ავტორი:

"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფორმებს და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის - ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ მიზანს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება [პარტიების] ყიდვას, გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მათი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ აქვს.

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკო - მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება