ავტორი:

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

8 ნოემბერს, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დემონსტრაცია ცესკოსთან ღამის 3 საათზე დასრულდა. აქცია თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, მომიტინგეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, არიან დაშავებულებიც. 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებს ambebi.ge-სთან პოლიტოლოგები აფასებენ.

  • "ყველას გვინდა, რომ მოხდეს მორიგება, მაგრამ არ იქნება ეს მორიგება ასე მარტივი"

თორნიკე შარაშენიძე:

- იყო 7, მერე გახდა 8 ნოემბერი. წყლის ჭავლი ყველგან გამოიყენება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მანამდე გაფრთხილება. მეორე - ყველას გვინდა, რომ მოხდეს მორიგება, მაგრამ არ იქნება ეს მორიგება ასე მარტივი იმიტომ, რომ ჯერჯერობით და სამწუხაროდ, არც ერთი მხარე არ ამჟღავნებს დათმობაზე წასვლის სურვილს. ოპოზიციას, დაინახა რა, რომ მას მორალური პასუხისმგებლობა აქვს და ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, უნდა ბოლომდე წავიდეს. ასეთ სიტუაციაში, როცა ხელისუფლებას გამოჰყავს არც თუ ისე სერიოზული ლიდერები, გვარებს არ დავასახელებ, რომლებიც ხალხში გაღიზიანებას იწვევენ, ან საუკეთესო შემთხვევაში, ხალხს მათ დანახვაზე ეცინება, ეს რა თქმა უნდა, არ მუშაობს. ჯობია, ასეთ დროს გამოვიდეს თავად ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იციან, ის წყვეტს ყველაფერს, მეორე - დაინახავენ, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი და არ უშვებს სალაპარაკოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ერთი, არც არაფერს წყვეტენ და მეორეც - რომელთაც ხალხში არანაირი ნდობა აღარ აქვთ. ეს იქნება სიგნალი იმისთვის, რომ "ოცნების” ლიდერი სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებისთვის.

სამწუხაროდ, ადვილი შესაძლებელია ქაოსი მივიღოთ. დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში, ოპოზიციამ თუ დაუმორჩილებლობა გამოიჩინა და ხელისუფლებამ ვერ აღასრულა კანონი, კომანდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები, რეალურად, არის იმის შანსი, რომ დიდი პრობლემებისკენ წავიდეთ - როცა მთავრობა ვერ ასრულებს სიტყვას, ვერ აღასრულებს კანონს, ეს სერიოზული პრობლემაა და ინსტიტუციების ჩამოშლაზე მიუთითებს. ასე რომ, ძალიან ნაჩქარევი იყო კომენდანტის საათის შემოღება, როცა ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში. ოპოზიცია შეეცდება ეს "საჩუქარი” სათავისოდ გამოიყენოს.მოდით, ასე შევხედოთ საკითხს - ვინ არის დღეს ამ ხელისუფლებაში, ვინც იმ ხელისუფლებასთან არ იყო ახლოს? რომ გამოდიან და კივიან, არ თანამშრომლობდნენ წინა ხელისუფლებასთან? ან წინა ხელისუფლებაში ვინ იყო ისეთი, ვინც არ თანამშრომლობდა შევარდნაძესთან? ასე რომ, როცა პოლიტიკურ ქალიშვილობაზე დებენ თავს, როგორც ჩანს, ამ დროს იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ არაფერი გვახსოვს.

საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება, სხვა მხრივ ფულის შოვნა ძნელია. ჩემი აზრით, ამითაა გამოწვეული მთავარი პრობლემები და მეორე - სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა ერთი დასკვნა, რომ თუ გინდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უსამართლოდ ხელი არ გახლონ, უნდა მოახდინო სასამართლო რეფორმა. ამას არავინ აკეთებს, ყველა ცდილობს სასამართლო დაიმონოს და იმას ვერავინ ითვალისწინებს, რომ ისევ თვითონ მოუბრუნდებათ კოლექტიური მურუსიძეები, მერე სხვის ბრძანებას ძალიან მარტივად შეასრულებენ. ამ დასკვნას არავინ აკეთებს და ვერ გამოვდივართ მოჯადოებული წრიდან. გამოსავალი იმაშია, ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს თავის სიჯიუტეს, სიამაყე-პრინციპულობას და დაინახოს, როცა ამდენი ხალხია ქუჩაში გამოსული, ეს პირველ რიგში ხელისუფლებისთვის კარგად არ მთავრდება. ეს დღეები რამენაირად რომც გადააგორონ, უკვალოდ არანაირად ჩაივლის - ადრე თუ გვიან უფრო მძიმედ მოუბრუნდებათ. წესით, დათმობა ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს".

  • "მიშას ერთთავად რევოლუციისაკენ მიჰყავს საქმე და სულ დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ხალხს"

რამაზ საყვარელიძე:

- თავდაპირველად გამიკვირდა და მეგონა, შეცდომა დაუშვეს, როცა წყლის ჭავლი გამოიყენეს, მაგრამ მერე ნელ-ნელა წამოვიდა ვიდეო მასალა, ჯებირის ნგრევის და ქვების სროლის კადრები და ეს სრულიად ადეკვატური იყო. ძალადობა თუ დაუშვა ოპოზიციამ, მერე უკვე ძალადობას საპასუხოდ ძალადობა მოჰყვება. არის მეორე მომენტი - ძალის გამოყენება ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს და ამიტომ ოპოზიციაც ცდილობდა, იძულებული გაეხადა ხელისუფლება ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაჩაგრულს, როგორც წესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ყველაზე უვნებელი დემონსტრაციული ძალა - წყლის ჭავლი გამოიყენა.

ის ჩანაწერები, რაც გავრცელდა, მთლად ყურით მოთრეული არ არის, ანუ დამაჯერებელია იმიტომ, რომ მიშას ერთთავად რევოლუციისაკენ მიჰყავს საქმე და სულ დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია ასეთ მოწოდებებს თუ მიჰყვება და გასაკვირია, რომ მიჰყვება, მაშინ მათთან დაჯდომას და მოლაპარაკებას რა აზრი აქვს? ჯერჯერობით ისე სჩანს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მიშას დღის წესრიგს მიჰყვება და მის თამაშს თამაშობს, რაც ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომაა იმიტომ, რომ ქვეყანა ვარდება ცუდ დღეში. ამ მოჯადოებულ წრეს ახალი ელემენტები აქვს - პანდემია და ეკონომიკა. რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც ქვებს ისვრიან?

"კავკასიური ცარცის წრის” სიტუაციაა - ბავშვს ორივე მხარე რომ ექაჩება და რომელიღაცა გაუშვებს ხელს, მაგრამ ეს ხელის გაშვება რომ ღირსეულად შეაფასოს, ამისთვის აზდაკია საჭირო, ვიღაც შემფასებელი. ამ შემთხვევაში აზდაკის როლში იქნებიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ორივე მხარისთვის დამაჯერებელი იქნება. ასე რომ, ახლა ამ კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ჩვენს პარტნიორებს აქვთ.

ოპოზიციის მოთხოვნებში ლოგიკურობა დარღვეულია. დავუშვათ, გადადგა საარჩევნო კომისია და დადგა ახალი, ეს პარლამენტმა უნდა გააკეთოს. და რომელმა პარლამენტმა? და თუ არ გადადგა და თუ პარლამენტი შეიქმნა, მაშინ მანამდე რჩება ეს კომისიის თავმჯდომარე. ამბობენ, ხელახალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიო. ახალი ადმინისტრაციის შექმნას და იმ ახალ პირობებს ისევ დიალოგი არ სჭირდება? ჟვანიას დანიშვნა, თავისთავად, დიალოგით მოხდა, შეთანხმდნენ მხარეები, არასამთავრობოები და ა.შ საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესი იყო. ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე პროცესი იქნება ამ ფონზე და როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, როცა მორღვეულია პარლამენტი და ვინ უნდა დაამტკიცოს ის ახალი თავმჯდომარე?

"ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე