ავტორი:

"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები

"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები

"ღირსების სასამართლო ცინიზმის წინააღმდეგ“ - ასე უწოდებენ, დონბასის მახლობლად ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმეზე, ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. სამგზავრო თვითმფრინავი სარაკეტო-საზენიტო კომპლექს "ბუკ“-იდან 2014 წელს ჩამოაგდეს, შედეგად კი ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. დღემდე, რუსეთის ხელისუფლება თავგამოდებით უარყოფს ამ ტრაგედიაში თავის ბრალეულობას. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, რეისი MH17 პრორუსული შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შემდეგ იარაღი რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდა. გამომძიებლები განმარტავენ, რომ "ბუკი“ დონბასში კურსკის ოლქიდან ჩაიტანეს.

2018 წლის მაისში, ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი MH17-ის ავიაკატასტროფაში.

ნიდერლანდების კანონმდებლობით, მიმდინარე პროცესზე, რომელიც ამა წლის მარტში დაიწყო, 3 ნოემბერს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველად, ოთხი ბრალდებულიდან ერთმა სასამართლოს ჩვენება მისცა. რუსეთის მოქალაქე, ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ოლეგ პულატოვი, საძახისით "გიურზა“ ერთადერთია ბრალდებულებს შორის, ვინც ნიდერლანდების სასამართლოსთან თანამშრომლობას დათანხმდა. ის რუსეთში იმყოფება, მის ინტერესებს ჰოლანდიელი ადვოკატები და რუსი წარმომადგენელი დისტანციურად იცავს. პულატოვმა სწორედ რუსი იურისტის მეშვეობით გარკვეულ კითხვებს გასცა პასუხი, რაც ვიდეოკამერით აღიბეჭდა. სწორედ, ამ ჩანაწერის ჩვენება მოხდა ახლა მოსამართლეებისა და ბრალმდებლების წინაშე. პულატოვმა განაცხადა, რომ MH17-ის საქმეზე ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, ტრაგედიის დღეს იგი დაკავებული იყო ახალი ტექნიკის შემოწმებით, რომელიც უკრაინელმა ბოევიკებმა მიიღეს. ამავე დროს, პულატოვმა დაადასტურა, რომ ოკუპირებული დონბასის თავზე თვითმფრინავის ჩამოგდების დღეს, ბოევიკების საუბრების მოსმენების ჩანაწერებში მისი ხმაც ფიგურირებს. პულატოვი ასევე ამბობს, რომ MH17 საქმეზე ბრალდების გამო, ის სამუშაოს ვეღარ შოულობს, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია და ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ მას მუდმივად შემაწუხებულ კითხვებს უსვამენ.

ნიდერლანდების პროკურატურის მიერ დასახელებული დანარჩენი სამი ბრალდებულია რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. ისინი ასევე იკავებდნენ მაღალ სამხედრო პოსტებს თვითგამოცხადებულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ("ДНР"). გამოძიებას მიაჩნია, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა რუსული სამხედრო ბაზიდან აღმოსავლეთ უკრაინაში "ბუკ“-ის გადატანაში, რომლიდანაც 2014 წლის 17 ივლისს, დონბასის ცაზე , Boeing- ის სამგზავრო თვითმფრინავს MH17 ესროლეს.

ევროპული მედია ამ რეზონანსულ თემას დიდ ყურადღებას უთმობს. მით უფრო, რომ რუსული მედია შტურმი წლებია არ წყდება. ახლახანს, ამ საქმეზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიების მიმართ, რუსეთის მიერ, ძირგამომთხრელი მცდელობების დეტალური ანალიზი გაზეთმა Volkskrant გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში საუბარი იყო ГРУ - ს მიერ 2018 წელს ჩატარებულ ფარულ ოპერაციებზე როტერდამში (სადაც ნიდერლანდების გენერალური პროკურატურის შენობა მდებარეობს) და ასევე მალაიზიაში, საერთაშორისო კომისიის რუსი წევრების მიერ ( რომლებივ ГРУ–ს ყოფილი თანამშრომლები არიან) მალაიზიელი კოლეგების "გადაბირების" მცდელობებს. აგრეთვე ირკვევა, რომ 2015 და 2016 წლებში მოხდა ძარცვები, რომელთა შედეგადაც მოიპარეს ჩანთები, რომელშიც იყო ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ფოტოგრაფის კუთვნილი პროტოკოლები და ფლეშ ბარათები. პუბლიკაციაში, ამას გარდა ნათქვამია, რომ გამომძიებელთა კომპიუტერულ ბაზაზე, ГРУ–სთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის Fancy Bear–ის მიერ თავდასხმები განხორციელდა. გაზეთ Volkskrant-თან ინტერვიუში, ჰოლანდიელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ კრემლის მიერ გამოძიების წინააღმდეგ განხორციელებულმა ამ და სხვა დივერსიამ გამოიწვია ხმაურისა და უნდობლობის ატმოსფერო, გაართულა მუშაობა, მაგრამ ვერ იქონია გავლენა გამოძიების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

"გამომძიებლების უშიშრობა იმედის მომცემია", - ამბობს ამავე გამოცემასთან ინტერვიუში სანდერ ვან ლიაუკი, რომლის ძმაც MH17-ის ტრაგედიას ემსხვერპლა. "რუსეთის ფედერაციას სურს პატივისცემა მიიღოს მთელი მსოფლიოსგან, მაგრამ ექვსი წლის განმავლობაში იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება. ამ კანალიზაციიდან მომდინარე სიცრუის ნაკადი შთამბეჭდავია. შესაძლოა, ღილაკს შეცდომით დააჭირეს. მაგრამ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, არ არის შეცდომით ჩადენილი. ტექნიკის და სამხედრო მომარაგების მიწოდება სეპარატისტებისთვის, მათ შორის თავად "ბუკი“-საც; მტკიცებულებათა და მოწმეების გადამალვა; სიცრუის ნაკადი; ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა ”.-ამბობს ის. გაზეთ Volkskrant-ის ციტირებას "რადიო თავისუფლება“ ახდენს.

დღეს, 298 დაღუპული ადამიანის ოჯახები და სახელმწიფოები ელიან პასუხებს და იმ პასუხისმგებლობის დადგომას, რომელიც შეიძლება დღესვე არა, მაგრამ მაინც მიღწევადია. მანამდე კი, ჰააგაში სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მათ რუსეთის საელჩოს წინ 298 ცარიელი სკამი დადგეს.

ავტორი: ლელა ონიანი

„ტერასა ბაკურიანი“ აპარტამენტებზე 12%-მდე ფასდაკლებას და 30-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას გთავაზობთ

ყველაზე სწრაფი სესხი შენი ბიზნესისათვის!

REDMED-ი COVID19-ის მართვის ონლაინ პროგრამას იწყებს