევს. ოჯახის სხვა წევრების ბედი არ ვიცი.

- რაც შეეხება, 4 წლის აიდას...

- ადგილობროვი მედია მას აიდათი მოიხსენიებს, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. როგორც მითხრეს, გოგონას დედა დაეღუპა. გვამიც ამოიყვანეს უკვე... ყველა ტიროდა, როგორც თავის ახლობელს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. შვილი, შედარებით უსაფრთხო ადგილას ჩაუსვამს, ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის, კუთხეში, ზემოდან კი კედლის ფილა სიბრტყეზე დაეცა...

როგორც კი გამოიყვანეს, დედა და საჭმელი მოითხოვა, აირა, ანუ დედი სახელი და კოფთე, (კოტლეტი) მინდაო. მერე წყალი მინდაო, თქვა... ძალიან შიოდა და წყუროდა. მართლა წარმოუდგენელია, 30 ოქტომბრის შუადღის შემდეგ, როგორ გაძლო ამდენი ხანი ასე, ამ მდგომარეობაში. მიუხედავად ამ სტრესისა, რომ გამოიყვანეს, იღიმოდა. მაშველი ჰყვებოდა, რაღაც ფაიფურის კოვზი მომხვდა ხელში, მტვრის მასა რომ გამეწმინდა და სწორედ მას ჩაავლო ხელი აიდამო... მუშაობის დროს, მაშველები და მოხალისეები სულ ყვირიან, რომ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ხმა გააგონონ, აქ ვართ და თუ ვინმეა შეგვეპასუხეთო... მაშველი ისეთი ბედიერი იყო, ლოყაზე აკოცა, ეს ჩანს ფოტოზე. რომ გამოიყვანა. აიდა იღიმოდა, იმ მაშველ ბიჭს კი, მტვრიან და ჭუჭყიან სახეზე სიხარულის, ბედნიერების, ემოციების ცრემლები ღარებივით გასდევდა...

აიდას ღიმილმა ყველანი შოკში ჩაგვაგდო. მასაც მამა დახვდა. ისიც მიცვალებულს ელოდა და წარმოუდგენელი ემოცია ჰქონდა. უამრავი ადამიანი გადაარჩინეს, მოხუცები, უფროსები, ბავშვების გადარჩენას სხვა ემოცია ჰქონდა. ისე კი, კიდევ კარგი, რომ დღე მოხდა მიწისძვრა, ხალხი სახლში არ იყო, ზოგი ქუჩაში, ზოგი ტრანსპორტში. ღამე რომ მომხდარიყო, ბევრად მეტი მსხვერპლი იქნებოდა, რადგან მძინარე ხალხს ერთიანად მოიყოლებდა.

- მაშველები დღე და ღამე მუშაობენ, არა?

-დიახ, უკვე ისეთი გადაღლილები არიან, ჩაცმულებს, ნანგრევებში ერთმანეთზე თავმიდებულებს სძინავთ, ერთი-ორი საათით... ერთმანეთს ცვლიან. მოხალისეებიც ეხმარებიან. რამდენიმე დღის წინ ძაღლიც გადაარჩინეს, რომელიც თავშესაფარში გადაიყვანეს...

სულ 107 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა, ჯერ წინ ძალიან ბევრი სამუშაოა და სამწუხაროდ, რაც დრო გადის, ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი მცირდება. თუ ასეთი სასწაულები არ მოხდა. ამბობენ, რომ ნანგრევებში უკვე გვამების სუნია, სადაც ეტყობა მიცვალებულია, სწორედ ამ სუნს გაყვნენ ისინი და აიდა ცოცხალი იპოვნეს, ამიტომაც იყო ამ გოგონების ცოცხლად პოვნა სასწაულის ტოლფასი. როგორც კი გამოიყვანეს, მაშინვე წვეთოვანი დაუყენეს, რომ ჯანრმთელობის მდგომარეობა არ გართულებოდა.

ნანგრევებში ათეულობით ადამიანია დარჩენილი და ყველას ოჯახის წევრები იქვე, ნანგრევებთან დგანან და ლოცულობენ, რომ სასწაული მოხდეს... ახლახან, 14 წლის ბიჭი გადაარჩინეს. როდესაც დედა ელაპარაკებოდა, მაშინ მოჰყვა მიწისძვრაში და ტელეფონი ხელში შერჩა... ნანგრევებიდან დარეკა 112-ში, აქ ვარ, და ცოცხალი ვარო, ვიდეოც გადაიღო რა ხდებოდა მის გარშემო და გამოგზავნა. ისე იყო ჩაკეტილი ნანგრევებში, რომ მაშველებს იქაურობის გასაწმენდად, ახლოს მისასვლელად, ძალიან მძიმე სამუშაოს ჩატარება დასჭირდათ. მოზარდს ესმოდა მათი ხმა და ერთ-ერთ მაშველს ეხვეწებოდა, არსად წახვიდე, ჩემთან იყავი, არ მიმატოვოო...

- ხომ გამოიყვანეს?

- კი, მხოლოდ ფეხი ჰქონდა დაზიანებული... მოსახლეობა ძალიან უდგას მხარში ერთმანეთს. ეს ქუჩაში დარჩენილი, უსახლკარო ადამიანები სხვებმა შეიფარეს, ცხოველებისთვისაც კი გააკეთეს თავშესაფარი... ჩემი მეუღლე ფოტოგრაფია და თავის მეგობრებთან ერთად, გააკეთეს გამოფენა, ფოტოები გაყიდეს და შემოსული თანხით დაზარალებულებს დაეხმარნენ. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი. მოსახლეობა მაშველებსა და მოხალისეებსაც ეხმარება ყავა-ჩაით, საკვებით. საავადმყოფოებში გადაყვანილებსაც უზიდავენ საკვებს და უამრავ რამეს. ფოტოებიც გვაქვს. განსაცდელმა საზოგადოება გააერთიანა.

სომხეთის ოპოზიციაის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლ, მოღალატე!"

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები