"ქართული პროზის საგანძურის" მორიგი ტომში ედიშერ ყიფიანის რომანი "ცაში ასროლილი ქუდები" და ორი მოთხრობა: "მთელი შენი სიცოცხლე" და "მეცხრე კარი" შედის. ეს ნაწარმოებები გასული საუკუნის 70-იან წლებს მიეკუთვნება, მოგვიანებით კი "ცაში ასროლილი ქუდები" ახალციხის თეატრში რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა. სამწუხაროდ, იმ დროს რომანის ავტორი უკვე ცოცხალი აღარ იყო, თუმცა მის მეუღლეს, ცირა შოთაძეს სპექტაკლი ძალიან მოსწონებია. ქალბატონ ცირას ვთხოვეთ, მეუღლის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე მოეთხრო. მას შეყვარებულობისდროინდელი წერილები დღემდე შენახული აქვს, თუმცა მასპინძლისთვის მათი ჩვენება არ მითხოვია, მომერიდა, ვფიქრობ, პირადი წერილების შინაარსი მხოლოდ ორ ადამიანს შორის უნდა რჩებოდეს...
- ედიშერი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ძნელაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. სკოლაში ყიფიანის ქუჩაზე დადიოდა. მამა სამხედრო ჰყავდა, ნიკოლოზისდროინდელი ოფიცერი, რომელიც შემდგომში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის გამგე გახლდათ. დედამისს უმაღლესი განათლება არ ჰქონია, მბეჭდავი იყო. ედიშერი მეხუთე კლასში იყო, როცა მამა დაეღუპა. დედამისმა მუშაობა სწორედ იმ დროს დაიწყო და ასე გაზარდა შვილები. ედიშერს და ჰყავს, პროფესიით ექიმ-ლარინგოლოგია.
ედიშერი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. იქ "ჯავშანი" იყო და იქაურ სტუდენტებს ომში არ იწვევდნენ. ბავშვობიდან წერდა, საერთოდ, ძალიან უყვარდა ლიტერატურა და მუსიკა. ლიტერატურის მუზეუმის არქივს გადავეცი ედიშერის წერილები სკოლისდროინდელ მეგობარ შოთა ხანთაძესთან, ის შემდგომში ისტორიკოსი გახდა. იმ წერილებში ედიშერის ფართო ინტერესები კარგად იკვეთება.
- ერთმანეთი როდის გაიცანით?
- 1948 წელს, მაგრამ სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მახსოვს, რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ მომავალი შემხვდა, ყურადღება მივაქციე და მომეწონა. მერე ჩემმა ამხანაგმა ედიშერი ქუჩაში გამაცნო. ჩემს მეგობარს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ნოდარ ცაბაძე უყვარდა და ამის გამო ედიშერსაც კარგად იცნობდა. იმ წელს სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში საბუთებს რომ ვაბარებდი, სხვა ბიჭებთან ერთად ედიშერიც იქ იყო. თუმცა მანამდე პიონერთა სასახლეში გამოსაშვებ საღამოს რომ ვამზადებდით, იქაც მოდიოდა, სკოლის გამოსაშვებ საღამოსაც დაესწრო.
სტუდენტი რომ გავხდი, პირველ კურსზე ქუჩაში შემხვდა და მითხრა, ჩემი ამხანაგი შოთა ხანთაძე ისტორიკოსია, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა აქვს და თუ რამე წიგნი დაგჭირდება, მითხარიო. საგამოცდოდ ერთი წიგნი მართლაც მჭირდებოდა. სახლში მომიტანა, მაგრამ მე ცოტა ვიუკადრისე, შინ როგორ მომიტანა-მეთქი. ბარნოვზე ვცხოვრობდი, ხის აივნიან სახლში და იქვე ველაპარაკე, შინ არ შევიპატიჟე (იღიმის). ამის შემდეგ, სწორედ იმ მეგობართან, რომელმაც ედიშერი გამაცნო, სუფრაზე ვიყავით, გავათენეთ. ედიშერიც იქ იყო და დილით სახლამდე მიმაცილა. ამის შემდეგ დავიწყეთ შეხვედრები. თეატრსა და კინოში მეპატიჟებოდა. მთელი ოთხი წელი, სანამ დავამთავრებდი, როგორც მაშინ ვეძახდით, ერთად "დავდიოდით" (იღიმის).
- ვიცი ეს ტერმინი, მაშინ ასე ეძახდნენ შეყვარებულობის პერიოდს...
- დიახ, ძალიან კარგად მახსენდება ის ოთხი წელი. ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. იმ დღეებში, როცა გამოცდებისთვის ვემზადებოდი, არ მოდიოდა, მაგრამ დანარჩენი დრო სულ ერთად ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვთხოვდი, რომ ჩემთვის ყოველდღე წერილები მოეტანა. უამრავი წერილი მაქვს შენახული. წერილებში ძირითადად სიყვარულის მიხსნიდა (იღიმის).
- წერილების წერას ბატონ ედიშერს კი სთხოვდით, მაგრამ თქვენ თუ სწერდით მას?
- მეც ვწერდი, მაგრამ ჩემი წერილები ისეთი საინტერესო არ იყო და ყველა დავხიე.
- ეს უკვე შეუღლების შემდეგ, ალბათ...
- დიახ. ის, ისევე როგორც მე, არა მხოლოდ ჩემს წერილებს, ყველაფერს ინახავდა. ერთხელ, დილით გაზეთის ფურცელზე ასეთი წერილი დამხვდა: "ცირა, დღეს ქალაქის მერად მირჩევენ, შარვალი დამიუთოე". ესეც შენახული მქონდა.
- ნიშნობა, ქორწინება, ყველაფერი ოფიციალურად მოხდა?
- ნიშნობა არ გვქონია, მამა არ მყავდა, ის 1943 წელს დაიღუპა. ორი ძმა მყავდა და ორივე ომის დროს ფრონტზე იყვნენ. ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდა, გადაასახლეს, ხოლო მეორე კიევში მსახურობდა. თბილისში მხოლოდ მე და დედა ვიყავით. დედა ედიშერს კარგად იცნობდა და მოსწონდა. 1953 წელს უმაღლესს ვამთავრებდი, იანვარში დაბადების დღე მქონდა და ხელი მოვაწერეთ. არც თეთრი კაბა მცმია და არც დიდი სუფრა გვქონია, ეს დღე მოკრძალებულად აღვნიშნეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ცხრამეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად. 42 წლის ვიყავი, როცა ედიშერი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი. უფროსი ვაჟი ლევანი პროფესიით მათემატიკოსია. ახლა ინგლისშია და იქ მუშაობს, ხოლო გოგონა რუსუდანი ფილოლოგია, სამ შვილს ზრდის.
- როგორი იყო თქვენი მეუღლე წერის პროცესში, როგორ მუშაობდა?
- ედიშერს სიწყნარეში მუშაობა უყვარდა და ძირითადად ღამით კითხულობდა და წერდა. ბავშვობაში ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და განმარტოებას ვერ ახერხებდა. თან ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ფილმს, სპექტაკლს, კონცერტს არ ტოვებდა და მთელი დღე სახლიდან გასული იყო. ბავშვობაშიც ღამით მეცადინეობდა, სკოლა ფრიადებზე დაამთავრა, უმაღლესშიც წარჩინებული იყო და შეჩვეული იყო ასეთ განრიგს.
- დაბეჭდვამდე ნაწერებს თუ გაცნობდათ?
- დიახ და მე და დედამისი სულ შენიშვნებს ვაძლევდით. ამას წინათ გადავიკითხე "მაღალი ჭერი" და სხვა მოთხრობები. ძალიან მომეწონა, არადა, მაშინ რატომღაც სულ რაღაცას ვუწუნებდი.
- შენიშვნები სწყინდა?
- არა, არ სწყინდა.
- რთულია გკითხოთ, როგორი მეუღლე იყო...
- ძალიან თბილი და მოსიყვარულე. საშინლად არ უყვარდა ძილი და სტუმრად რომ ვიყავით, იქიდან წამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ედიშერს დაბალი ხმა ჰქონდა და ამის გამო თამადობას გაურბოდა, მან და მისმა მეგობრებმა შესანიშნავი სადღეგრძელოების თქმა იცოდნენ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)